Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ოჯახების წევრებს მოთმინების ფიალა ევსებათ


საოკუპაციო გამყოფი ზოლი
საოკუპაციო გამყოფი ზოლი

„ყურადღებას საერთოდ აღარავინ გვაქცევს, ახალი ინფორმაცია საერთოდ აღარ გვაქვს, წითელი ჯვარიც მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ არ გვიშვებენო. აღარ ვიცით, რა გავაკეთოთ“, - ეს სიტყვები რადიო თავისუფლებას ზაზა გახელაძის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა, უთხრა. თვეზე მეტი გავიდა, რაც ქვემოჭალელი ზაზა გახელაძე სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დაჭრეს და დააკავეს. ამის შემდეგ ზაზა გახელაძე ჯერ ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა, იქიდან კი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. დე ფაქტო პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზაზა გახელაძეს ბრალად ედება სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. გახელაძის ოჯახში დაკავებულის შესახებ ახალი ინფორმაცია არა აქვთ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლოს მათ 30 ივლისს ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ ესაუბრნენ და მხოლოდ ის უთხრეს, რომ ზაზას ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

„ერთი დამაიმედებელი სიტყვაც კი აღარ თქმულა. რაღას უნდა ველოდეთ, არ ვიცით. ეს დუმილი სულ უფრო ნეგატიურად მოქმედებს ჩვენზე. წითელ ჯვარს ეს პასუხი აქვს: „არ გვიშვებენ“. ალბათ, მალე მივალთ იმ ზომამდე, რომ აქციებს დავიწყებთ“, - ამბობს ირმა ბუთხუზი და ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს დაკავებულის მიმართ მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს.

ამოქმედებულია ყველა მექანიზმი, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს, ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება, რომლებიც ამჟამად ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.

ცხინვალის იზოლატორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ 16 აგვისტოს სპეციალური განცხადება გაავრცელა სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შესაბამის უწყებებთან ერთად ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ამჟამად ცხინვალის იზოლატორში მყოფი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ოჯახებში დასაბრუნებლად.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეების დაკავების პირველივე დღიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

დაკავების მომენტიდან დღემდე სხვადასხვა არხებით ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ შესაბამის უწყებებთან ერთად. ამოქმედებულია ყველა მექანიზმი, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს, ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება, რომლებიც ამჟამად ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. დაკავების პირველივე დღიდან სახელმწიფო მინისტრის აპარატი აწარმოებს ორმხრივ შეხვედრებს საქართველოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ასევე კონფლიქტის მიმართულებით მომუშავე შესაბამის საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც გაგრძელდება სახელმწიფო მინისტრის უშუალო ჩართულობით. ვიმედოვნებთ, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ მოინახულონ უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეები და სრული ინფორმაცია მიაწოდონ ოჯახებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

IPRM-ი მორიგი შეხვედრა ერგნეთში ჩანიშნულია 24 სექტემბერს, სადაც ეს საკითხი უმწვავესად იქნება დაყენებული ჩვენი მხრიდან. თუმცა გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ ყველა იმ ძალისხმევის შედეგად, რასაც ჩვენი სახელმწიფო ატარებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩვენი მოქალაქეები უახლოეს მომავალში დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს, - ნათქვამია განცხადებაში.

წითელი ჯვარი ამ დრომდე ვერ ახერხებს შესვლას. 20-ში ველოდებით მის გათავისუფლებას. როგორც გავიგეთ, მხოლოდ ე. წ. საზღვრის გადაკვეთისთვის ასამართლებენ და ღამურების ბრალდება მოუხსნეს.
ნუგზარ მღებრიშვილი

ზაზა გახელაძის დაკავებიდან 37 დღეა გასული და ოჯახს მხოლოდ განცხადებები ესმის. სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი კი, უკვე 45 დღეა, ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. მისმა ოჯახმა ცხინვალიდან მიიღო ინფორმაცია, რომ სასამართლო პროცესი 20 აგვისტოს გაიმართება, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებას ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ოჯახს იმედი აქვს, რომ გატაცებულ მამაკაცს მხოლოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის გაასამართლებენ და ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ საპატიმროდან გაათავისუფლებენ, თუ არა, მღებრიშვილებიც აქციების გამართვას აპირებენ.

„წითელი ჯვარი ამ დრომდე ვერ ახერხებს შესვლას. 20-ში ველოდებით მის გათავისუფლებას. როგორც გავიგეთ, მხოლოდ . . საზღვრის გადაკვეთისთვის ასამართლებენ და ღამურების ბრალდება მოუხსნეს. თუ არ გამოუშვებენ, აქციებს გავმართავთ და არა მარტო მეჯვრისხევში, ცენტრალურ მაგისტრალსაც გადავკეტავთ", - აცხადებს დაკავებულის ძმა, ნუგზარ მღებრიშვილი.

ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს, სოფელ აძვისთავთან, დააკავეს და, ე. წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდების გარდა, წითელ წიგნში შეტანილი იშვიათი სახეობების მოპოვების მცდელობაც დააბრალეს. საუბარია ცხინვალის რეგიონში ღამურების მოპოვებაზე, ღამურებისა, რომლებიც, თითქოსდა, ლუგარის ცენტრს საკვლევ მასალად სჭირდებოდა და მღებრიშვილს 5 000-დან 10 000 დოლარამდე თანხად უნდა გაეყიდა. მღებრიშვილის აღიარებითი ვიდეოჩვენება დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა, თუმცა მღებრიშვილის ოჯახის წევრები ამ ვერსიას აბსურდად და ცხინვალის მიერ დადგმულ მორიგ სპექტაკლად მიიჩნევენ. ერგნეთის შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ, განაცხადა, რომ ღამურების მოპოვების ბრალდების ნაწილში დე ფაქტო ხელისუფლება აღარაფერს ამბობს.

მღებრიშვილის საკითხზე დაისვა კონკრეტული შეკითხვა, .. ბრალი რა ფორმით იყო ინკრიმინირებული. მიღებული პასუხის მიხედვით, მას .. ბრალი ედება უკანონო საზღვრის უკანონო კვეთაში. რაც შეეხება ღამურების ეპიზოდს, ჩვენ ვერ მივიღეთ დადასტურება, რომ მღებრიშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადგილობრივი ფლორის ხელყოფის მცდელობას“, - აღნიშნა ანთაძემ.

საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის ციხიდან საქართველოს სამი მოქალაქის გათავისუფლებას უპირობოდ მოითხოვს. ზაზა გახელაძის და ხვიჩა მღებრიშვილის გარდა, ლაპარაკია გენადი ბესტაევზე, რომელიც ცხინვალის ციხეში, ე.წ. საზღვრის მრავალჯერადი „დარღვევისა“ და ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდის ბრალდებით, ორწლიან სასჯელს იხდის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG