კომისიამ კანდიდატის სასარგებლოდ შეგროვებული ხელმოწერების ნაწილი დაიწუნა, ასევე მიუთითა მის შემოსავლებსა და ქონებასთან დაკავშირებულ „არაზუსტ და არასრულ ინფორმაციაზე“.
„გარდა ამისა, 15 აგვისტოს ლინგვისტურმა კომისიამ დაასკვნა, რომ ჩოჩიევი რუსულ ენას სათანადო დონეზე არ ფლობს“, - წერს გამოცემა „საპა“.
ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, „საპრეზიდენტო კანდიდატი“ რუსულ და ოსურ ენებს თავისუფლად უნდა ფლობდეს.
ამ ეტაპზე საარჩევნო კომისიამ უკვე დაარეგისტრირა კანდიდატად მოსკოვიდან საგანგებოდ მოვლენილი მარატ კამბოლოვი, რომელიც ამჟამად ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს.
21 აგვისტოს რეგისტრაციაში გატარდა პარტია „ერთიანობის“ ლიდერი ზურაბ კოკოევი.
ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული კიდევ ორ კანდიდატზე: მურატ ვალიევი პარტია „ალანიის პატრიოტებმა“ წარადგინა, ხოლო კაზბეკ კოდოევი - საინიციატივო ჯგუფმა.
პირველ ეტაპზე ე.წ. საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი უთხრა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ ედუარდ გაბარაევს და „განვითარების პარტიის“ კანდიდატს, ფატიმა ხუგაევას.
მარატ კამბოლოვს ცხინვალში ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა უჭერს მხარს. იმისთვის, რომ მას ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობა დაეკავებინა:
- 2026 წლის 9 მაისს ვლადიმირ პუტინმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთთან გააფორმა შეთანხმება „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების“ შესახებ, რომელიც ექსპერტთა ნაწილმა ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნია;
- 21 მაისს, შეთანხმების საფუძველზე, შეიცვალა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. კონსტიტუცია, რითაც კამბოლოვს, რომელსაც ცხინვალის რეგიონში არ უცხოვრია, „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობის უფლება მისცეს;
- 27 მაისს ალან გაგლოევმა კამბოლოვი ე.წ. პრეზიდენტის „სახელმწიფო მრჩევლად“ დანიშნა, 8 ივნისს კი „პარლამენტს“ მისი კანდიდატურა „პრემიერის“ პოსტზე წარუდგინა;
- 16 ივნისს ე.წ. დეპუტატებმა კამბოლოვის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს;
- 22 ივნისს მოსკოვში პუტინმა გაგლოევი მიიღო;
- 23 ივნისს გაგლოევი გადადგა, პუტინმა ის საკუთარ მრჩევლად დანიშნა, კამბოლოვი კი ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა;
- 13 ივლისს პუტინმა კრემლში კამბოლოვი მიიღო და მას „არჩევნებში“ წარმატება უსურვა.
61 წლის მარატ კამბოლოვი ვლადიკავკაზის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კურსდამთავრებული და რუსეთის „კურჩატოვის ინსტიტუტის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია.
კამბოლოვის კარიერა თითქმის მთლიანად უკავშირდება რუსეთის ფედერალურ სახელმწიფო სამსახურს. „კურჩატოვის ინსტიტუტამდე“ მას რუსეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ეკავა თანამდებობები, მათ შორის ფედერალურ ანტიმონოპოლიურ სამსახურში, ეროვნებათა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროში, ასევე მრეწველობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროში. 2006 წლიდან კამბოლოვი რუსეთის მეცნიერებისა და ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 2010-2014 წლებში რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ფორუმი