Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილია ევრო 2020-ზე საქართველოს ნაკრების პოტენციურ მეტოქეთა ვინაობა


საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში C ჯგუფში მოხვდება და ჰოლანდიის, უკრაინისა და ავსტრიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

ევროპირველობის ფინალური ეტაპის წილისყრა ბუქარესტში დღეს გაიმართა და ჯგუფებიც თითქმის სრულად დაკომპლექტდა. ტურნირის მონაწილე ოცდაოთხი ნაკრებიდან ოცის ვინაობა უკვე ცნობილია, დარჩენილი ოთხი საგზურისთვის ბრძოლა კი უეფას ერთა ლიგის ოთხ დივიზიონში გრძელდება.

საქართველოს ნაკრები D დივიზიონის ნახევარფინალშია და 2020 წლის 26 მარტს ბელორუსიის ნაკრებს უმასპინძლებს. თუ მოუგებს, 31 მარტს, გადამწყვეტ შეხვედრაში, ასევე საქართველოში დაუპირისპირდება ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს ნახევარფინალის გამარჯვებულს.

ევრო 2020-ს თორმეტი ქვეყანა უმასპინძლებს. შეჯიბრება 12 ივნისს რომში გაიხსნება, ევროპის ჩემპიონი კი 12 ივლისს გამოვლინდება ლონდონში.

ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგად, ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:

A ჯგუფი (მასპინძლები: რომი, ბაქო) - თურქეთი, იტალია, უელსი, შვეიცარია.

B ჯგუფი (მასპინძლები: პეტერბურგი, კოპენჰაგენი) - დანია, ფინეთი, ბელგია, რუსეთი.

C ჯგუფი (მასპინძლები: ამსტერდამი, ბუქარესტი) - ჰოლანდია, უკრაინა, ავსტრია, D დივიზიონის გამარჯვებული.

D ჯგუფი (მასპინძლები: ლონდონი, გლაზგო) - ინგლისი, ხორვატია, ჩეხეთი, C დივიზიონის გამარჯვებული.

E ჯგუფი (მასპინძლები: ბილბაო, დუბლინი) - ესპანეთი, შვედეთი, პოლონეთი, B დივიზიონის გამარჯვებული.

F ჯგუფი (მასპინძლები: მიუნხენი, ბუდაპეშტი) - გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია, A დივიზიონის გამარჯვებული.

ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად უეფას ერთა თასის პლეი ოფში აგრძელებენ ბრძოლას: A დივიზიონიდან - ისლანდია, ბულგარეთი, უნგრეთი და რუმინეთი, B დივიზიონიდან - ბოსნია, სლოვაკეთი, ირლანდია და ჩრდილოეთ ირლანდია, C-დან - შოტლანდია, ნორვეგია, სერბია და ისრაელი, D-დან - საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო და ბელორუსია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG