Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცარიელი საფლავივით


წლების წინ, საბჭოთა ბავშვობაში, როცა პატარა ბიჭები ომობანას თამაშობდნენ, არავის სურდა „გერმანელი“ (ანდა „ნემეცი“, სამეგრელოში „ლემეცი“) ყოფილიყო. არადა, თოფიანი ბიჭები უთუოდ ასე უნდა გაყოფილიყვნენ: ჩვენიანები და გერმანელები. „ჩვენიანები“ (წითელარმიელები) უპირობოდ კარგები იყვნენ, „გერმანელები“ (ფაშისტები) - უპირობოდ ცუდები.

დრომ „გერმანელების“ ჩადენილ საშინელებას ვერაფერი დააკლო, ვერ გაახუნა, „ჩვენიანებს“ კი ბოლომდე ჩამოჰგლიჯა ნიღაბი და გამოაჩინა, რომ „სახელოვანი წითელი არმია“ არა მხოლოდ „განმათავისუფლებელი“ იყო, არამედ ასევე იყო სხვათა დამოუკიდებლობის შემმუსვრელი, სისხლიანი რეპრესიების მომწყობი, ტერიტორიების მიმთვისებელი და თავისუფლების მტერი. არადა, ამ „ჩვენიანებში“, მეორე მსოფლიო ომის დროს, ჩვენი წინაპრებიც ერივნენ. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი დაიღუპა, ნაწილი კი საერთოდაც უგზოუკვლოდ დაიკარგა, როგორც ჩემი ბაბუა ვახტანგი და მისი ძმები გრიგოლი, ტარასი, ვარლამი.

ოთხი ძმიდან მხოლოდ ერთი დაბრუნდა. უმცროსი, მოხალისედ წასული ვარლამი, რომელიც ტყვედ ჩავარდა, მერე გაიქცა და ფრანგ პარტიზანებთან ერთად იომა, უფროსი ძმები კი უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. მათ დედას სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა რომ გამოჩნდებოდნენ, დაბრუნდებოდნენ. მამას დიდხანს არ უცოცხლია. თავი მოიკლა სანადირო თოფით, ვენახის ბოლოში, სადაც შვილებთან ერთად ბევრჯერ ჩამომჯდარა დასასვენებლად და პაპიროზის მოსაწევად.

ვახტანგი რომ გაიწვიეს ჯარში, ჯერ შვილი არ ჰყავდა. ბებია ფეხმძიმედ იყო მამაჩემზე. ომმა დასავლეთ უკრაინაში მოუსწრო, ლვოვში. ბოლო წერილიც 1941 წლის ივნისითაა დათარიღებული. მეტი აღარ მოსულა, გაცრეცილი, ნაკეცებზე გახსნილი და თითქმის დაშლილი ექვსი ფურცელი დღემდე ინახება ჩვენს ოჯახში. ამ წერილების გარდა, ბაბუის სახსოვრად დაგვრჩა გაწვევის წინ გადაღებული ერთადერთი ფოტო, რომელიც სოფლის სახლში კედელზე გვეკიდა - გადიდებული და ჩარჩოში ჩასმული. მთელი ბავშვობა მივჩერებოდი ამ ახალგაზრდა კაცს და არ მჯეროდა, რომ ბაბუაჩემი იყო. სრულებით არ ჰგავდა სხვების ბაბუებს, რომლებიც გაჭაღარავებული და სახედანაოჭებული იყვნენ.

რიგითი ვახტანგ იასონის ძე რეხვიაშვილი. უგზო-უკვლოდ დაკარგული
რიგითი ვახტანგ იასონის ძე რეხვიაშვილი. უგზო-უკვლოდ დაკარგული

ამ სხვების ბაბუებისგან ხშირად მომისმენია, რომ „ჩემი ვახტანგი ბაბუა“ ყველაზე მშრომელი იყო, რომ ყველაზე დიდი ნამგალი და სამკალი სათითურები ჰქონდა, რომ საოცრად მარდი იყო ჭიდაობისას და, რომ მის მიერ სოფლის ერთი ბოლოდან ნასროლი მოზრდილი ქვა სოფლის მეორე ბოლომდე აღწევდა.

ცხადია, გულგრილს არ მტოვებდა „ჩემი ვახტანგის“ ასეთი ქება, მაგრამ განსაკუთრებულად მახარებდა ხაზგასმა ბაბუასთან ფიზიკურ მსგავსებაზე. ზედგამოჭრილი ვახტანგიაო, იტყოდნენ ხოლმე ჩემზე, როცა მათი სახლების წინ გავივლიდი.

ბებია ერთგვარ იმერელ ოთარაანთ ქვრივად იქცა. არ გათხოვდა, ორის მაგივრად იშრომა, ააშენა დიდი, აგურის სახლი, მარტომ გაზარდა შვილი, რომელსაც, როგორც თვითონ უყვარდა თქმა, ასწავლა და უმაღლესი დაამთავრებინა.

გარდაიცვალა ვახტანგის ბოლო წერილის მიღებიდან 55 წლის თავზე. დავკრძალეთ სახლთან ახლოს, სოფლის სასაფლაოზე. გამოგვადგა ვახტანგის ის ერთადერთი ფოტოსურათი, რომელიც ახლა საფლავის ქვაზეა გადატანილი იმ ილუზიის შესაქმნელად, თითქოს საყვარელი მეუღლის გვერდითაა დასაფლავებული, თუმცა, ცხადია, ვერაფრით ვივიწყებ, რომ ჩემი შინმოუსვლელი ბაბუის საფლავი ცარიელია!

სწორედ ამ შინმოუსვლელის საფლავსა ჰგავს გამარჯვების დღეც, რომელიც პერსონალურად ძვირფასი და ტკივილიანია, მაგრამ არსებითად პირობითი და ცარიელია, რადგანაც ჩვენმა წინაპრებმა კი გაწირეს თავი და სიცოცხლე, მაგრამ გამარჯვების მათი წილი სრულად მიითვისა სხვა ქვეყანამ. ამ ომში საქართველოს ჯარსა და მისი არმიის ჯარისკაცებს რომ ებრძოლათ, ქართულ დროშას რომ ეფრიალა ბრძოლის ველზე, მაშინ, ცხადია, „გამარჯვების დღეც“ სხვა შინაარსით შეივსებოდა, მაშინ ჩვენი წინაპრების ბრძოლასა და თავდადებას სულ სხვა განზომილება მიეცემოდა, მაგრამ, საუბედუროდ, ასე არ მოხდა. საქართველო ამ ომში არ ყოფილა. საუბედუროდ, ვიდრე დასავლეთ უკრაინაში ბაბუაჩემს „გერმანელები“ მოკლავდნენ, ბევრად ადრე „ჩვენიანებმა“ საქართველო მოკლეს!

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG