Accessibility links

ცენტრალური ევროპა პომპეოს ვიზიტის დროს რამპის შუქით ტკბება


უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოს უყვარს, როცა ჟურნალისტები ეკითხებიან ქვეყანაზე უცხოეთის გავლენის შესახებ. ის ერთსა და იმავე პასუხს იძლევა, სხვადასხვა ვარიაციით, მაგრამ პასუხი დანასავით ჭრის. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც, როცა ერთხელ ვკითხე უნგრეთის ქალაქ პაკშთან რუსეთის მიერ დაფინანსებული ატომური ელექტროსადგურის შესახებ და ასევე იყო, როცა ლაპარაკობდა ბუდაპეშტში ორშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, ვიზიტზე.

პასუხი, დაახლოებით, ასეთია: „ევროკავშირის მმართველ წრეებში ყველა მკაცრად ლაპარაკობს რუსეთზე. და მერე ჩავდივარ სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე ზაფხულში და ვის ვხედავ იქ საპატიო სტუმრად? ემანუელ მაკრონს, რომელიც სცენაზეა პრეზიდენტ პუტინთან ერთად. მერე ვმონაწილეობ რუსეთის ენერგეტიკულ კვირეულში. ვინ მონაწილეობს პრეზიდენტების პანელში პრეზიდენტ პუტინთან ერთად? „ტოტალის“, „შელის“, „ენელისა“ და „ფორტუმის“ აღმასრულებელი დირექტორები. და, როგორც იცით, ეს არ არის კომპანიები ცენტრალური ევროპიდან. აბა, გამოიცანით, ვინ ამზადებს „გაზპრომთან“ ერთად „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობას? დასავლეთის უდიდესი ენერგოკომპანიები“.

ბოლოს სიიარტო, ჩვეულებრივ, მოაყოლებს ხოლმე, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ან გერმანიის კანცლერი და ნებისმიერი სხვა დასავლეთევროპელი ლიდერი უფრო ხშირად ელაპარაკებიან ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ვიდრე ნებისმიერი უნგრელი ოფიციალური პირი.

ასეთივე პასუხი გაისმა, როცა პომპეო რეგიონალური ტურნეს მსვლელობაში ამ კვირაში ესტუმრა ბუდაპეშტს, რათა გარკვეულიყო ჩინეთ-უნგრეთის მზარდ მეგობრობასა და მის შედეგებში. მიუხედავად აშშ-ის გაფრთხილებისა, რომ ჩინეთთან დაკავშირებული კორუფცია საზიანოა ეროვნული უსაფრთხოებისათვის და რომ ჩინეთის გიგანტურმა სატელეკომუნიკაციო კომპანია „ჰუავეიმ“, რომელიც უნგრეთის ბაზარზე დომინირებს და ქვეყანაში ახალი ჰაბის შექმნას აპირებს, შესაძლოა ავნოს უსაფრთხოების სფეროში აშშ-უნგრეთის ურთიერთობას, ბუდაპეშტმა მას მოკლედ მოუჭრა: უნგრეთის წილი ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ვაჭრობაში სულ 1,2 %-ს შეადგენსო.

როცა შეხვედრის შემდეგ ერთ უნგრელ ოფიციალურ პირს ვკითხე ჩინეთთან კავშირის შესახებ, მან თქვა: „ამერიკელებს ვუთხარით, რომ, თუ სურთ ევროკავშირზე ჩინეთის გავლენის ნახვა, იქნებ უნგრეთს კი არა, სხვა ადგილებს უყურონ, მაგალითად, საფრანგეთსა და გერმანიას“. ამას მოჰყვა ამბის მოყოლა იმაზე, თუ როგორ მუშაობდა გერმანია რამდენიმე წლის წინ ჩინურ მზის პანელებზე ევროკავშირის დამსჯელი გადასახადებისათვის ძირის გამოსათხრელად.

ტაქტიკა ნათელია: ამხილე დასავლეთის ფარისევლობა ყველაფერში, რაშიც ქვეყანას ადანაშაულებენ. და ასეთია ტაქტიკა, რომელსაც იყენებენ სლოვაკეთი და პოლონეთიც, ცენტრალური ევროპის კიდევ ორი ქვეყანა, პომპეოს სამოგზაურო გეგმაში. სინამდვილეში, აშშ-მა იცის, რომ ვიშეგრადის ჯგუფში შემავალი ოთხი ქვეყანა, ჩეხეთის რესპუბლიკის ჩათვლით, ვაშინგტონის უახლოესი მოკავშირეა ევროკავშირში, გაერთიანებული სამეფოს ბრექსიტთან მიახლოების ფონზე.

პოლონელ და უნგრელ დიპლომატებს თავი მოაქვთ იმით, თუ რა საუცხოოდ თანამშრომლობენ რესპუბლიკელების ადმინისტრაციასთან და რამდენი საერთო აქვთ ისეთ საკითხებში, როგორიცაა მიგრაცია, შინ ქრისტიანული ფასეულობებისა და ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების დაცვა და სკეპტიკური დამოკიდებულება გარემოს დაცვისა და ირანის ბირთვული შეთანხმების მიმართ.

უნგრეთს ჩვევად ჩამოუყალიბდა ვეტოს დადება ევროპის ნებისმიერ განცხადებაზე, რომელიც აშშ-ის საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილებების კრიტიკის შთაბეჭდილებას ტოვებს, ხოლო პოლონელები მზად არიან თავს ევროკავშირის რისხვა დაიტეხონ ამ კვირაში ახლო აღმოსავლეთის შესახებ კონფერენციის ვარშავაში ამერიკელებთან ერთად მასპინძლობით. როცა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვკითხე, ვინ ჩამოდის-მეთქი, გახარებულმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, პომპეო და პრეზიდენტის სიძე და მრჩეველი ჯარედ კუშნერი, ყველანი იქ იქნებოდნენ და რომ ისინი და ახლო აღმოსავლეთის არაბი წარმომადგენლები განიხილებიან უმნიშვნელოვანეს სტუმრებად და არა დასავლეთევროპელები. საპასუხოდ რისი მიღების იმედი აქვს პოლონეთს, ჯერ გაურკვეველია, მაგრამ დიპლომატები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ შესაძლებლობებს შორის არის ამერიკული ბაზა პოლონეთის მიწაზე, ან მეტი ამერიკული იარაღი, როცა მოქმედებას შეწყვეტს ხელშეკრულება საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული და კონვენციური რაკეტების შესახებ (INF). პოლონეთში აშშ-ის ელჩმა ამ კვირაში თქვა, რომ საქმეში, დიდი ალბათობით, ჩართულია მეტი ამერიკელი ჯარისკაცი.

როცა ევროკავშირი პარალიზებულია ბრექსიტის ენდშპილით და პარიზი და ბერლინი ცდილობენ გამოაცოცხლონ ძველი ფრანკო-გერმანული ძრავა ევროკავშირის გულში, უნდა მოველოდეთ, რომ ვიშეგრადის ჯგუფის ოთხ ქვეყანას ნატვრით სავსე მზერა სხვა მიმართულებით გაექცევა - ხან პეკინისაკენ, მაგრამ, უმეტესწილად, თავისი უახლოესი მეგობრისაკენ ატლანტიკის მიღმა.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG