Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს ტყვიები ჩემთვის იყო განკუთვნილი“ - ხაშურში ორი კაცი მოკლეს, დაპირისპირება ქვიშის კარიერს უკავშირდება

შენიშვნა: ფოტო ილუსტრაციაა და შემთხვევის ადგილს არ ასახავს
შენიშვნა: ფოტო ილუსტრაციაა და შემთხვევის ადგილს არ ასახავს

ხაშურში ორი კაცი მოკლეს. ბრალდებული დაკავებულია. შსს-ს ცნობით, ურთიერთშელაპარაკება „წარსულში არსებული დავის“ გამო დაიწყო; ბრალდებულმა „ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, დაზიანებები მიაყენა 2 პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“.

„მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“, - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია.

რადიო თავისუფლებას ადვოკატმა ირინა ფერაძემ დაუდასტურა, რომ დაკავებული ინდმეწარმე ნიკა კილაბერიძეა. მოკლულები კი შპს „ბილტმორის“ წარმომადგენლები არიან. სწორედ ამ კომპანიასთან ჰქონდა დაპირისპირება კილაბერიძეს.

შპს „ბილტმორი“ შიდა ქართლში, მათ შორის ხაშურის მუნიციპალიტეტში, არაერთი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის შემსრულებელია.

ნიკა კილაბერიძე კი ადვოკატის ცნობით, ხაშურში მდებარე ერთ-ერთი კარიერის მესაკუთრეა, რომელსაც თვეებია დავა აქვს შპს „ბილტმორთან“, რომელსაც მისი კარიერიდან ადვოკატის ცნობით, ქვიშა-ხრეში უკანონოდ გაჰქონდა.

„დაურეკა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, შპს „ბილტმორის“ ორ წარმომადგენელს შეხვდა. საუბარი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა თავი ვერ შეიკავა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. მე თავად დავრეკე 112-ში და ვუთხარით, სად მოხდა ეს შემთხვევა. ახლა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა.

რა დაპირისპირებაზე საუბრობს ადვოკატი?

ინდმეწარმე ნიკოლოზ კილაბერიძეს და შპს ბილტმორს შორის დაპირისპირება ქვიშა-ხრეშის კარიერის გამო დაიწყო.

ადვოკატის ცნობით, თვეზე მეტია ინდმეწარმე ნიკოლოზ კილაბერიძის კუთვნილი კარიერიდან კომპანია ,,ბილტმორის" წარმომადგენლებს ქვიშა-ხრეში უკანონოდ გაჰქონდათ. მან სასამართლოსაც მიმართა. მისივე ცნობით, კილაბერიძემ კარიერის ლიცენზია 2023 წელს მოიპოვა.

თავის მხრივ შპს „ბილტმორი'' ამტკიცებს, რომ ქვიშა-ხრეშის საწარმო კანონის დაცვით ნაქირავები აქვს და შეძენილი აქვს 9 ტონა ქვიშა-ხრეში.

კილაბერიძეების ადვოკატი ირინა ფერაძე ამბობს, რომ ,,ბილტმორს'' ე.წ. დრაბილკა მიაქირავა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ ლევან გამრეკელმა [ის ახლა დაკავებულია კორუფციის ბრალდებით] და მის უკან მდგომმა კომპანიამ ,,გუდ ბილდინგსმა''.

გამრეკელს და ,,გუდ ბილდინგს'' კი, ირინა ფერაძის თქმით, კილაბერიძეების ქვიშა-ხრეშის იჯარით გაცემის უფლება არ ჰქონდათ.

,,მოხდა ის, რისიც მეშინოდა. დიდი ხანია ვითხოვდი პოლიციის რეაგირებას. პოლიციას რომ დროულად ემოქმედა, ეს ამბავი არ მოხდებოდა“, - ამბობს ირინა ფერაძე.

ქონებაზე სამოქალაქო დავა სასამართლოში მიდის, დავის გადაწყვეტამდე ადვოკატმა წიაღისეულის დაყადაღება და სამუშაოების შეჩერება მოითხოვა, რაც დააკმაყოფილა კიდეც სასამართლომ, თუმცა ხრეშის გატანა კომპანიას „ბილტორმა“ მაინც არ შეწყვიტა.

რას ამბობენ შპს „ბილტმორში“?

ვიდეოჩანაწერებში, რომელსაც ადვოკატი ფეისბუქზე ავრცელებდა, კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავდა, რომ თუ აღნიშნული კარიერიდან მასალის გატანას ვერ შეძლებდნენ, ტენდერით ნაკისრ ვალდებულებებს ვერ შეასრულებდნენ და დამკვეთი, ხაშურის მერია დააჯარიმებდა.

„ეს ტყვიები ჩემთვის იყო განკუთვნილი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კომპანია ბილტმორის დირექტორმა შალვა ოვაკიმიანმა. მისივე ცნობით, მოკლულები მუშები არიან, 30 და 35 წლის ბიჭები.

„რატომ მოკლეს? ვინც მოკლა კი რაღაც გვქონდა მე და მაგას მაგრამ ამ ახალგაზრდა ბიჭებს, არაფერი, მეორეს არც იცნობდა, ორი დღის ჩამოყვანილი მყავდა ის ახალგაზრდა ბავშვი....“, - ამბობს ის.

მისივე მტკიცებით, ამ დავაში მესამე პირი იყო და კილაბერიძეს დავა არა მასთან, არამედ ლევან გამრეკელთან ჰქონდა.

ლევან გამრეკელი ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილეა. ის და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი - პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი - დიდი ოდენობით ქურდობისთვის დააკავეს.

უწყების თანახმად, "გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან გამრეკელმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში შექმნა ორგანიზებული ჯგუფი პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად. ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა."

„... ჩვენ და მაგათ შორის არ იყო დავა, დავა მაგათ და ლევან გამრეკელს შორის იყო... რა მათი ქონებაა, სახელმწიფო მიწაა, მე საერთოდ მესამე პირი ვარ, ვიყიდე ლევან გამრეკელისგან, სახელმწიფო კომპანიისგან... ჩვენ ვიყიდეთ ამოღებული დასაწყობებული პროდუქცია, მომპოვებლებიც არ ვართ... შევედით და ვფქვავდით ჩვენთვის... ერთი საბუთი მომიტანეთ, რომ თქვენია ეს მიწა... მერე საერთოდ გაირკვა, რომ მერე ეს იჯარა არასწორი გაკეთებული იყო... პატიოსნად ვიდექი და ვფქვავდი“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაპირისპირება, რომელიც მსხვერპლით დასრულდა, ხაშურში ტაბიძის სკვერში მოხდა.

მასალა ახლდება

ფორუმი

XS
SM
MD
LG