Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჩორჩანის საგუშაგოს" საქმე - რა თქვეს პროკურატურის მოწმეებმა დახურულ დარბაზში

"წულუკიანის კომისიამ" ექსპრემიერი გიორგი გახარია, 2025 წელს, ორჯერ გამოკითხა, მათ შორის ერთხელ - დისტანციურად.
"წულუკიანის კომისიამ" ექსპრემიერი გიორგი გახარია, 2025 წელს, ორჯერ გამოკითხა, მათ შორის ერთხელ - დისტანციურად.

25 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურატურის მოწმეებს ისევ დახურულ კარს მიღმა უსმენდნენ. ანტიევროპული პოზიციით გამორჩეული პარტიის - „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენელმა, ვატო შაქარიშვილმა გარე ძალების დაკვეთაზე და აგენტურაზე ილაპარაკა.

25 სექტემბერს სასამართლოში ასევე დაკითხეს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ანთაძე, რომელიც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას წარმოადგენდა 2019 წელსაც, როდესაც - სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგო აშენდა.

საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, სოფელ ჩორჩანაში, საპოლიციო საგუშაგოს აგების საქმეზე პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული “ქართული ოცნების” ექსპრემიერს, გიორგი გახარიას, რომელიც 2019 წლის აგვისტოში შს მინისტრის პოსტს იკავებდა.

პროკურატურის თანახმად, გახარიამ საგუშაგო ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ააშენა, რის გამოც დაიძაბა ვითარება და დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი დაიკარგა.

თავად გახარია აცხადებს, რომ “ყველამ ყველაფერი იცოდა” და საგუშაგოს აგება 1800 ჰექტარი ტყის მასივის გადასარჩენად დაიგეგმა.

ანთაძის დაკითხვა

“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ იყო ინფორმირებული, სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის ფაქტთან დაკავშირებით. ეს მოწმის ჩვენებით დასტურდება”, - განაცხადა ირაკლი ანთაძის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების შესახებ საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ, სხდომის დასრულების შემდეგ.

პროკურორის თანახმად, მოწმე ანთაძემ სასამართლოს განუცხადა, რომ:

  • თავად იყო პირველწყარო, რომელმაც საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეიტყო და ეს ინფორმაცია შემდეგ ხელმძღვანელებს მიაწოდა;
  • საგუშაგოს აგების შესახებ არ იყო ინფორმირებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.


ირაკლი ანთაძე 2019 წელსაც სუსის ანალიტიკურ სამსახურში მუშაობდა.

სასამართლოში ჯერ არ დაუკითხავთ სუსის ყოფილი უფროსი [2015-2019 წლები], აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ვახტანგ გომელაური, რომელიც ბოლო წლებში, 2025 წელს გადადგომამდე, შს მინისტრის პოსტს იკავებდა. 2025 წლის ივნისში, პროკურატურაში გამოკითხვისას, გომელაურმა ჩვენება მისცა გახარიას წინააღმდეგ და თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არაფერი იცოდა საოკუპაციო ხაზთან საპოლიციო საგუშაგოს აშენების შესახებ.

ირაკლი ანთაძემ სასამართლოს ტერიტორია, 25 სექტემბერს, უკომენტაროდ დატოვა.

“რაღაც ნაწილში ირაკლი ანთაძის ჩვენებები, რა თქმა უნდა, იყო ობიექტური, თუმცა რაღაც ნაწილში იყო არაობიექტური და, ფაქტობრივად, შესაძლოა - ცრუ ინფორმაცია მიაწოდა მან სასამართლოს”, - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი გახარიას ადვოკატმა და მისი პარტიის [“გახარია საქართველოსთვის”] აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ.

უფრო კონკრეტულად, სიჭინავას თქმით, ანთაძემ დაადასტურა, რომ “ჩორჩანის ტყეში გაკვალული იყო ბილიკები, ყვითელი მონიშვნები არსებობდა", რაც "პირდაპირ მიანიშნებდა ტერიტორიულ პრეტენზიებზე, კონკრეტულ შემთხვევაში, ჩორჩანასთან მიმართებით". ამ ნაწილში, მოწმის ჩვენება თანხვედრაშია დაცვის მხარის პოზიციასთან.

შაქარიშვილის დაკითხვა

“ეს [საგუშაგოს აგება] იყო კლასიკური სცენარი, რომელიც ემსახურებოდა საქართველოს კონფლიქტში გახვევას”, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თანამოაზრე და მხარდამჭერი პარტიის, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერმა, ვატო შაქარიშვილმა, რომელიც სასამართლოში 25 სექტემბერს დაკითხეს.

შაქარიშვილმა “ჩორჩანის საგუშაგოს” აგება ისევ გარე ძალების დაკვეთასა და აგენტების მოქმედებებს დაუკავშირა. თუმცა თქვა ასევე, რომ ზუსტად არაფერი იცის და ეს მხოლოდ მისი ვარაუდებია.

შაქარიშვილის თქმით, გიორგი გახარიამ “ჩაიდინა დანაშაული ჩვენი ქვეყნის წინაშე", “მოქმედებდა ამერიკული სპეცსამსახურების დავალებით” და “დანაშაულში მოქმედებდა მარტო”.

2025 წლის 16 აპრილს პროსახელისუფლებო “რუსთავი 2-თან" ინტერვიუში “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ, განსაკუთრებით, შს მინისტრის პოზიციაზე ყოფნის დროს, გახარია მოქმედებდა “გარე ძალების დაკვეთით“, მისი მთავარი ამოცანა იყო „ქართული ოცნების" იმიჯის დაზიანება. მან თქვა ასევე, რომ გახარიას პოსტიდან გაშვება უნდოდათ, მაგრამ “კონკრეტულმა სახელმა და გვარმა დარეკა კონკრეტული კაბინეტიდან, სადაც იჯდა „დიპ სტეიტის" წარმომადგენელი”; “ზარი იყო ქვეყნის გარედან, რომელმაც თქვა, რომ მათთვის არ იყო მისაღები გახარიას გადადგომა”.

“საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ორ საათ-ნახევარი მიმდინარეობდა გამოკითხვა - გიორგი გახარიამ, ისევე, როგორც დღეს სასამართლოზე მისი დაცვის მხარემ, ვერ წარმოადგინა თუნდაც ვერცერთი კითხვა, რომელიც გააქარწყლებდა იმ ვარაუდს, რომელსაც მე გამოვთქვამ საგამოძიებო უწყებების და სასამართლოს წინაშე”, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა, სხდომის დასრულების შემდეგ.

  • სადავო პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ["წულუკიანის კომისია"] გახარია, შარშან, ორჯერ გამოკითხა.
  • გახარიამ კომისიის სხდომაზე განმარტა, რომ ოპერაცია „დასწრების პრინციპით“ დაიგეგმა, რადგან უკვე დაწყებული იყო ჩორჩანის ტყის მიტაცება და დიდი ტერიტორია იყო გადასარჩენი.


ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს აშენების დროს, 2019 წლის აგვისტოში, გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, თუმცა მალევე ის დააწინაურეს.

2019 წლის 3 სექტემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა და თქვა, რომ „მან ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე წარდგენა“.


“მე, როგორც ყოფილ პროკურორს შემრცხვა, რომ ეს ადამიანი [შაქარიშვილი] პროკურატურის მოწმედ იყო გამოძახებული და საუბრობდა, რაღაც „დიპ სტეიტზე”, ამერიკის დაკვეთით ჩატარებულ ღონისძიებაზე, აგენტურაზე, სიგიჟეებზე… არ შეიძლება ნორმალურ პირობებში დემოკრატიულ სახელმწიფოში პროკურატურას ასეთი მოწმე ჰყავდეს”, - უთხრა ბერდია სიჭინავამ ჟურნალისტებს, სასამართლოს სხდომიდან გამოსვლის შემდეგ და დასძინა, რომ "ზუსტად ვატო შაქარაშვილის მსგავსი ცრუ „დანოსჩიკი“ ადამიანების ჩვენებებით ხვრეტდა საბჭოთა რეპრესიული რეჟიმი ადამიანებს“.

ბერდია სიჭინავას თქმით, 2019 წლის 24 აგვისტოს შემდეგ, როდესაც საპოლიციო საგუშაგო უკვე აგებული იყო. ვატო შაქარიშვილი გიორგი გახარიასთან ურთიერთობას ცდილობდა:

“ჩემს კაბინეტთან იყო ატუზული და გიორგი გახარიასთან პერსონალური თხოვნებით დარბოდა… მაშინ თურმე არ იცოდა, რომ "დიპ სტეიტის" დავალებით ჩავატარეთ თურმე ღონისძიებები“.

დაცვის მხარის განმარტებით, “ჩორჩანის საგუშაგოს” საქმეზე გამოძიების დაწყება პროკურატურაში “ნეიტრალური საქართველოს” მიერ შეტანილ საჩივარს ეყრდნობა.

თითქოსდა “ჯაშუშურ საქმიანობაში ჩართული პოლიტიკოსებისა და მათი თანამზრახველების” - კონკრეტული “სახელებისა და გვარების” გასამართლების პროცესის დაწყების მოთხოვნით, “ნეიტრალურმა საქართველომ” საჩივარი 2025 წლის დასაწყისში შეიტანა. ამ საჩივრის საფუძველზე აღიძრა ე.წ. საბოტაჟის საქმეც, სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ; ასევე მათი საჩივრის საფუძველზე დაყადაღდა არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციების ანგარიშები.

მიმდინარე პროცესებს გახარიას გუნდი "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართული "პოლიტიკური დევნისა" და "კოორდინირებული შეტევის" ნაწილად განიხილავს. პარტიაში ვარაუდობენ, რომ განაჩენი საბოლოოდ გამამტყუნებელი იქნება და ეს პირდაპირ მოემსახურება რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმის ინტერესებს.

“ჩორჩანის საგუშაგოს” აშენების საქმეზე “ქართული ოცნების” ექსპრემიერს, გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით [333-ე მუხლის მე-2 ნაწილი], რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. გახარია ბრალდებულია ასევე "20 ივნისის" საქმეზე - ორი ან ორზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება [25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი] - სასჯელი ითვალისწინებს პატიმრობას 13 წლამდე ვადით.


  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG