Accessibility links

შუმერი ბავშვების თანამედროვე პრობლემები


თაობებს შორის უთანხმოება, შვილებით უკმაყოფილო მშობლები - ეს პრობლემები რომ მარადიულია, შუმერების ჩანაწერებიდანაც კარგად ჩანს. თითქმის 3 ათასი წლის წინ მესოპოტამიაში სწორედ იგივე სადარდებელი ჰქონდათ, რაც დღევანდელ მშობლებსა და პედაგოგებს აქვთ. ეს ყველაფერი მოთხრობილია სამუელ კრამერის წიგნში „ისტორია იწყება შუმერიდან“.

როდესაც მესოპოტამიაში გათხრები ჩაატარეს, საცხოვრებელ სახლებთან ერთად რამდენიმე სკოლაც იპოვეს. სკოლები რომ იყო, იქ დახვავებული უამრავი თიხის ფირფიტითა და გამომწვარი აგურისგან გაკეთებული სკამებით მიხვდნენ.

თიხის ფირფიტების ნამსხვრევების შეკოწიწებისა და წაკითხვის შემდეგ მეცნიერებმა შეძლეს აღედგინათ იმ პერიოდის სკოლის ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ საქმე რამდენიმე ათასი წლის წინანდელ რეალობას ეხება, ბევრი რამ ახლაც ისევ ისეა, როგორც შუმერების დროს იყო.

სამუელ კრამერის წიგნში „ისტორია იწყება შუმერიდან“ ავტორი განსაკუთრებით გამოყოფს ერთ ტექსტს, რომელიც თიხის ფირფიტაზეა შესრულებული. ეს ტექსტი ჯერ კიდევ ძველ დროს გახდა პოპულარული იმდენად, რომ სხვადასხვა მუზეუმში მისი 21 ასლი ინახება.

ტექსტის ავტორი რიგითი მასწავლებელია, რომელიც თავის მოსწავლეზე მოგვითხრობს. ფირფიტაზე ვკითხულობთ, თუ როგორ აჩქარებს პატარა შუმერი დედას, საუზმე გაუმზადოს, თუ არადა, დაგვიანებისთვის სკოლაში გაჯოხავენ.

„დილით რომ გავიღვიძე, დედას ვუთხარი: მომე საუზმე, სკოლაში ვარ წასასვლელი. დედამ ორი კვერი მომცა და სახლიდან გამოვედი და სკოლაში წავედი. სკოლაში დამრიგებელმა მკითხა: „რატომ დააგვიანე?“ შეშინებული, გულაკანკალებული წარვდექი მასწავლებლის წინ და მოწიწებით თავი დავხარე“.

იმ დღეს დაგვიანებული მოსწავლე რამდენჯერმე დასაჯეს ჯერ ლაპარაკის გამო, შემდეგ - სიცელქის: გაკვეთილზე სკამიდან ადგა, მერე კი სკოლის გარეთაც გავიდა. კიდევ ერთხელ ჯოხი იმის გამო მოხვდა, რომ მასწავლებელს მისი ხელწერა არ მოეწონა.

აი, ამის შემდეგ ირკვევა, რომ მასწავლებლების საჩუქრებით მოქრთამვა არც შუმერებისთვის ყოფილა უცხო. ნაცემი ბავშვი მამასთან წინადადებით მიდის, მასწავლებელი მოვიწვიოთ და რამე ვაჩუქოთ კიდეც, რომ ცოტა გული მოულბესო. ასეც მოიქცნენ, სტუმრად მისული პედაგოგი ახალი ტანსაცმლით შემოსეს და ბეჭედიც მიართვეს.

შუმერული სკოლა მკაცრი იყო, გაკვეთილები კი მოსაწყენი, რის გამოც სკოლა „რთული ბავშვების“ რაოდენობას არ უჩიოდა. გათხრების შედეგად მოპოვებული ჩანაწერებით ირკვევა, რომ ახალგაზრდები გაკვეთილებსაც აცდენდნენ და სწავლის ნაცვლად აღმა-დაღმა დაყიალობდნენ.

დოკუმენტი, რომელიც 17 თიხის ფირფიტისაგან შედგება, დაახლოებით, 3 700 წლის წინ არის დაწერილი და გადამწერსა და მის „ავარდნილ“ ვაჟს შორის დიალოგს გადმოგვცემს. მამის მონოლოგში ხან საყვედურები ჭარბობს, ხან რჩევები, რომელიც მის შვილს „კაცად დადგომაში“ უნდა დაეხმაროს:

„- სად იყავი?

  • არსად.
  • თუ არსად იყავი, რატომ უსაქმურობ? წადი სკოლაში, დადექი „სკოლის მამის“ წინ, უამბე გაკვეთილი, გახსენი შენი სკოლის ჩანთა, დაწერე შენი ფირფიტა და, დაე, „უფროსმა ძმამ“ ახალი ფირფიტა დაგიწეროს. როცა გაკვეთილს მორჩები და დამრიგებელს ანახვებ, ჩემთან დაბრუნდი, ქუჩაში არ იყიალო. გაიგე, რაც გითხარი?
  • გავიგე და შემიძლია გავიმეორო.
  • მიდი, გაიმეორე.
  • ახლავე გავიმეორებ.
  • მიდი, დაიწყე. აბა, მიდი!“

აქ ბავშვი უშეცდომოდ იმეორებს დარიგებას, მამა კი განაგრძობს:

  • გამიგონე, კაცივით მოიქეცი. ნუ დადგები მოედნებზე და ბაღებში ნუ ივლი. როცა ქუჩაში მიდიხარ, აქეთ-იქით ნუ იყურები. პატივისცემა გქონდეს და კრძალვა შენი დამრიგებლის. დამრიგებელი შენს თვალებში შიშს რომ დაინახავს, შეგიყვარებს...

....ხალხით სავსე მოედნებზე ხეტიალით გინდა წარმატებას მიაღწიო?.. იარე სკოლაში, ეს სიკეთეს მოგიტანს. შვილო, შეხედე წინა თაობას, რჩევა ჰკითხე. ჯიუტო, თვალს არ გაცილებ. კაცი არ ვიქნები, შვილს თუ არ მივხედე. ჩემს საახლობლოს ველაპარაკე, ჩვენს ნათესავებს რომ გადარებ, ერთიც არაა, შენ რომ გგავდეს.

ცხოვრებაში არასდროს იძულებული არ გამიხდიხარ ლერწამი გეზიდა, ლერწმის კონები, რომლებიც ახალგაზრდებსაც დააქვთ და ბავშვებსაც. ცხოვრებაში არასდროს გითრევია ისინი. არასდროს მითქვამს, ჩემს ქარავანს გაჰყევი-მეთქი. არასდროს გამიშვიხარ სამუშაოდ, ჩემი მინდვრები რომ დაგეხნა. არასდროს გამიხდიხარ იძულებული ველზე გემუშავა. ცხოვრებაში არასდროს მითქვამს: წადი, იმუშავე, მომეხმარე-მეთქი...

მონოლოგი გრძელია და ცალმხრივი. მამა არაერთხელ მიმართავს მემკვიდრეს, არ მინდა გაგიბრაზდე, მაგრამ შენი წუწუნით სამარის კარამდე მიმიყვანეო. ლოცავს კიდეც, რომ მასზე ოჯახის ღმერთის, ნანასა, და მისი მეუღლის, ქალღმერთ ნინგალის, მადლი გადმოვიდეს.

მეცნიერებისთვის გაუგებარი დარჩა თიხის ფირფიტებზე დატანილი ტექსტის ერთი ნაწილი. ვარაუდობენ, რომ ეს არის მამის მიერ მოყვანილი ანდაზები და ფრთიანი გამოთქმები, რომლებიც მხოლოდ იმ დროისთვის იყო ადეკვატური და გასაგები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG