უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოში ჩეჩნური კინოს ჩვენებები იმართება. ფესტივალის კურატორის გიორგი ქურდევანიძის თქმით, თბილისში სეანსების დასრულების შემდეგ მაყურებელი ხშირად დარბაზს არ ტოვებდა და ნანახს განიხილავდა.
ფესტივალის პროგრამაში შესული სამივე ფილმი ფორმითა და ჟანრით განსხვავებულია, თუმცა მათ აერთიანებთ თემები: მეხსიერება, ომის გამოცდილება, მიგრაცია და საკუთარი ადგილის ძიება. ამ ფილმებში პირადი ისტორიების მაგალითზე ნაჩვენებია თუ როგორ ხედავენ ახალგაზრდა ავტორები საკუთარ წარსულსა და აწმყოს.
ფესტივალის მხარდამჭერია საგანმანათლებლო ცენტრი Roddy Scott Foundation, რომელიც ბრიტანელი სამხედრო ჟურნალისტის, როდი სკოტის ხსოვნის პატივსაცემად შეიქმნა. სკოტი რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომს აშუქებდა და პანკისის ხეობაშიც არაერთხელ ჩავიდა.
მალიკა მუსაევას სადებიუტო ფილმი „გალია ჩიტს ეძებს“ პირველად ბერლინის კინოფესტივალის Encounters საკონკურსო პროგრამაში იყო ნაჩვენები. ეს იყო პირველი ჩეჩნურენოვანი ფილმი, რომელიც ასეთი დონის ფესტივალზე წარადგინეს.
მუსაევა რეჟისორ ალექსანდრ სოკუროვის (ყაბარდო-ბალყარეთის სახელოსნო) აღზრდილია. მისი ფილმის მთავარი გმირი, უფროსკლასელი იახაა, ერთი მხრივ სახლს მიჯაჭვული მოზარდი, მეორე მხრივ კი პირველი პლატონური სიყვარულით შთაგონებული გოგონა, რომელსაც უნდა ჩეჩნური სოფლიდან გადაიკარგოს და სხვა ცხოვრებაში შედგას ფეხი.
ფილმში მთავარი როლები პროფესიონალი მსახიობების ნაცვლად ადგილობრივი კულტურის სახლში შერჩეულმა გოგონებმა შეასრულეს. კრიტიკოსებისა და მაყურებლების შეფასებით, მიუხედავად გამოუცდელობისა, მათი თამაში საოცრად გულწრფელი, ცოცხალი და ემოციურად ზუსტი იყო.
ფილმი ასევე ეხება რუსეთ-ჩეჩნეთის მეორე ომის მსხვერპლებსა და გლოვის თემას.
მალიკა მუსაევა გროზნოში დაიბადა. ომის დროს მისი ოჯახი იძულებული გახდა ინგუშეთში, შემდეგ კი უკრაინაში გახიზნულიყო. ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და ჰამბურგის მედიის სკოლაში სარეჟისორო ხელოვნებას ეუფლება. მისი მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრები უკვე არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობდა.
რეჟისორი დენი უმარ პიცაევი, ჩეჩნეთში დაიბადა და ბელგიაში გაიზარდა. მისი დოკუმენტური ფილმი „იმაგო“ 2025 წელს კანის კინოფესტივალზე, პროგრამა „კრიტიკის კვირეულის“ ფარგლებში აჩვენეს, სადაც ჟიურის პრიზი დაიმსახურა.
„იმაგო“ დოკუმენტური ფილმია. რეჟისორის პირადი ისტორია გეხმარება გაიშალოს თემები მეხსიერების, თაობებს შორის კავშირისა და იდენტობის შესახებ. ფილმი პიცაევის საქართველოში დაბრუნების ამბავს მოგვითხრობს, მას პანკისის ხეობაში დედამ მიწის ნაკვეთი დაუტოვა. მთავარი გმირისთვის ეს მიწა შესაძლო „დაბრუნებისა“ და ახალი ცხოვრების დაწყების სიმბოლოდ იქცევა. ის თითქმის 40 წლისაა. ფიქრობს სახლზე, ოჯახზე, დაბინავებაზე. მაგრამ, როდესაც იმ ადგილას აღმოჩნდება, სადაც არასდროს უცხოვრია, ოჯახურ კონფლიქტებთან ერთად არაერთგვაროვან ემოციებსაც აწყდება, რაც მას საკუთარი იდენტობის გადააზრებისკენ უბიძგებს.
პიცაევმა პოლიტიკური მეცნიერებები პარიზში შეისწავლა, სარეჟისორო განათლება ბრიუსელის INSAS-ში მიიღო, ხოლო მაგისტრის ხარისხი LUCA School of Arts-ში დაიცვა. მონაწილეობდა Locarno Filmmakers Academy-ისა და IDFAcademy-ის პროგრამებში. მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმები „მოთამაშე გოგონა“ (2016) და „დენის ძიებაში“ (2017) საერთაშორისო ფესტივალებზე, მათ შორის Visions du Réel-ზე, MoMA Doc Fortnight-სა და DokumentART-ზე იყო წარდგენილი. „იმაგო“ მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია.
პროგრამაში ასევე მონაწილეობდა წარმოშობით ჩეჩენი ბელგიელი დოკუმენტალისტი - ზაურ კურაზოვი. ომს რომ გაჰქცეოდა, მისი ოჯახი ჩეჩნეთიდან ევროპაში გადავიდა. მაშინ ზაური მხოლოდ ხუთი წლის იყო. კურაზოვმა აუდიოვიზუალური ხელოვნება გენტის სამეფო სახვითი ხელოვნების აკადემიაში შეისწავლა. თავის ნამუშევრებში იგი მეხსიერების, იდენტობის, მიგრაციისა და ჰუმანიტარული კრიზისების თემებს იკვლევს.
თავისი სადებიუტო ნამუშევარი „Хан ю“ (ჩეჩნურად: „დრო არის“) ჩეჩნეთში გადაიღო. სიუჟეტი ორ ქალზეა, რომლებიც სოფელში ცხოვრობენ და მრავალი წლის წინ, სავარაუდოდ ომის დროს, წასული ნათესავის დაბრუნებას ელიან. მათი ცხოვრება მშვიდ უდროობაში მიედინება, ამ დღეებს მხოლოდ მოლოდინი ავსებს. ფილმი მონაწილეობდა „არტდოკფესტისა“ და ჩეხური ფესტივალის Ji.hlava-ს საკონკურსო პროგრამებში.
ამ ფილმებს საერთაშორისო პლატფორმებზე აღიარებენ, თუმცა თავად ჩეჩნეთში მათზე მაყურებელს ხელი არ მიუწვდება. ფესტივალის კურატორი გიორგი ქურდევანიძე დარწმუნებულია, რომ ასე მუდმივად ვერ გაგრძელდება და ერთხელაც მათ ნახვას ავტორების სამშობლოშიც შეძლებენ.
სოციოლოგი ჩეჩნეთიდან, რომელიც ანონიმურად საუბრობს, ამბობს, რომ დღეს ასეთი ფილმები ჩეჩნეთში ვერ გავრცელდება.
„ისტორიები ქალების დამოუკიდებლობაზე, წასვლის სურვილზე, ჩვეული გარემოს საზღვრების გადალახვაზე - ესეც მგრძნობიარე თემებია, რადგან ისინი დამკვიდრებულ სოციალურ ნორმებს ეხება. შედეგად, მსგავსი კინო უფრო საფესტივალო და გარე აუდიტორიაზეა ორიენტირებული, ვიდრე რეგიონის შიდა მაყურებელზე“, – აღნიშნავს ის.
სოციოლოგის თქმით, ჩეჩნეთში ხშირად იზღუდება ისტორიულ მეხსიერებასთან დაკავშირებული თემებიც. ამ ფონზე, ჩეჩნეთზე, ომზე და ადამიანების ცხოვრებაზე გადაღებული თანამედროვე ფილმების ჩვენებაც შეიძლება პრობლემა გახდეს.
მაგალითად, სოციოლოგმა მოიყვანა რეჟისორ ჰუსეინ ერკენოვის ფილმი „ნაბრძანებია, დაივიწყოთ“, რომელიც 2014 წელს სტუდია „გროზნი-ფილმში“ გადაიღეს და ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციას ეძღვნება. ფილმის პრემიერა 2014 წლის 10 მაისს გროზნოში უნდა გამართულიყო, თუმცა რუსეთის კულტურის სამინისტრომ მისი ჩვენება აკრძალა. სამინისტროს შეფასებით, ფილმი „ეთნიკურ შუღლს აღვივებდა“.
გერმანიაში მცხოვრები ჩეჩენი მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი სურხო სუგაიპოვი ამბობს, რომ ფილმმა „გალია ჩიტს ეძებს“ მასზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა: „ძალიან მომეწონა ეს ისტორია, ოპერატორული და სამსახიობო ნამუშევარი. ყველაფერი ძალიან გულწრფელად და პროფესიონალურად იყო გაკეთებული“.
დენი უმარ პიცაევის ფილმზე სუგაიპოვი ჯერჯერობით მხოლოდ ტრეილერის, ცალკეული ფრაგმენტებისა და რეცენზიების მიხედვით მსჯელობს:
„დასავლელი კრიტიკოსების ბევრი შეფასება წავიკითხე. ფილმზე ძალიან თბილად ლაპარაკობენ. ტრეილერიდანაც კი იგრძნობა, რომ ეს ხარისხიანი და გულწრფელი ისტორიაა, კარგი იუმორითა და ემოციური სიღრმით. თავადაც ველოდები შესაძლებლობას, სრულად ვნახო, როდესაც კინოგაქირავებაში ან სხვა პლატფორმებზე გამოჩნდება“.
სუგაიპოვის თქმით, ორივე ფილმი არჩევანის თავისუფლებას და საზოგადოების ზეწოლას ეხება, იმას თუ რამდენად ხშირად თრგუნავენ ადამიანები საკუთარ სურვილებს, რომ გარშემომყოფთა მოლოდინებს მოერგონ.
„ეს ჩემთვის ძალიან გასაგები და ახლო თემებია“.
მისი აზრით, ჩეჩენი ავტორების წარმატება საერთაშორისო ფესტივალებზე სასიხარულოა, თუმცა გასაკვირი არ არის:
„ჩვენს საზოგადოებაში ყოველთვის ბევრი ნიჭიერი ხელოვანი იყო, მაგრამ ყველას არ ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო საჭირო რესურსები და საკუთარი წრის მიღმა გამხდარიყო ცნობილი.
ასევე მიხარია, რომ ჩვენს საზოგადოებაში თანდათან იაზრებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კინო, როგორც სამყაროსთვის საკუთარი ამბის მოყოლის საშუალება. ეს მხოლოდ გართობა არ არის – ეს გამოცდილებისა და კულტურის გაზიარების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია“.
სუგაიპოვი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ჩეჩენი მსახიობები და რეჟისორები სულ უფრო ხშირად აკეთებენ პროექტებს მშობლიური რეგიონის ფარგლებს გარეთ – ევროპაში და საერთაშორისო პლატფორმებზე, სადაც პროფესიული განვითარებისა და შემოქმედებითი თავისუფლების მეტი შესაძლებლობაა.
„რუსეთის ხელისუფლებას არ აინტერესებს განავითაროს დამოუკიდებელი ჩეჩნური კინემატოგრაფია, რომელიც ჩეჩნებს საკუთარი ამბის მოყოლის საშუალებას მისცემდა. ევროპაში, პირიქით, აინტერესებთ ახალი ისტორიები, კულტურები და ავთენტური ხმები. ინტერნეტისა და საზღვარგარეთ არსებული ჩეჩნური თემების გამოისობით ახლა გაცილებით მარტივია, საკუთარი ნამუშევარი საერთაშორისო აუდიტორიამდე მიიტანო და გვერდი აუარო იმ ბარიერებს, რომლებიც ადრე არსებობდა“, – ამბობს რეჟისორი.
პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ჟურნალისტი და აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი აღნიშნავს, რომ როდესაც ჩრდილოეთ კავკასიასა და იქაურებზე გადაღებული ფილმები ფესტივალის პროგრამაში ხვდება - ეს ფაქტიც კი უკვე საინტერესოა. პანკისში ბევრისთვის ეს არის შესაძლებლობა, ნახონ, როგორ მოუთხრობენ მათი ისტორიების მსგავს ამბებს კინოენით.
„თუ უფრო ფართოდ ვისაუბრებთ ჩეჩნეთის, პანკისისა თუ რეგიონის ქალების ცხოვრებაზე შექმნილ ფილმებსა და პუბლიკაციებზე, რეალობის გამარტივების საფრთხე ყოველთვის არსებობს. ეს მხოლოდ კინოს არ ეხება, არამედ ჟურნალისტიკასაც. ხშირად გარე დამკვირვებლების ყურადღება კონფლიქტებზე, შეზღუდვებსა და პრობლემებზეა კონცენტრირებული. ეს თემები რეალურია და განხილვას იმსახურებს, მაგრამ ისინი საზოგადოების ცხოვრების მთელ სურათს არ ასახავს“, – ამბობს ის.
მაგალითად, მისი თქმით, მუსლიმი ქალის სახე ხშირად მხოლოდ შეზღუდვებისა და ზეწოლის ჭრილში განიხილება. ასეთი მიდგომა შეიძლება ქმნიდეს წარმოდგენას, რომ ჰიჯაბი და რელიგიური ტრადიციები მხოლოდ ტყვეობის სიმბოლოებია.
„სინამდვილეში ადამიანების ცხოვრება გაცილებით რთული და მრავალფეროვანია, ხოლო კულტურული კონტექსტი, პირადი გარემოებები და თავად ქალების ხედვა ხშირად მსგავსი ნარატივების მიღმა რჩება. როდესაც ერთი თემა დანარჩენებზე დომინირებს, ეს სტერეოტიპების გამყარებას უწყობს ხელს“.
ფორუმი