Accessibility links

logo-print logo-print

2020 წელს ჩვენგან წასული ადამიანები


ჩარი რამასკომპოზიტორი, „ოთარაანთ ქვრივისგიორგი, „ცეროდენას ეკრანისდონარა - პიროვნებები, რომლებიც მე-20 საუკუნის საქართველოს ქმნიდნენ, ნელ-ნელა ჩვენგან მიდიან. რადიო ვისუფლება 2020 წელს გარდაცვლილ ცნობილ ადამიანებს იხსენებს.

გოგი თოდაძე - რეჟისორი

ეს რა ცხოვრებაა - გეცინებოდეს, ვერ იცინო, გეტირებოდეს, ვერ იტირო. მე ამ სახლს გავყიდი“! - ამბობს ერთ-ერთი პერსონაჟი სპექტაკლისა „ეზოში ავი ძაღლია“. ის დიდ ეზოში ცხოვრობს, სადაც მეზობლებს ყველაფერი ესმით.

„ეზოში ავი ძაღლიას“ რეჟისორი გოგი თოდაძეა. მთლიანობაში, მას 100-ზე მეტი სპექტაკლი აქვს დადგმული, მათ შორის: „აღუვსებელი საწყაული“, „ჭრილობა“, „რვა მოსიყვარულე ქალი“, „ბუდე მეცხრე სართულზე“, „დონ სეზარ დე ბაზანი“, „დარისპანის გასაჭირი“ და ა.შ.

გოგი თოდაძე გარდაიცვალა 2020 წლის 24 იანვარს, 85 წლის.

მარცხნიდან პირველი გომარ სიხარულიძე
მარცხნიდან პირველი გომარ სიხარულიძე

გომარ სიხარულიძე - კომპოზიტორი

„ჩარი რამა“, „მედუზა“, „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“ - ამ ფილმების კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე 2020 წლის 27 იანვარს, 78 წლის გარდაიცვალა.

გომარ სიხარულიძე 1961–1975 წლებში ვოკალურ ანსამბლ „გორდელას“ ხელმძღვანელობდა. 1966–1970 წლებში თბილისის I სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი იყო. არის ავტორი მრავალი მუსიკალური ნაწარმოებისა.

გიორგი შენგელაია - რეჟისორი

გიორგი „ოთარაანთ ქვრივიდან“, დათო „ჩვენი ეზოდან“, შეყვარებული და მორცხვი გოგია ფილმიდან „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ - 17 თებერვალს გარდაიცვალა გიორგი შენგელაია. ის 82 წლის იყო. გიორგი შენგელაიას ბევრ ფილმში აქვს ნათამაშევი, მაგრამ, პირველ რიგში, ის მაინც რეჟისორი იყო. მისი გადაღებულია: „ვერის უბნის მელოდიები“, „ხარება და გოგია“, „მაცი ხვიტია“, „ფიროსმანი“ და „ალავერდობა“, უკვდავი კადრით - ადამიანი დიდი ტაძრის გუმბათზე.

კადრი ფილმიდან „დიდი, მწვანე ველი“ მარცხნიდან მეოთხე დგას გურამ გეგეშიძე.
კადრი ფილმიდან „დიდი, მწვანე ველი“ მარცხნიდან მეოთხე დგას გურამ გეგეშიძე.

გურამ გეგეშიძე - მწერალი

2 მარტს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი გურამ გეგეშიძე.

პირველად სამწერლო ასპარეზზე ის გურამ რჩეულიშვილთან ერთად გამოჩნდა. გამოქვეყნებული აქვს წიგნები: „მზეა, თბილა“, „ცოდვილი“; „სიშორე“ , „სტუმარი“, „ხმა მღაღადებლისა“. წლების განმავლობაში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. გადაღებულია ფილმში „დიდი მწვანე ველი“, სადაც მთავარი გეოლოგის როლი შეასრულა.

გივი მარგველაშვილი - მწერალი, მეცნიერი

გერმანულენოვანი მწერლისა და ფილოსოფოსის, გივი მარგველაშვილის, მამა, ტიტე მარგველაშვილი, გერმანიაში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გადაიხვეწა. უცხოეთში ის ქართულ სათვისტომოს ხელმძღვანელობდა. 1946 წლის 6 თებერვალს ტიტე და გივი მარგველაშვილები საბჭოთა სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ბერლინის დასავლეთის სექტორიდან მოიტაცეს და ჯერ აღმოსავლეთ ბერლინში გადაიყვანეს, შემდეგ კი საბჭოთა კავშირში, სადაც ტიტეს სასამართლომ დახვრეტა მიუსაჯა, გივი კი თბილისში ნათესავებს გადასცეს.

გივი მარგველაშვილი ავტორია მრავალი პროზაული ნაწარმოებისა, რომლებიც ცენზურის გამო არ იბეჭდებოდა. გერმანიაში დაბრუნების საშუალება მას „პერესტროიკის“ შემდეგ მიეცა. იქ გამოქვეყნდა მისი რომანი „კაპიტანი ვაკუში“ (მეორე ტომი), ასევე რომანები „მუცალი“, „დიდი კორექტურა“, პროზაული კრებულები „გადაუგდებელი ხელთათმანი“, „სიცოცხლე ონტოტექსტში“. ის ასევე ცნობილია, როგორც გერმანული ეგზისტენციალიზმის აღიარებული სპეციალისტი.

ცხოვრების ბოლო წლები გივი მარგველაშვილმა ისევ თბილისში გაატარა. გარდაიცვალა 2020 წლის 13 მარტს, 92 წლისა. დაკრძალულია მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

არჩილ მინდიაშვილი - არქიტექტორი

2 აპრილს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა არჩილ მინდიაშვილი, რომელსაც ხალხი იცნობს, როგორც სამების არქიტექტორს. სამებას არჩილ მინდიაშვლი თითქმის 10 წელი აშენებდა.

მისი აშენებულია ასევე წმინდა ილია თეზბიტელის ტაძარი და სამრეკლო (წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსში), პარიზის წმინდა მეფე თამარის სახელობის ახალი ქართული ტაძარი და ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი.

გიორგი (გოგი) ცაგარელი - ფოტოგრაფი

ამ წლის 9 აპრილს 73 წლის ასაკში გარდაიცვალა ფოტოგრაფი გიორგი ცაგარელი. გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე მან საკუთარ ფეისბუკგვერდზე 1989 წლის 9 აპრილს გადაღებული ფოტოების ალბომი გამოაქვეყნა.

გარდა 9 აპრილისა, გიორგი ცაგარლის გადაღებულია ბოლო წლების მრავალი ისტორიული მოვლენა, მათ შორის თბილისის ომი, აფხაზეთის ომი, ყარაბაღის კონფლიქტი.

თენგიზ სიგუა - პოლიტიკოსი

თენგიზ სიგუა დამოუკიდებელი საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. მოგვიანებით ის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაუპირისპირდა, მისი ხელისუფლების დამხობის შემდეგ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა. გარდაიცვალა 21 იანვარს, 86 წლისა.

რეზო ესაძე - რეჟისორი

18 აპრილს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა რეზო ესაძე. როგორც მსახიობი, რეზო ესაძე ასზე მეტ ფილმში მონაწილეობს, თავად კი 11 ფილმი აქვს გადაღებული. მათგან ყველაზე ცნობილია „ნეილონის ნაძვის ხე“, ამბავი ავტობუსის მგზავრებზე, რომლებსაც ახალი წელი გზაში მოუსწრებს. ავტობუსი, სადაც თითქმის ყველა კუთხის და ხასიათის ადამიანია თავმოყრილი, მოგვიანებით საქართველოს სიმბოლოდ იქცა.

გრივერ ფარულავა - ფილოლოგი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გრივერ ფარულავა ცალ-ცალკე თითქმის არავის ახსოვს - მთელი ცხოვრება აქ მუშაობდა და ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიას ასწავლიდა. მოგვიანებით იყო თბილისის სასულიერო აკადემიის კათედრის გამგეც. დაწერილი აქვს წიგნები: „ჰაგიოგრაფია - ხელოვნება ხელოვნების შესახებ“ და „მხატვრული სახის ბუნებისთვის ძველ ქართულ პროზაში“. გრივერ ფარულავა 11 აგვისტოს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კობა დავითაშვილი - პოლიტიკოსი

2 დეკემბერს 49 წლის ასაკში გარდაიცვალა პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი. „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე კობა დავითაშვილი საქართველოს პარლამენტის 4 მოწვევის დეპუტატი და თბილისის საკრებულოს წევრი იყო. აქტიური პოლიტიკური საქმიანობა მან 2013 წელს შეწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, რომელშიც კენჭს პრეზიდენტობის კანდიდატად იყრიდა.

თემურ ქევხიშვილი - მომღერალი

ბინდისფერია სოფელი, თანდათან უფრო ბინდდება,

რა არის ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება“.

სოლისტი თემურ ქევხიშვილი, რომელიც ამ სიმღერას ასრულებდა, 8 დეკემბერს 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის იყო ანსამბლ „გორდელას“ ერთ–ერთი დამაარსებელი. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თსუ-ის ვაჟთა გუნდს, ანსამბლ „ოროველას“, ანსამბლ „იმედს“…

2013 წლის 11 ივნისს ფონდმა „ქართული გალობა“ თემურ ქევხიშვილი „საუკუნის ხმად“ აღიარა.

ალექსანდრე რეხვიაშვილი - კინორეჟისორი

10 დეკემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა კინორეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი. როგორც დამდგმელ ოპერატორს, ალექსანდრე რეხვიაშვილს გადაღებული აქვს „ალავერდობა“ (1963), „მიქელა“ (1964), „ფიროსმანი“ (1969), „ძაღლი“ (1974), „რამაზ ჩხიკვაძე“ (2013).

როგორც რეჟისორი, იგი ავტორია მხატვრული ფილმების: „ნუცა“ (1971), „მწვანე მდელო“ (1973), „XIX საუკუნის ქართული ქრონიკა“ (1978), „გზა შინისაკენ“ (1981), „საფეხური“ (1986), „მიახლოება“ (1989).

დონარა კინწურაშვილი - ტელეწამყვანი

დონარა კინწურაშვილმა რამდენიმე ათეული წელი იმუშავა დიქტორად. იმ დროს საქართველოში სულ ერთი ტელევიზია და რამდენიმე წამყვანი იყო, ერთ-ერთი მათგანი - დონარა კინწირაშვილი. მას სხვადასხვა გადაცემები მიჰყავდა, მათ შორის „მოამბე“ და „ცეროდენას ეკრანი“.

დონარა კინწურაშვილი 12 დეკემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯულიეტა ვაშაყმაძე - ტელეწამყვანი

27 დეკემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე. ჯულიეტა ვაშაყმაძემ ტელევიზიაში მისი დაარსების დღიდან დაიწყო მუშაობა, თავიდან დიქტორად, შემდეგ კი ტელეკომენტატორად. 2013 წელს თბილისის ანძის სიახლოვეს მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. ჯულიეტა ვაშაყმაძე იყო ასევე საქართველოს დამსახურებული არტისტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG