„სიმბოლურად, დოკუმენტური მტკიცებულებებით დავიწყეთ, რადგან ბრალდების მხარეს მხოლოდ სუბიექტურად დაინტერესებული პოლიტიკური აქტორები მოჰყავს აქ შეკვეთილი განცხადებებით. შესაბამისად, ჩვენ დოკუმენტებზე დაფუძნებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას”, - განაცხადა სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ, გიორგი გახარიას ადვოკატმა და მისი ოპოზიციური პარტიის - “გახარია საქართველოსთვის” - აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ.
პროკურატურა იმეორებს, რომ გახარიამ საგუშაგო ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ყველასგან მალულად ააშენა, რამაც ვითარება გაართულა. ეს პოზიცია სასამართლოში ბრალდების მხარის არაერთმა მოწმემ დაადასტურა.
დაცვის მხარის მოწმეები ჯერ არ არიან დაკითხული.
თავად გახარიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის [“წულუკიანის კომისია”] სხდომაზე განაცხადა, რომ - “ყველამ ყველაფერი იცოდა”.
2019 წელს, როდესაც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგო აშენდა, გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
რა განიხილეს სასამართლოში
9 ოქტომბერს, სასამართლო სხდომაზე, ბერდია სიჭინავამ, სხვა მასალებთან ერთად, წარმოადგინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019, 2021 და 2024 წლების ანგარიშებში, რომლებიც დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის მიერ, “ქართული ოცნების” უმრავლესობის მაქსიმალური მხარდაჭერით - როგორც საკომიტეტო დონეზე, ასევე პლენარულ სხდომებზეც.
ადვოკატმა სუსის ანგარიშების მხარდამჭერი პარლამენტარები ინდივიდუალურად, სახელებითა და გვარებით ჩამოთვალა.
რას წერდა სუსი?
მაგალითად, 2019 წლის ანგარიშში წერია, რომ ჩორჩანაში “ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგო” აშენდა - “უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის პრევენციისთვის და ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფის მიზნით”.
ამავე ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ:
- “2019 წლის იანვრის თვეში, როდესაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების - ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარე ტყის მასივში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის 1 კილომეტრის სიღრმეში, ყვითელი საღებავით მონიშნეს ხეები და გაკაფეს ბილიკები უკანონო პატრულირებისთვის”.
- “2019 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მიმართეს უკიდურესად შემაშფოთებელ და სახიფათო ქმედებებს, რამაც სერიოზულად დააზიანა უსაფრთხოების გარემო და დამატებითი პრობლემები შეუქმნა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები ამის ნათელი დადასტურებაა”.
ადვოკატი ბერდია სიჭინავა აღნიშნავს, რომ ეს და სხვა მსგავსი ჩანაწერები თუ მაღალჩინოსნების განცხადებები მედიაში - რაც ასევე იყო წარმოდგენილი სხდომაზე, ადასტურებს სახელმწიფოს მაშინდელ პოზიციას საფრთხეებთან და ჩორჩანის საგუშაგოს როლთან დაკავშირებით.
ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა ევროკავშირის "ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის" [EEAS] პასუხი თბილისიდან გაგზავნილ შეკითხვებზე, რაც ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ანგარიშში ასახულ ფორმულირებებს იმეორებს.
- ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია [EUMM] 2019 წლის ანგარიშში აღნიშნავდა, რომ [2019 წლის] იანვრიდან აღმოჩენილ იქნა „ფერადი მონიშვნები ხეებზე წნელისსა და ჩორჩანას შორის არსებულ ტერიტორიაზე“;
- „მისიამ შეაფასა აღნიშნული მონიშვნები, როგორც „ბორდერიზაციის“ ნიშნები“, თუმცა „ამ მონიშვნებზე პასუხისმგებლობა არ აიღო არცერთმა მხარემ“.
პროკურატურის პოზიცია უცვლელია
სასამართლო სხდომაზე პროკურატურა მტკიცებულებების განხილვაში არ ჩართულა, ხოლო სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა თამარ იაკობიძემ აღნიშნა, რომ - 9 ოქტომბერს განხილული მტკიცებულებები ბრალდების საწინააღმდეგო არგუმენტებად ვერ გამოდგება.
“აქ მნიშვნელოვანი გარემოებაა - გიორგი გახარიას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს - ჰქონდა თუ არა უფლება ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილება და საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო აღემართა. ეს დღეს გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა”, - თამარ იაკობიძე აღნიშნავს ასევე, რომ “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენდა ინსტიტუტსა და უწყებას, რომელიც საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების პოლიტიკას განსაზღვრავდა”.
მნიშვნელოვანია თუ არა ბრალდების მხარისთვის ის ფაქტი, რომ - ჩორჩანის საგუშაგოს აგების შემდეგ, თუკი გახარიას გადაწყვეტილება უკანონოდ ჩაითვალა, არცერთ სახელმწიფო უწყებას ან მაღალჩინოსანს ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დაუყენებია? ხოლო თავად გახარია სულ მალე - პრემიერ-მინისტრად დააწინაურეს.
“ბრალდების ფორმულირების ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია შეფასდეს უშუალოდ ქმედება და შემდეგ უკვე მიზეზობრივი კავშირი… ბრალდება, რომელიც გიორგი გახარიას აქვს წარდგენილი, გულისხმობს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უფლებამოსილების გადამეტებას. შესაბამისად, ბრალდების მხარე წარადგენს და აფასებს მტკიცებულებებს, რომლებიც ეხება უშუალოდ 2019 წლის აგვისტომდე კონკრეტულ მოქმედებებს”, - გვპასუხობს პროკურორი იაკობიძე.
მისი თქმითვე, ბრალდების მოწმეებს - ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსნებს დაუსვეს შეკითხვა - “საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით თუ ყოფილა მსჯელობა” და "თითოეულმა მოწმემ გასაგებად უპასუხა სასამართლოს, რომ ის უარყოფითი შედგები საგუშაგოს აღმართვით 2019 წლის 24 აგვისტოდან უკვე დაიწყო და საგუშაგოს აღება-არაღების საკითხი არსებითად არ ცვლიდა იმ უარყოფით შედეგებს".
ამას მედია არ შესწრებია - ბრალდების მხარის მოწმეების დიდი ნაწილი დახურულ სხდომებზე დაიკითხა.
თავად გიორგი გახარიამ, რომელიც წელიწადზე მეტია ევროპაში იმყოფება, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის [“წულუკიანის კომისია”] სხდომაზე განაცხადა, რომ - “ყველამ ყველაფერი იცოდა” - საგუშაგოს აგება 1800 ჰექტარი ტყის მასივის გადასარჩენად „დასწრების პრინციპით“ დაიგეგმა - რადგან უკვე დაწყებული იყო ჩორჩანის ტყის მიტაცება და დიდი ტერიტორია იყო გადასარჩენი.
- 2019 წლის 3 სექტემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა [ამ დროს საგუშაგო ახალი აგებული იყო]. „მან ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე წარდგენა“, - თქვა ივანიშვილმა გახარიაზე.
- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გახარია პარტიული სიის პირველი ნომერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყო.
- 2020 წლის დეკემბერში ის კვლავ გახდა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი.
- 2021 წლის 18 თებერვალს გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ხმაურით გადადგა. მას შემდეგ მას „ქართული ოცნებაში” მოღალატედ მოიხსენიებენ. მოგვიანებით, “ქართულ ოცნებაში” თქვეს, რომ გახარიას ე.წ. დიპ სტეიტი უმაგრებდა ზურგს.
„არ გიპასუხებთ“
9 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ წარმოადგინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და შს სამინისტროსთან მიმოწერის დოკუმენტური მასალები - 2025 წლით დათარიღებული, როდესაც, მრავალი მცდელობის მიუხედავად, დაცვის მხარემ ამ უწყებებიდან მოთხოვნილი მასალები ვერ მიიღო.
“აღნიშნულ წერილზე არ გიპასუხებთ” - ასეთია მცირე ამონარიდი სუსის წერილიდან, რომელიც ბერდია სიჭინავამ სასამართლო პროცესზე წაიკითხა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, 10 შეკითხვის საპასუხოდ, დაცვის მხარეს წერდა, რომ - მოთხოვნილი მასალების შეგროვება მასშტაბური ანგარიშის მომზადების ტოლფას შრომას მოითხოვდა და ისინი ამ სამუშაოს არ გასწევდნენ.
ამ დროს სუსის უფროსი მამუკა მდინარაძე უყო.
დაცვის მხარის შეკითხვები შეეხებოდა სხვადასხვა წლებში მომზადებული ანგარიშების შინაარსს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა თუ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე წამოჭრილ თემებსა თუ რეაგირების მექანიზმებს საოკუპაციო ხაზთან დაძაბული ვითარების საპასუხოდ. და ეს ყველაფერი, ცხადია, “ჩორჩანის საგუშაგოს” საკითხთან მიმართებით.
დაცვის მხარემ სახელმწიფო უწყებებისგან პასუხი ვერც სახალხო დამცველის ჩართვის შედეგად მიიღო.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან დარღვეულია დაცვის კონსტიტუციური უფლება გიორგი გახარიასთან მიმართებით, რომლებმაც დაცვის მხარეს მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა შეუზღუდეს… დარღვევა დაადგინა სახალხო დამცველმა, რაც პირველი ინდიკატორია, რომ მოცემულ საქმეზე მართლმსაჯულება არ იყო დაინტერესებული ობიექტური გამოძიებით”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
ადვოკატის თქმით, ბრალდებულის დაცვის კონსტიტუციური უფლების დარღვევის საპასუხოდ პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და ეს საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განხილვის საგნადაც იქცევა.
დაცვის მხარის მტკიცებულებების განხილვა, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 12 ოქტომბერს გაგრძელდება. სხდომები ასევე დანიშნულია 16 და 19 ოქტომბერს.
“ჩორჩანის საგუშაგოს” აშენების საქმეზე გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით [333-ე მუხლის მე-2 ნაწილი], რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. გახარია ბრალდებულია ასევე "20 ივნისის" საქმეზე - ორი ან ორზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება [25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი] - სასჯელი ითვალისწინებს პატიმრობას 13 წლამდე ვადით.
2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილი, პროსახელისუფლებო „იმედთან“ ინტერვიუში, გასამართლებით დაემუქრა როგორც თავად გიორგი გახარიას, ასევე მისი ოპოზიციური პარტიის [“გახარია საქართველოსთვის”] წარმომადგენლებს. „ამათ მოუწევთ პასუხისგება და მკაცრი პასუხისგება… რა თქმა უნდა, ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც“, - თქვა მაშინ ივანიშვილმა და დააკონკრეტა, რომ სასამართლოს დონეზე უკვე ყველა დოკუმენტი დალაგებული აქვთ.
ფორუმი