შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ აბაშის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 17 წლის გოგოს თვითმკვლელობის ფაქტს.
შემთხვევა 19 დეკემბერს ღამით მოხდა. გოგოს ცხედარი ოჯახის წევრებმა გამთენიისას სახლში იპოვეს. გარდაცვლილის სკოლის დირექტორი ადასტურებს,რომ მოზარდმა ოჯახის წევრებს წერილი დაუტოვა, თუმცა რა ეწერა ამ გზავნილში დირექტორისთვის უცნობია.
სკოლის დირექტორის, მარინა მიქაძის თქმით, მოზარდი კარგად სწავლობდა და ხალისით მონაწილეობდა სასკოლო აქტივობებში, სასწავლო ოლიმპიადებში, ბანაკებში და სხვა ღონისძიებებში.
"ჩვენ პატარა სოფლის სკოლა გვაქვს, სულ 67 მოსწავლე მყავს, ერთი ოჯახივით ვართ. ეს ამბავი რომ მოხდა [ლუკა სირაძის თვითმკვლელობის მცდელობა], შევკრიბე უფროსკლასელები და ამაზე ვილაპარაკეთ. ვუთხარი, რომ ჩვენ 90-იანი წლები, ომი და ათასი უბედურება ისე გამოვიარეთ, მსგავსი არაფერი გვიფიქრია, თუ რამე გაწუხებთ, სჯობს ამაზე ვილაპარაკოთ-მეთქი" - ამბობს დირექტორი, რომელსაც უჭირს მოსწავლის გადაწყვეტილების მიზეზის დასახელება.
გოგო ბოლო დღეების განმავლობაში ფეისბუკში აქტიურად ეხმაურებოდა ლუკა სირაძის თვითმკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებულ ამბებს და ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული მისი ბოლო სტატუსიც ამ თემაზეა.