აპრილის ბოლოს გამოცხადდა ტენდერი სასწავლო კურსებზე „უპილოტო საფრენი აპარატების სპეციალისტის“ მოსამზადებლად. დამკვეთი იყო რეგიონული დასაქმების ცენტრი, რომელმაც დრონების პროგრამა უმუშევრების, პენსიონერებისა და „სამ წლამდე ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში მყოფი ქალების“ გადამზადების გეგმაში შეიტანა.
ტექნიკური დავალების თანახმად, სწავლება 10 ადამიანისთვის იყო გათვლილი. კურსი მინიმუმ 256 საათს მოიცავდა - ეს დაახლოებით ორ თვეა, თუ გაკვეთილები დღეში ოთხ საათს გაგრძელდება და დასვენების დღეები არ ჩაითვლება. სწავლება მაღალჭერიან დახურულ სივრცეში უნდა ჩატარებულიყო და ძირითადი ყურადღება პრაქტიკულ მეცადინეობებს დაეთმობოდა.
საჭირო ტექნიკის ჩამონათვალიდან ჩანს, რომ საუბარია სხვადასხვა ტიპის მსუბუქ დრონებზე, რომლებიც ძირითადად ფოტო- და ვიდეოგადაღებისთვის გამოიყენება. კურსდამთავრებულებს უნდა სცოდნოდათ არა მხოლოდ მათი მართვა, არამედ შეკეთება, აწყობა-დაშლა, შესაბამისი კანონმდებლობა და ასევე „უპილოტო აპარატებიდან მიღებული მონაცემების დამუშავება“. კონკრეტულად რა მონაცემებზეა საუბარი, დოკუმენტებში დაზუსტებული არ არის.
პროექტისთვის ბიუჯეტიდან 271 ათასი რუბლის (დაახლოებით 9800 ლარი) გამოყოფა იგეგმებოდა, თუმცა ტენდერი ჩაიშალა - განაცხადები არ შევიდა.
„ეს სრული აბსურდია“
სამხედრო ანალიტიკოსი დავიდ შარპი მიიჩნევს, რომ თუნდაც ასეთი კურსები მომავალში გაიმართოს, ძალიან მცირეა ალბათობა, რომ პენსიონერები ან დეკრეტულ შვებულებაში მყოფი მშობლები ომში მონაწილეობისთვის მოამზადონ.
„ეს სრული აბსურდია. პენსიონერები, როგორც წესი, თანამედროვე მოწყობილობების საუკეთესო მომხმარებლები არ არიან; მათ შენელებული რეაქცია და მოტორიკა აქვთ. თუნდაც ადამიანი უნარიანი იყოს, მისი ომში გაგზავნის პერსპექტივით მომზადება პროფანაციაა. პენსიონერები სამხედრო სამსახურისთვის ყველაზე ნაკლებად გამოდგებიან. დეკრეტულ შვებულებაში მყოფი ქალები ორგანიზმში ცვლილებებს განიცდიან და მათი ფიქრები ნამდვილად არ ტრიალებს დრონებისა და მსგავსი სისულელეების გარშემო. მით უმეტეს, დეკრეტში მყოფი ქალი ომში არ წავა“, — ამბობს შარპი.
ამავე დროს, ის არ გამორიცხავს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ასეთი კურსები უბრალოდ თავის მოსაწონებლად სჭირდებოდეს.
„როგორც ადრე სამოქალაქო თავდაცვა იყო მოდაში - ყველა უნდა მომზადებულიყო შრომისა და თავდაცვისთვის. დღეს მოდაში დრონებია. ამიტომაც ყველას დრონებზე მოუყვებიან“, — განმარტავს ექსპერტი.
რეალურად ვინ ხდება დრონების ოპერატორი?
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მოთხოვნების მიხედვით, დრონის ოპერატორი 45 წელზე უფროსი არ უნდა იყოს (ზოგი ტიპის უპილოტო აპარატისთვის — 35 წელზე უფროსი არა). თუმცა სამუშაოს ძიების რუსულ პლატფორმებზე მრავლად გვხვდება განცხადებები სამხედრო კონტრაქტების გასაფორმებლად, რომლებშიც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ 45 წელს გადაცილებული კანდიდატებიც მიიღებიან.
უკვე 2022 წლიდან, განსაკუთრებით მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ფრონტზე ხშირად ხვდებიან ადამიანები, რომელთა ასაკიც ოფიციალურ ზღვარს აღემატება.
50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს „მოხალისედ“ საბრძოლო ზონაში მოხვედრა კიდევ უფრო მარტივად შეუძლიათ ჩეჩნეთის ქალაქ გუდერმესში მდებარე რუსეთის სპეცდანიშნულების უნივერსიტეტის მეშვეობით, სადაც უკრაინაში გასაგზავნ მებრძოლებს მთელი რუსეთიდან ამზადებენ.
სტუდენტების და მოსწავლეების სამხედრო მომზადება
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დღეს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებზე ამახვილებს.
გასულ წელს რუსეთის სხვადასხვა უნივერსიტეტმა სტუდენტების რეკრუტირება დაიწყო ე.წ. უპილოტო სისტემების ჯარებში. ახალგაზრდებს არწმუნებდნენ, რომ კონტრაქტი მხოლოდ ერთი წლით გაფორმდებოდა და გათავისუფლების პრობლემა არ შეექმნებოდათ.
თუმცა სამხედრო იურისტები აცხადებენ, რომ კონტრაქტის შეწყვეტა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და ბევრ შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეები ვერც ერთი წლის შემდეგ ტოვებენ სამსახურს.
მაისში BBC-ის რუსულმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია 23 წლის ბურიატი სტუდენტის, ვალერი ავერინის, დაღუპვის შესახებ. მან სამი თვე გაიარა დრონების ოპერატორის მომზადება, შემდეგ ფრონტზე გაგზავნეს და ორი კვირის შემდეგ ლუგანსკის ოლქში დაიღუპა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ერთადერთი სტუდენტი არ ყოფილა, ვინც მსგავსი დაპირებების შემდეგ ომში აღმოჩნდა.
სამხედრო ელემენტები სასკოლო განათლებაშიც
სამხედრო მომზადების პროცესი სკოლებშიც აქტიურად მიმდინარეობს. ჩერქესკის ტექნოლოგიური კოლეჯისთვის გამოცხადებულ ერთ-ერთ ტენდერში დრონების სიმულატორის პროგრამისთვის სავალდებულო მოთხოვნებად მითითებული იყო:
- ასაფეთქებელი მოწყობილობების სანგრებში ჩაგდება;
- მოძრავ სამიზნეზე დარტყმა;
- „მოწინააღმდეგის ტექნიკის ძიება და განადგურება“, მათ შორის იმიტირებულ ვითარებებში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, წყალსაცავისა და ელექტროგადამცემი ხაზების ტერიტორიებზე.
ამასთან, ჩრდილოეთ კავკასიისა და სამხრეთ რუსეთის სკოლები უკვე ამზადებენ პროგრამებს სამხედრო მომზადების გაკვეთილებისთვის, სადაც ბავშვებს პისტოლეტისა და ავტომატის სროლას, ხელყუმბარის სროლას და საბრძოლო მოქმედებების საფუძვლებს ასწავლიან.
ექსპერტების შეფასებით, ხელისუფლების მიზანია, სკოლებიდან ახალგაზრდები სამხედრო სამსახურისთვის საჭირო საბაზისო უნარებით გამოუშვას, თუმცა ამ გეგმების პრაქტიკული განხორციელება ადგილებზე სერიოზულ სირთულეებს შეიძლება წააწყდეს.
ფორუმი