Accessibility links

logo-print logo-print

ცარ-ში მოკლული ჟურნალისტები „პუტინის მზარეულის“ ოქროს ეძებდნენ


სულ ახალ-ახალი ინფორმაციები ჩნდება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლული რუსი ჟურნალისტების იქ ჩასვლის მიზეზების შესახებ. თავდაპირველი ვერსიით, ორხან ჯემალი, ოპერატორი კირილ რადჩენკო და რეჟისორი ალექსანდრ რასტორგუევი ამზადებდნენ დოკუმენტურ ფილმს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შესახებ, რომლის ვინაობაც ფართოდ ცნობილი გახდა სირიაში ამ დაჯგუფების მებრძოლებზე აშშ-ის ავიაციის მიერ თებერვალში განხორციელებული საავიაციო იერიშის შემდეგ. კერძოდ, ისინი აპირებდნენ მოხვედრას ოქროს საბადოებზე, რომელზეც მომპოვებელ სამუშაოებს აწარმოებს „პუტინის მზარეულად“ ცნობილი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის, რუსული კომპანია.

ინფორმაცია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლული რუსი ჟურნალისტების შესახებ

სულ ახალ-ახალი ინფორმაცია ჩნდება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოკლული რუსი ჟურნალისტების იქ ჩასვლის მიზეზების შესახებ:

  • თავდაპირველი ვერსიით, ორხან ჯემალი, ოპერატორი კირილ რადჩენკო და რეჟისორი ალექსანდრ რასტორგუევი ამზადებდნენ დოკუმენტურ ფილმს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შესახებ.
  • ჟურნალისტები აპირებდნენ მოხვედრას ოქროს საბადოებზე, რომელზეც მომპოვებელ სამუშაოებს აწარმოებს „პუტინის მზარეულად“ ცნობილი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის, რუსული კომპანია.
  • ერთ-ერთი ვერსიით, ჟურნალისტები დახოცეს გაძარცვის მიზნით.
  • მორიგი ვერსიით, გზაზე მიმავალი მანქანა მიზანმიმართულად გააჩერეს, ჟურნალისტები გადმოიყვანეს, დაკითხეს და შემდეგ დახვრიტეს.

შუა ივლისში ერთ-ერთმა აფრიკულმა გამოცემამ (Africa Intelligence) გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, ინდასიმას ოქროს საბადოების დამუშავების შესახებ რუსეთმა შეთანხმებას მიაღწია ცენტრალური აფრიკის ხელისუფლებასთან. შეთანხმების ერთ-ერთი პირობა ითვალისწინებდა რეგიონში წესრიგის დამყარებას. საბადოების დამუშავების სამუშაოები უნდა ეწარმოებინა კომპანია Lobaye Invest-ს, რომელიც გამოცემა Africa Intelligence-ის თანახმად, დააფუძნა რუსულმა კომპანია „მ-ინვესტმა“ ("М-Инвест"), რომელიც უკავშირდება კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ სპონსორს, ევგენი პრიგოჟინს.

ზემოხსენებული გამოცემა (Africa Intelligence) ამტკიცებს, რომ კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები მუშაობენ Lobaye Invest-ისთვის და პასუხს აგებენ ოქროს საბადოებზე ძვირფასი ლითონის მოპოვებისათვის საჭირო აღჭურვილობის გადატანასა და დაცვაზე.

კიდევ ერთი გამოცემის თანახმად, კომპანია Lobaye Invest-ი ანალოგიურ ფუნქციებს ასრულებს სუდანში: კომპანიის თანამშრომლები აკონტროლებენ ალმასების მოპოვებას ერთ-ერთ საბადოზე.

რუსი ჟურნალისტები - ორხან ჯემალი, ოპერატორი კირილ რადჩენკო და რეჟისორი ალექსანდრ რასტორგუევი - 30 ივლისს დახოცილები იპოვეს. ისინი, სავარაუდოდ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ შექმნილი პროექტის, „გამოძიებათა მართვის ცენტრის“ (ЦУР), დაკვეთით. რუსეთის სამი მოქალაქე, რომლებსაც ჟურნალისტის მოწმობები ჰქონდათ, ქალაქ სიბიუსგან 23 კილომეტრით დაშორებულ გზაზე მოკლეს, სავარაუდოდ, გაძარცვის მიზნით. როგორც „გამოძიებათა მართვის ცენტრი“ აცხადებს, 30 ივლისს ჟურნალისტებს ქალაქ ბამბარიში დათქმული ჰქონდათ შეხვედრა გაეროს სტრუქტურის ერთ-ერთ თანამშრომელთან, რომელსაც მათთვის ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მყოფი რუსი სამხედრო ინსტრუქტორების შესახებ და დახმარებოდა მათ ინდასიმას ოქროს საბადოებზე გადაღებებში. ჟურნალისტები გაეშურნენ ამ შეხვედრაზე, მაგრამ, როგორც „გამოძიებათა მართვის ცენტრი“ აცხადებს, უცნობი მიზეზით ისინი მარშრუტს ასცდნენ.

ჟურნალისტების დაღუპვის მიზეზი და ასევე მათზე თავდამსხმელთა ვინაობა აქამდე ცნობილი არ არის. ერთ-ერთი ვერსიით, ჟურნალისტები დახოცეს გაძარცვის მიზნით, ხოლო მანქანა, რომლითაც ისინი მიდიოდნენ, ალყიდან დაცხრილეს. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მთავრობის პრესმდივანმა ანჟ მაკსიმ კაზაგიმ განაცხადა, რომ თავდამსხმელებმა სცადეს მანქანის გატაცება, ხოლო დახოცილი ჟურნალისტები იპოვეს ფულისა და ძვირად ღირებული აპარატურის გარეშე, რომელიც მათ თან ჰქონდათ.

მორიგი ვერსიით, გზაზე მიმავალი მანქანა მიზანმიმართულად გააჩერეს, ჟურნალისტები გადმოიყვანეს, დაკითხეს და შემდეგ დახვრიტეს. ასევე უცნობია, თუ როგორ გადარჩა მძღოლი, რომელსაც ჟურნალისტები გადაჰყავდა.

დაღუპვამდე ერთი დღით ადრე ჟურნალისტი ორხან ჯემალი, ოპერატორი კირილ რადჩენკო და რეჟისორი ალექსანდრ რასტორგუევი შეეცადნენ შეეღწიათ ბერენგოს სამხედრო ბაზაში, სადაც, სავარაუდოდ, დაქირავებული რუსი ინსტრუქტორები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ეროვნულ არმიას (FACA)წვრთნიან. ბაზაზე მოხვედრა მათ ვერ მოახერხეს, რადგან ჟურნალისტებს მოსთხოვეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ნებართვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG