Accessibility links

ჩემი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა


დაახლოებით ათი თუ მეტი წლის წინ, მაშინდელი კულტურის მინისტრთან რადიო თავისუფლებისთვის ინტერვიუ ჩავწერე და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრად წარდგენის იდეის შესახებაც მაშინ გავიგე. ახლა 2018 წლის თბილი ოქტომბერია და ფრანკფურტში ვარ იმ 72 მწერალთან ერთად, ვინც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც სამოცდამეათედ ტარდება, საქართველო უნდა წარადგინოს. დღეს იდეა - რეალობაა. მე კი, როგორც ერთ-ერთი ქართველი ავტორი, ამ რეალობის ნაწილი. ეს მხოლოდ მწერლების ზეიმი არ არის. საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი გაცილებით დიდ რამეს ნიშნავს - ფრანკფურტი მოცულია საქართველოთი.

როგორ ვთქვა, რომ სასიამოვნო არ არის?

...

გამიმართლა - თვითმფრინავში, გზად ბერლინისკენ (რადგან პირველი პოეტური კითხვა სწორედ იქ გვქონდა), ბესიკ ხარანაულის გვერდით აღმოვჩნდი. ბესიკი მართლა ლეგენდაა. სულ მინდოდა ბესიკი გამოვსულიყავი. ხოდა, აი, ასე, მე და ის ვისხედით გვერდიგვერდ და მივდიოდით ლექსების წასაკითხად. უკეთესი დასაწყისი არსებობს? ხარანაულის ხუთი პოემა ითარგმნა გერმანულად. წიგნს ერთ-ერთის სახელი - „მიკარნახე ანგელინა“ ჰქვია. საქართველოს პავილიონში, იქ სადაც ემოციების ჰაბია, ერთი შთამბეჭდავი ინსტალაციაა - დიდ ეკრანზე ბესიკის სახე მოჩანს - შენელებული ვიდეოკადრია - სიგარეტს ეწევა. თუ ვინმე მკითხავს, ერთი კადრი მითხარი, რაც ფრანკფურტიდან გაგახსენდებაო, ამ კადრს გავიხსენებ.

...

ბერლინის პოეზიის სახლის სცენაზე დაახლოებით სამი საათი განმავლობაში ვკითხულობდით - ბესიკ ხარანაული, დიანა ანფიმიადი და მე. წინა დღით - პაატა შამუგიას, ზაზა კოშკაძის და ბელა ჩეკურიშვილის საღამო იყო. ბევრი ხალხი მოვიდა და ბოლომდე არავინ წასულა. საქართველოში ასე ერთგულად და ბოლომდე იშვიათად გისმენენ. არც ტელეფონებს ჩასჩერებოდნენ.

...

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა. 9 ოქტომბერი. გაიხსნა. იყო ბევრი გამოსვლა. გრძელი სიტყვები. საზღვრებზე, ადამიანის უფლებებზე, ევროპაზე, ევროპელობაზე, წიგნებზე ლაპარაკი. მერე აკა მორჩილაძის გამოსვლა იყო. მე მგონი, ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო - არაჰალსტუხიანი და არამოსაბეზრებელი - თავისუფალი და ნაღდი: „დღეს აქ არის ქართული ლიტერატურა, რომელიც, როგორც იცით, ძალიან ძველია, მრავალი საუკუნის. ჩვენ ვამბობთ - 1500 წლის, ვიღაც მეცნიერები ამბობენ, 2000-ის, 2500-ის... ჩვენ ამ საუკუნეებში ასე ვოპერირებთ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეს საუკუნეები არ არის პატარა დრო იმისთვის, რომ იმსჯელო რა არის ღირებული და არა. როგორც ყველა ლიტერატურა, ქართული ლიტერატურაც ადამიანების გარშემო ტრიალებს“, - თქვა აკამ.

აკას ნინო ხარატიშვილის სიტყვა მოჰყვა - ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მავთულხლართებზე, იდენტობაზე. მერე ყველანი საქართველოს პავილიონში წავედით - რაღაცნაირი კამერული სივრცეა, ოდნავ დაბინდული, ქართული ანბანის ასოები დარბაზშია გაბნეული, ორი სცენაა - დიდი და პატარა. და დაიწყო, დაიწყო რაღაც დიდი ქართული ამბავი - ერთ სცენაზე რომ გურამ დოჩანაშვილი ზის, მეორეზე ბესიკ ხარანაული, მესამეზე ზვიად რატიანი, ლევან ბერძენიშვილი, ანა კორძაია, დიანა ანფიმიადი, დათო გაბუნია, თამთა მელაშვილი, შოთა იათაშვილი, ბესო ხვედელიძე... ყველანი აქ ვართ და ერთმანეთს ვენაცვლებით. იმდენი განსხვავებული ხმა და ხასიათია ერთად თავმოყრილი.

...

ქართული წიგნის თარგმანების სტენდი ცალკე სანახაობაა. ამდენი წიგნი სხვა და სხვა ენაზე! სუბიექტურად ჯერ იმ ანთოლოგიების ძებნა დავიწყე, სადაც ჩემი ლექსები მოხვდა, ექვსი დავთვალე - გერმანულად, ინგლისურად, რუსულად, შვედურად... წიგნის ცენტრმა მართლა ძალიან ბევრი იმუშავა, მარტო ამდენი მწერლის ღონისძიების დაგეგმვა რა ძალად და ენერგიად დაუჯდებოდათ, წარმომიდგენია. მაგრამ ამ წიგნებს რომ ვუყურებ, ღირდა - ვინ იცის, რომელ წიგნს ვინ აიღებს ხელში და იქ თავის ამბავს იპოვის. და მერე ხომ შეიძლება, ეს ამბავიც გაგრძელდეს?

.....

როგორ მიდის? როგორ ჩაიარა? შენი გამოსვლა როდისაა? ვეკითხებით ერთმანეთს. ქართველი მწერლები, ლიტერატურის კრიტიკოსები თუ ლიტერატურათმცოდნეები სცენაზე ავდივართ და ჩამოვდივართ. როგორც წესი, ნახევარ-ნახევარი საათი გვაქვს - ვკითხულობთ, გვეკითხებიან, ვპასუხობთ. რაზე ვწერთ, რა გვაწუხებს. ოკუპაციას ვახსენებთ, პოეტების არაპოეტურ ცხოვრებაზე ვლაპარაკობთ, ქართული ლიტერატურის არსზე, ისტორიაზე, „ვეფხისტყაოსანზე“, ვაჟა ფშაველაზე - წარმოიდგინეთ, სამასზე მეტი ღონისძიება დაიგეგმა. ჩემი და ჩემი მეგობარი პოეტების ლექსები რამდენიმე გერმანულენობან ანთოლოგიაში მოხვდა. ერთ-ერთი ღონისძიება წიგნის მაღაზიაში გვქონდა - ავტოგრაფები დავტოვეთ წიგნებზე, ასე გაიყიდება.

...

მთავარი სცენა ყველაზე მღელვარეა. პროჟექტორები, ეკრანები. გული უფრო ძლიერად გიცემს, ვიდრე სხვაგან, გგონია, რომ ყველა კამერა შენ გიყურებს, ლაივშიც გადასცემენ. დიდი მნიშვნელობა აქვს, რას იტყვი - ასე მგონია. უფრო გამოცდილ მწერლებს და ორატორებს თავი მეტად თავისუფლად უჭირავთ, ზოგი მეტად ნერვიულობს, ზოგი ნაკლებად. აი, ჩემი და პაატა შამუგიას ნახევარი საათის დროც მოვიდა.

პაატამ ამ დიდი სცენიდან ზვიად რატიანის ცემის ამბავი მოყვა. მეორე სცენიდან მესმოდა, რომ ვიღაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლაპარაკობდა. მეც გავიხსენე ერთი ძველი ამბავი, როცა ჩემი ლექსი “აქ ნუ დადგებით’ წავიკითხე, რომელიც იმ დევნილებზეა, რომლებსაც პოლიცია აქციების ჩატარების უფლებას არ აძლევდა და ყველა ადგილიდან აგდებდა. არ ვიცი, რას შეცვლის ჩვენი სიტყვები, მაგრამ რომ უნდა გვეთქვა, ამაში ეჭვი არ მეპარება.

...

„ლურჯი სავარძელი“ - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმაა, უამრავი ხალხი უყურებს იქ მისულ მწერალს. ჩვენებიდან ეს სავარძელი წელს ლაშა ბუღაძემ, ნინო ხარატიშვილმა, ნანა ექვთიმიშვილმა და აკა მორჩილაძემ დაიკავეს. ნინო ხატარიშვილს აქ ყველა იცნობს და ყველა ახსენებს. წიგნის მაღაზიაში გვითხრეს, რომ პრესა აჭრელებულია საქართველოს შესახებ ამბებით - ბევრი იწერება ქართულ ლიტერატურაზე.

...

წინ კიდევ რამდენიმე დღეა. ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოება, რომელიც ფრანკფურტის მერიის ისტორიულ შენობაში უნდა გაიმართოს. ალბათ, ვინც წელს გაიმარჯვებს, მას ეს ჯილდო განსაკუთრებულად დაამახსოვრდება. ისევე როგორც ფრანკფურტის წლევანდელი წიგნის ბაზრობა. მე კი მეფიქრება, რა იქნება მერე, როცა ეს დღეები ჩამთავრდება? ამით მორჩება თუ კიდევ გავგრძელდებით და უფრო მეტ ქართველ მწერალს გაეხსნება გზა უფრო დიდი ლიტერატურული სივრცეებისენ? კარგი იქნებოდა არა?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG