Accessibility links

„წითელი ცხვირების“ საქმეზე მოსამართლე მხარეებს მორიგებას სთავაზობს


თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა მოსამზადებელი სხდომა საქველმოქმედო კამპანია „წითელი ცხვირების“ საქმეზე. შესაძლო მორიგების პერსპექტივით სხდომა 4 აპრილისთვის გადაიდო.

საქალაქო სასამართლო განიხილავს დავას თეონა ბაღდავაძესა და აკა სინჯიკაშვილს შორის.

აკა სინჯიკაშვილმა, რომელიც რამდენიმე წელია საქველმოქმედო საქმიანობითაა დაკავებული, 2017 წლის ივნისში სოციალურ ქსელში გაავრცელა წერილი და საჯაროდ დასდო ბრალი საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს თეონა ბაღდავაძეს „წითელი ცხვირების“ კამპანიისგან მიღებული თანხის მითვისებაში.

აკა სინჯიკაშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა. თავის მხრივ, თეონა ბაღდავაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივლა აკა სინჯიკაშვილს ცილისწამებისათვის.

როგორც თეონა ბაღდავაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, 19 თებერვალს გამართულ სხდომაზე, მოსამართლემ მხარეებს მორიგების შეთავაზებით მიმართა. მისი თქმით, მორიგება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი აკა სინჯიკაშვილი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს:

„ძალიან კარგად მესმის, რომ მისთვის ამის აღიარება რეპუტაციული სიკვდილია, თუმცა, ვფიქრობ, რომ მას მაინც მოუწევს ამის აღიარება“.

გასული წლის თებერვალში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ აკა სინჯიკაშვილის განცხადების საფუძველზე ე.წ. „წითელი ცხვირების“ საქმე შეისწავლეს, თუმცა საქმეზე გამოძიება არ დაიწყო, რადგან უწყებამ აკა სინჯიკაშვილის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა.

თეონა ბაღდავაძის თქმით, სადაოდ არის ქცეული იმ 35 ათასი ლარის მიზნობრიობაც, რომელიც თეონა ბაღდავაძემ „წითელი ცხვირების“ კამპანიიდან შემოსული თანხიდან აკა სინჯიკაშვილს საქველმოქმედო მიზნებისთვის გადასცა:

„უკვე ორი წელია, არ ვიცით, რაში დაიხარჯა ეს თანხა. ეს თანხა აუცილებლად უნდა დაბრუნდებს, რომელიც დაიხარჯება სხვა საქველმოქმედო საქმიანობაში“.

ყოფილ პარტნიორებს შორის უთანხმოება წითელი ცხვირების გაყიდვით შემოსული თანხების რაოდენობის სიზუსტესა და განაწილებას ეხება. თითოეული “ცხვირი” სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში 5 ლარად იყიდებოდა და შემოსული თანხა უნდა მოხმარებოდა თავშესაფრის აშენებას და ლეიკემიით დაავადებული ადამიანების მკურნალობას.

აკა სინჯიკაშვილის ვარაუდით, კამპანიის ფარგლებში რეალურად იმაზე მეტი „ცხვირი“ გაიყიდა და იმაზე მეტი თანხა შეგროვდა, ვიდრე თეონა ბაღდავაძემ მას გადაურიცხა.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, აკა სინჯიკაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ განცხადებას პროცესთან დაკავშირებით, 19 თებერვალს, მოგვიანებით, სოციალურ ქსელში გაავრცელებს.

18 თებერვალს კი ფეისბუქის გვერდზე მან დაწერა: ყველა მასალას გაჩვენებთ ხვალ და ნახავთ მთელ სიმართლეს ამ საქმის გარშემო. ხვალ ყველაფერი დღის სინათლეზე გამოვა! ჩვენ გავიმარჯვებთ!“

საერთაშორისო საქველმოქმედო ღონისძიებას „წითელი ცხვირის დღე” (Rednoseday) საფუძველი გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაეყარა. ამ კამპანიაში ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ცნობილი ადამიანი უერთდება. კამპანიის საქართველოში ჩატარების ლიცენზია 2017 წლის გაზაფხულზე თეონა ბაღდავაძემ მოიპოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG