Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი საერთაშორისო დახმარების გარეშე დარჩა - ბიბილოვის რეპუტაცია ზიანდება


ცხინვალი
ცხინვალი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება, ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიღებაზე მხოლოდ რუსეთის გავლით თანხმდება და სხვა წინადადებას არც განიხილავს. ეს პოზიცია დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან ვიდეოკონფერენციის დროსაც დააფიქსირა.

ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გარკვეული დროის განმავლობაში უშედეგოდ არწმუნებდნენ მიეღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარება. ცხინვალში ბევრ სამოქალაქო აქტივისტს არ ესმის, რა საჭიროა ბიბილოვის ხელისუფლების მხრიდან ასეთი პირობების დაყენება, როცა ადგილზე ყველამ იცის, რომ ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებელია ვირუსთან საბრძოლველად, რუსეთის დახმარება კი მინიმალურია. ცხინვალელი პოლიტოლოგი ვიაჩესლავ გობოზოვი ამბობს, რომ მისთვის გასაგებია ბიბილოვის ხელისუფლების ლოგიკა. მისი აზრით, საერთაშორისო ორგანიზაციების წინადადებებში პოლიტიკური შემადგენელი უფრო მეტია, ვიდრე ჰუმანიტარული.

ანატოლი ბიბილოვი
ანატოლი ბიბილოვი

რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზასთან“ საუბრისას ის აცხადებს, რომ დახმარების მიღება თბილისის გავლით - ეს იმ პოლიტიკის გამოვლინებაა, რომელიც სამხრეთ ოსეთის საქართველოს ორბიტაზე დაბრუნებას ემსახურება. მისი აზრით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის პირდაპირი გზა უნდა აირჩიონ და არა თბილისის ან მოსკოვის გავლით.

აერთაშორისო ორგანიზაცია „კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის“ ანალიტიკოს ოლესია ვართანიანის აზრით, ცხინვალში უნდა ესმოდეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ნიუანსები - მაგალითად, ის, რომ მსოფლიო ჯანდაცვის სპეციალისტებს, რომლებიც ცხინვალს დახმარებას სთავაზობდნენ, საქართველოს ხელისუფლებასთან არანაირი ურთიერთობა არა აქვთ. ვართანიანს აფხაზეთის მაგალითიც მოჰყავს. მისი თქმით, მარტის დასაწყისში, როცა სოხუმში მიხვდნენ, რომ პანდემიასთან საბრძოლველად მზად არ იყვნენ, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარების თხოვნით მიმართეს, მარტის შუა რიცხვებში კი მათ ეს დახმარება ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისგან მიიღეს.

„ეხო კავკაზასთან“ საუბარში ვართანიანი ამბობს, რომ სოხუმში სპეციალისტებმა, სამედიცინო აღჭურვილობის ჩატანის გარდა, ადგილობრივი კადრებიც გადაამზადეს. ვართანიანის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაცია აფხაზეთს არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ ეკონომიკური მიმართულებითაც დაეხმარება. სოხუმში მუშაობის დროს ჯანმოს სპეციალისტები ცხინვალსაც დაუკავშირდნენ და ისეთივე დახმარება შესთავაზეს, თან ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს თბილისთან არანაირ კავშირში არ იყო, პასუხად კი ანატოლი ბიბილოვმა საკუთარი პირობები წამოაყენა: თუ გინდათ ცხინვალში მოხვედრა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოდითო. ამ პირობის შესრულება კი შეუძლებელი იყო, რადგან იმ დროისთვის რუსეთსაც და საქართველოსაც საზღვრები უკვე დაკეტილი ჰქონდა და სპეციალსტების ცხინვალში მოსახვედრად მხოლოდ ერგნეთის გადასასვლელი რჩებოდა. ოლესია ვართანიანის თქმით, ჰუმანიტარული ტვირთის მიღების აუცილებლობაში ბიბილოვის ხელისუფლების დარწმუნებას ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებიც ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

ცხინვალი
ცხინვალი

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის დახმარების მიღებაზე უარის თქმით, ბიბილოვის ხელისუფლება საკუთარ და მთლიანად ოკუპირებული რეგიონის რეპუტაციას ზიანს აყენებს როგორც შიდაპოლიტიკური, ასევე საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით. იზოლაციური პოლიტიკა და მხოლოდ რუსეთისკენ მზერა, ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტების შეხედულებით, ბიბილოვს მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს. იქმნება აზრი, რომ მას არც საკუთარი ხალხი აინტერესებს და არც საერთაშორისო კონტაქტების მოწესრიგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG