Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩატარდება თუ არა ექსპერტიზა ბრალდებული დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ?


მოითხოვს თუ არა სექსუალურ ძალადობაში დაზარალებულად ცნობილი ქალის ადვოკატი ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ექსპერტიზას, ამის შესახებ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადვოკატი თამარ ლუკავა სრულად გაეცნობა ილია ჯიშკარიანის სამედიცინო დოკუმენტაციას. დოკუმენტაცია მან 11 ოქტომბერს, დილით, გენერალური პროკურატურისგან ოფიციალურად გამოითხოვა, თუმცა, პასუხი პროკურატურისგან ამ დრომდე არ არის.

როგორც ადვოკატი რადიო თავისუფლებას ეუბნება, დაზარალებულ მხარეს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული საკრებულოს დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია განზრახ მძიმდება:

„ჩვენ დღეს ჩაგვბარდა მხოლოდ და მხოლოდ ილია ჯიშკარიანის ე.წ. ფორმა 100, რის ანალიზსაც ცხადია, მე ვერ გავაკეთებ. თუმცა, ჩვენ ვითხოვთ სრულ დოკუმენტაციას, მისი საავადმყოფოში შეყვანის მომენტიდან, დღემდე. იმისათვის, რომ გამოძიებისაგან მოვითხოვოთ დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნა ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ჩვენ გვჭირდება, რომ სრულად გავეცნოთ ამ დოკუმენტაციას“.

ილია ჯიშკარიანი, საკრებულოს დეპუტატი მეშვიდე დღეა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ მკურნალობს. კლინიკის ექიმი გიორგი კორძახია ამბობს, რომ მას აღენიშნება კორონალური სინდრომის გამწვავება, რის გამოც პაციენტი მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში კვლავ კლინიკაში დარჩება:

„ჩვენ დაგვჭირდა ახალი მედიკამენტის დამატება და ეს განაპირობებს გახანგრძლივებულ ჰოსპიტალიზაციას. ნიტროგლიცერინი და ნიტრატები დაემატა მკურნალობაში“.

ექიმის თქმით, კლინიკა სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დოკუმენტაცია პაციენტ ილია ჯიშკარიანის ავადობაზე სრულად არის ნაწარმოები.

როგორც კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუმარტეს რადიო თავისუფლებას, ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაცია გადაცემულია გამოძიებისათვის და თუკი გამოძიება საჭიროდ ჩათვლის დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას, კლინიკა არც ამაში ხედავს პრობლემას.

საკრებულოს ორგზის მოწვევის დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სხდომა საკრებულოს დეპუტატისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ 11 ოქტომბერს სწორედ „ნიუ ჰოსპიტალში“ ჩატარებულიყო.

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი კლინიკაში დღის პირველი საათისათვის მივიდა. დაახლოებით ერთსაათიანი სხდომის შემდეგ, რომელიც კლინიკის ერთ-ერთ პალატაში გაიმართა, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ილია ჯიშკარიანისათვის 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ. გარდა ამისა, ილია ჯიშკარიანს აეკრძალა მსხვერპლთან, თამთა თოდაძესთან მიახლოება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და საქმეზე დაკითხულ მოწმეებთან კომუნიკაცია სპეციალური ნებართვის გარეშე.

დაზარალებულის ადვოკატი თამარ ლუკავა ამბობს, რომ ეჭვი, ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის განზრახ გართულების თაობაზე, მას სასამართლო სხდომის მსვლელობისასაც გაუმყარდა, რადგან მისი თქმით, მთელი სხდომის განმავლობაში, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, ილია ჯიშკარიანი ფეხზე იდგა.

მარიამ კუბლაშვილი, სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლომ მართებული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც დათანხმდა სხდომის კლინიკაში ჩატარების რეკომენდაციას. მისი თქმით, ილია ჯიშკარიანს ამ გზით საშუალება მიეცა თავი აერიდებინა დამატებითი სტრესისთვის, რაც გამოიწვევდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას:

„ილია ჯიშკარიანი რამდენიმე წელია ამ კლინიკის პაციენტია. მას სამი ინფარქტი აქვს გადატანილი. დიახ, ის დღევანდელ სხდომაზე ფეხზე იდგა, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდა კლინიკის დატოვების საშუალებას“.

დაზარალებული თამთა თოდაძე კლინიკაში გამართულ სასამართლო სხდომას არ დასწრებია. მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა, რომ იმედგაცრუებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით:

"იმის ნაცვლად, რომ პროკურატურა დაზარალებულის ინტერესებს იცავდეს, ის ბრალდებულის ინტერესების დამცველი გამოდის. პროკურატურას შეეძლო, რომ უფრო სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონოდა ჩემს საქმესთან დაკავშირებით იქიდან გამომდინარე, რომ საქმე არის ძალიან მყარი, საქმეში არის ძალიან ბევრი ნივთმტკიცება, რომელიც ადასტურებს ილია ჯიშკარიანის ბრალს“.

საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი ბრალს არ აღიარებს. პირველ საჯარო კომენტარს სექსუალური ძალადობის საქმის შესახებ ის 11 ოქტომბერს, საღამოს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გააკეთებს.

რაც შეეხება წინასასამართლო სხდომას, ის თბილისის საქალაქო სასამართლოში, 18 ნოემბერს გაიმართება.

თბილისის საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს, თანაშემწე, თამთა თოდაძე, სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო 8 ოქტომბერს, 8-დღიანი ლოდინის შემდეგ. რვა დღის თავზე წარუდგინეს ბრალი ილია ჯიშკარიანსაც.

სისხლის სამართლის საქმე თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიმართ ორი მუხლითაა აღძრული: 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG