Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩაბა ჩონტოში: ორბანს არ სჩვევია თავის განზრახვაზე უარის თქმა


უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ქვეყნის მმართველ „ფიდესის“ პარტიას და მის ლიდერს, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, ხელ-ფეხს უხსნის ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად. მათ შორის არის საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტებმა „შეაჩერე სოროსი“ უწოდეს. თუ რეგულაციები დამტკიცდა, მაშინ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება არა მხოლოდ ფილანთროპ ჯორჯ სოროსის მიერ დაარსებული ინსტიტუტები, არამედ მნიშვნელოვნად შეიზღუდება სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა, ამბობს ჩაბა ჩონტოში, ბუდაპეშტის „ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ ოფიციალური წარმომადგენელი.

​ჩაბა ჩონტოში: თებერვალში პარლამენტში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის შეზღუდვას. კანონპროექტის დამტკიცებას მაისში მოველით. შესაძლოა, კანონპროექტში ცვლილებები შევიდეს: მმართველი პარტიის ლიდერებს ნათქვამი აქვთ, რომ ცვლილებები იქნება! ისინი კიდევ უფრო შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, უფრო მკაცრი იქნება, მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების კრიმინალიზაციას.

კობა ლიკლიკაძე: მაგრამ ევროპაში არიან პარტიები და ევროპარლამენტის წევრები, რომლებიც ორბანს მოუწოდებენ შეცვალოს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისაკენ მიმართული კურსი. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, რომ ორბანმა, რომელსაც თავის დროზე ახლო მეგობრობა აკავშირებდა ჯორჯ სოროსთან, უარი თქვას თავის განზრახვაზე?

ჩაბა ჩონტოში: ორბანი? არასოდეს! მას არ სჩვევია თავის განზრახვაზე უარის თქმა. მაგრამ თუ გავიხსენებთ, როგორ მოქმედებდა ორბანი წარსულში, როგორ თამაშობდა თავის როლს, მაგალითად, ევროპარლამენტსა ან ევროკომისიასთან ურთიერთობაში... ხდებოდა ის, რომ უნგრეთის მმართველი პარტია, აბსოლუტური უმრავლესობის წყალობით, ძალიან სწრაფად იღებდა კანონებს, მაგრამ თუ რომელიმე კანონს ევროკომისია ან ევროპარლამენტი გააკრიტიკებდა, ორბანის პარტიას მასში ცვლილებები შეჰქონდა, თუმცა მოქმედებას ყოველთვის იწყებდა იმით, რომ თავისთვის სასურველ კანონს იღებდა.

კობა ლიკლიკაძე: სოროსის ფენომენზე თუ ვისაუბრებთ, გავიხსენებთ წარსულში სოროსსა და ორბანს შორის ურთიერთობას, რატომ გაუარესდა ის, სად იყო გარდატეხის მომენტი? იქნებ სოროსი უნგრეთის პოლიტიკურ პროცესში ჩაერია, როგორც, მაგალითად, აშშ-ის შემთხვევაში, როცა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე თქვა: ყველა ღონეს ვიხმარ, რათა ტრამპი ხელისუფლებას ჩამოშორდესო?

ჩაბა ჩონტოში: უნგრეთში სოროსი, პრაქტიკულად, არასოდეს ჩარეულა პარტიულ პოლიტიკაში. ეს არის წითელი ხაზი: არასოდეს ვლახავთ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობისა და მასთან დაკავშირებული საჯარო პოლიტიკის საზღვრებს. ვაკრიტიკებთ, თუ გასაკრიტიკებლად მიგვაჩნია, გარკვეულ კანონებს, საკანონმდებლო ცვლილებებს, მაგრამ არასოდეს ვერევით პარტიულ პოლიტიკაში. რაც შეეხება ჯორჯ სოროსისა და ვიქტორ ორბანის პირად ურთიერთობებს, დიახ, ჯორჯ სოროსი არის ადამიანი, რომელიც თავის დროზე ეხმარებოდა „ფიდესს“, ვიქტორ ორბანის პარტიას - მაშინ სტუდენტებისა და ახალგაზრდა ექსპერტების მოძრაობას. ეხმარებოდა იმით, რომ აძლევდა სტიპენდიებს, ასაჩუქრებდა ოფისის აღჭურვილობით, აფინანსებდა მათ საქმიანობას. და როცა ახალგაზრდების ეს მოძრაობა პარტია გახდა და არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა, სოროსმა არსებითად შეწყვიტა მისი პირდაპირი მხარდაჭერა.

კობა ლიკლიკაძე: ცენტრალური ევროპის ბევრ ქვეყანაში ხალხი შეშფოთებულია არალეგალური იმიგრაციით და ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც უთანხმოებას იწვევს ორბანის მთავრობასა და ჯორჯ სოროსს შორის. რატომ გგონიათ, რომ ამ საკითხში ორბანსა და მის მომხრეებს სწორი პოზიცია არა აქვთ?

ჩაბა ჩონტოში: იმიტომ, რომ ისინი ტყუილს ამბობდნენ - იტყუებოდნენ, როცა სოროსის საწინააღმდეგო კამპანია ააგორეს და იტყუებოდნენ, როცა ამბობდნენ, რომ სოროსი აპირებს უნგრეთში დაასახლოს მიგრანტები, ან უნგრეთში ჩამოიყვანოს მიგრანტები. „ღია საზოგადოების“ ფონდები დაკავებული ვართ იმით, რომ გრანტებს ვაძლევთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც იურიდიულ, სამედიცინო, ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ ან, უბრალოდ, საკვებით ამარაგებენ და, ასე ვთქვათ, ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს უქმნიან ქვეყანაში უკვე ჩამოსულ ლტოლვილებსა და თავშესაფრის მაძიებლებს. ასე რომ, არალეგალური იმიგრაცია არაფერ შუაშია! წელს უნგრეთში 400-მა - და არა მილიონობით - ადამიანმა, 400-მა ითხოვა თავშესაფარი და მათგან 200-ზე მეტს მიანიჭეს თავშესაფარი ან ლტოლვილის სტატუსი.

კობა ლიკლიკაძე: “ღია საზოგადოებას“ ასეთივე პრობლემები აქვს ევროპის სხვა ქვეყნებში, თუ უნგრეთის შემთხვევა გამონაკლისია?

ჩაბა ჩონტოში: გამონაკლისი არ არის, მაგრამ უკიდურესი შემთხვევაა. უნგრეთის შემთხვევაში არის უკიდურესი შეზღუდვები, რომლებიც ახდენს სტიგმატიზაციას და, მეტიც, კრიმინალიზაციას შესაბამისი სამართლებრივი გარემოს შექმნით. ასეთი რამ სხვაგან არსად არის ევროპაში, თუმცა თავისუფალი სივრცე ბევრ ქვეყანაში იზღუდება - ევროპაშიც კი. მიზეზია, ნაწილობრივ, მიგრაციის კრიზისი. მაგრამ, ჩვეულებრივ, ჯანსაღ გარემოში არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოების შემადგენელი ნაწილია, ისინი კრიტიკულად აფასებენ მთავრობასა და პოლიტიკურ ელიტას, ზოგჯერ აკრიტიკებენ კანონებსა და პოლიტიკურ კურსს, მაგრამ მონაწილეობენ პოლიტიკურ დისკუსიაში, საჯარო, ღია დიალოგში.

კობა ლიკლიკაძე: არსებობს ერთი დიდი ქვეყანა - არა ევროკავშირში ... რუსეთის ფედერაცია. იქაც დიდი პრობლემებია მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, გამოხატვის თავისუფლების კუთხით, ხოლო ვიქტორ ორბანსა და ვლადიმირ პუტინს მშვენიერი ურთიერთობა აქვთ. ევროპის მედიაში არცთუ იშვიათად აღნიშნავენ ხოლმე, რომ ჯორჯ სოროსის შესახებ უნგრეთსა და რუსეთში გაკეთებული განცხადებები ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

ჩაბა ჩონტოში: ჩვენც ვხედავთ ერთნაირ სქემას. რაც ადრე მოხდა რუსეთში, ეს ახლა უნგრეთში ხდება და, შესაძლოა, საქმე მივიდეს „ღია საზოგადოების“ აკრძალვამდეც (როგორც ეს 2015 წელს რუსეთში იყო). ეს ჩვენ არ ვიცით, მაგრამ აშკარად ჩანს ის, რომ ვიქტორ ორბანი და ვლადიმირ პუტინი ზოგჯერ ახლო მოკავშირეებივით მოქმედებენ, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი ნატოსა და ევროკავშირის წევრია! ბუდაპეშტსა და მოსკოვს აქვთ ერთობლივი ბიზნესპროექტები - მაგალითად, პეჩში ატომური ელექტროსადგურის მშენებელობა. თუმცა ეს ურთიერთობა სიახლე არ არის - ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყო მეგობრული ურთიერთობა უნგრეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG