ბირთვული იარაღით აღჭურვილი სახელმწიფოს მიერ ეს გაშვება ბოლო დროს გაშვებული რაკეტების სერიის ნაწილია.
ბოლო კვირებში ფხენიანმა იარაღებიც დატესტა, რომელიც მოიცავდა ბალისტიკურ რაკეტებს, ანტისაზღვაო ფრთოსან რაკეტებსა და კასეტურ საბრძოლო მასალას.
„ჩვენმა სამხედროებმა დააფიქსირეს რამდენიმე მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის სინპოს რაიონიდან აღმოსავლეთის ზღვის მიმართულებით გაუშვეს დაახლოებით დილის 6:10 საათზე [იაპონიის ზღვა - რ.თ.].
რაკეტებმა დაახლოებით 140 კილომეტრი (87 მილი) გაიარეს, ხოლო სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სადაზვერვო ორგანოები ატარებენ დეტალურ ანალიზს მათი ზუსტი მახასიათებლების დასადგენად“, - განაცხადა სამხრეთ კორეის გაერთიანებულმა შტაბმა.
სეულმა აღნიშნა, რომ ინარჩუნებს „მტკიცე ერთობლივ თავდაცვით პოზიციას“ თავის მოკავშირე შეერთებულ შტატებთან ერთად.
ჩრდილოეთ კორეა ექვემდებარება გაეროს მრავალ სანქციას, რომელიც მას ბირთვული იარაღის განვითარებასა და ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიის გამოყენებას უკრძალავს. ეს შეზღუდვები ქვეყანამ არაერთხელ დაარღვია.
„ფხენიანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავისი თანმიმდევრული სარაკეტო პროვოკაციები, რომლებიც ზრდის დაძაბულობას“, - ნათქვამია სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
აპრილის დასაწყისში კიმ ჩენ ინი ზედამხედველობდა სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების გამოცდას, რომლებიც საზღვაო სამხედრო ხომალდიდან იყო გაშვებული;
ჩრდილოეთი ასევე აშენებს კიდევ ორ 5 000-ტონიანი კლასის გამანადგურებელს თავისი ფლოტის გასაძლიერებლად.
სამხრეთ კორეის ერთ-ერთმა კანონმდებელმა ამ თვეში განაცხადა, რომ ჩრდილოეთი კორეა, როგორც ჩანს, აჩქარებს გამანადგურებლის მშენებლობას დასავლეთის პორტ ქალაქ ნამპოში.
აშშ-ში დაფუძნებული სადაზვერვო კომპანიის სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, ოპოზიციური „სახალხო ძალის პარტიის“ წარმომადგენელმა იუ იონგ-ვონმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთი კორეა „აჩქარებს საზღვაო ძალების მოდერნიზაციას რუსეთის მხრიდან სამხედრო დახმარების ფონზე“.
ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს გაუგზავნა სახმელეთო ჯარები და საარტილერიო ჭურვები უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად, და დამკვირვებლები აცხადებენ, რომ სანაცვლოდ ფხენიანი მოსკოვისგან სამხედრო ტექნოლოგიურ დახმარებას იღებს.
ფორუმი