Accessibility links

„ჩათლახბარათი“ - შსს-მ გამოძიება დაიწყო


შსს-მ გამოძიება დაიწყო ტრეფიკინგის ფაქტზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. სამინისტროს ცნობით, უწყების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვის მიზნით დაბარებულია ე.წ. "მასაჟის ცენტრის" მფლობელები და თანამშრომლები.

თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირზე, ელექტრონულ ბილბორდზე, რამდენიმე დღეა ტრიალებს რეკლამა სახელწოდებით „ჩათლახბარათი“. ბილბორდზე ამ გზავნილის გარდა გამოსახულია ოქროსფრად შეღებილი ქალი პროფილით. ანალოგიური შინაარსის სტატიკური ბილბორდი დგას ბათუმის ცენტრშიც.

რეკლამა ეკუთვნის ერთ-ერთ კომპანიას, რომელიც მომხმარებელს კლასიკურ და ეროტიკულ მასაჟს სთავაზობს და ფეისბუქის გვერდზე იმასაც მიუთითებს, რომ მათთან ასაკობრივი შეზღუდვა არ მოქმედებს.

ეროტიკული მასაჟის ფეისბუქის გვერდი მომხმარებელს ღიად სთავაზობს მომსახურებას ქალების ფოტოებთან ერთად, რომლებსაც თან ახლავს სექსუალური ხასიათის, ე.წ. „მახვილგონივრული ხუმრობები“.

რადიო თავისუფლებას დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურში უთხრეს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ფლობს აღნიშნულ ბილბორდს, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ის კერძო საკუთრებაა, არ აქვთ უფლება გაამჟღავნონ მათი ვინაობა.

მერიის ქონების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, სარეკლამო კონსტრუქციებზე ნებართვა მერიისგან გადაცემული აქვს ორ სარეკლამო კომპანიას. კომპანია „ალმას“ და კომპანია „outdoor.ge“-ს.

რადიო თავისუფლება ორივე კომპანიას დაუკავშირდა, თუმცა, ფირმებში აცხადებენ, რომ მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ბილბორდი, სადაც „ჩათლახბარათის“ რეკლამა ტრიალებს, მათ არ ეკუთვნით.

თამარ დეკანოსიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის იურისტი ამბობს, რომ კომპანიის ფეისბუქის გვერდი და ქალაქების ქუჩებში გამოფენილი რეკლამები, ერთმნიშვნელოვნად იძლევა გამოძიების დაწყების საფუძველს. მისი თქმით, სავარაუდოდ, დარღვეულია, როგორც სისხლის სამართლის კოდექსი, ისე ანტიდისკრიმინაციული კანონი და კანონი რეკლამის შესახებ:

„გარდა იმისა, რომ ეს არის სექსისტური, მიზოგინური და დამაკნინებელი გზავნილი ქალებისთვის, ის სცდება მხოლოდ ფემინისტურ ჭრილს და იძლევა საფუძველს, რომ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება დაიწყოს ანტიდისკრიმინაციული კანონისა და სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. არსებული სურათი აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა იკვეთებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. პროსტიტუციისათვის ადგილის დათმობა და ასევე სხვა ადამიანის პროსტოტუციაში ჩაბმა დასჯადი ქმედებაა. ეს მოცემულობა კი იძლევა იმის თქმის მიზეზს, რომ შესაძლოა, სწორედ ამგვარ ქმედებასთან გვქონდეს საქმე“.

თამარ დეკანოსიძის თქმით, ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ მსგავსი მომსახურების მიღება შესაძლებელია ბათუმშიც, სადაც მისი თქმით, არაერთი შემთხვევა გამოვლინდა ქალების ტრეფიკინგისა და პროსტიტუციაში იძულებით ჩაბმისა:

„ბათუმში, ბევრი შემთხვევაა, როცა ცენტრალური აზიიდან მოჰყავთ ქალები და რთავენ პროსტიტუციაში და სამწუხაროდ, ეს ქმედებები დღემდე დარჩენილია სამართლებრივი რეაგირების გარეშე“.

რეკლამის ავტორი და რეკლამის განმთავსებელი ასევე არღვევს კანონს „რეკლამის შესახებ“. კანონში მითითებულია, რომ იკრძალება რეკლამა, რომელიც შეიცავს ღირსებისა და რეპუტაციის შემლახავ გამოთქმებს, ახდენს იმ ადამიანების დისკრედიტირებას, რომლებიც არ სარგებლობენ რეკლამირებადი საქონლით. ამავე კანონის თანახმად, აკრძალულია სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეკლამა.

თბილისის მერიის პრეს-სამსახურის განმარტებით, თბილისის მერია არ არის პასუხისმგებელი რეკლამის შინაარსზე და ის ნებართვას გასცემს მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო კონსტრუქციაზე: „რეკლამის გავრცელების წესი რეგულირდება საქართველოს კანონით რეკლამის შესახებ. რეკლამის გავრცელების წესის, ანუ რეკლამის განთავსების წესის დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია მოქმედებს კანონის შესაბამისად. დამრღვევის მიმართ ტარდება კონკრეტული ზომები და ეკისრება სანქციები. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, მერია არ აკონტროლებს რეკლამის შინაარსს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG