Accessibility links

2019 წლის საუკეთესო 10 ფილმი


მშვენიერი წელი იყო კინოსთვის. არც ისე კარგად დაიწყო ბერლინის კინოფესტივალზე და გადასარევად დასრულდა... ბაკურიანში გამართულ ქართული კინოს ფორუმზე ოქტომბერში. თუ ასე გაგრძელდა, შორს არაა დრო, როცა ქართულ ფილმს წლის საუკეთესო ფილმებს შორის დაასახელებენ. წინ კიდევ ”ოსკარი” გვაქვს, ფრანგული ”სეზარი” და იტალიური ”დავით დონატელო”, ასევე ბრიტანეთის, ესპანეთის კინოაკადემიის პრიზები. რა თქმა უნდა, წლის ყველაზე გახმაურებულ ფილმებს დაასახელებენ: ”ჯოკერს”, ”ირლანდიელს”, ”საქორწინო ისტორიას”.. ახალი ჰორორებიც მოეწონა ხალხს და ”ნელი კინოს” მორიგი შენელებული ამბებიც. რას იზამ, ყველას თავისი კინო აქვს. ასეა სულ და ასე იყო 2019 წელს. მივყვეთ მაშინ, ტრადიციულად, ბოლოდან.

10. გაფერადებული ჩიტი (ჩეხეთი, რეჟისორი ვაცლავ მარგულა)

მიხარია ეჟი კოსინსკის სკანდალური რომანის ეს ეკრანიზაცია ”ოსკარის” ნომინანტთა შორის რომ მოხვდა (როგორც საუკეთესო უცხოური ფილმი). არადა, ვენეციის ბიენალეზე ზოგიერთ კრიტიკოსს დამატებითი განმარტება მოუთხოვია ფესტივალის დირექციისგან სურათის კონკურსში ჩართვის გამო. ჰოლოკოსტის თემაზე გადაღებული სამსაათიანი შავ-თეთრი ფილმი თითქოს სწორედ იმიტომაა გადაღებული, რომ დისკუსია გამოიწვიოს. სისასტიკე აქ არა მარტო ნატურალისტურად არის გამოხატული, არამედ უტრირებულიცაა. ეჟი კოსინსკის მსგავსად, ამ დიდი საერთაშორისო პროექტის (”გაფერადებულ ჩიტში” ჰოლივუდის ვარსკვლავებს ვიხილავთ) ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ სისტიკეს მიგვაჩვიეს. ”გაფერადებული ჩიტი”, თავისი აგრესიულობითა და რადიკალიზმით, არის ცდა მაყურებელს ძალადობაზე რეაქცია დაუბრუნდეს.

9. ”ღამის დამშვიდობება” ( საფრანგეთი, რეჟისორი ანდრე ტეშინე)

ბერლინის კინოფესტივალის დირექციამ ვერ გაბედა ფილმის ჩართვა საკონკურსო პროგრამაში - როგორც ჩანს, დააფრთხო ანდრე ტეშინეს პირდაპირმა, მე ვიტყოდი, ძალიან სწორხაზოვანმა დამოკიდებულებამ რადიკალური ისლამის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ პრესკონფერენციაზე ტეშინემ განმარტა, ”ღამის დამშვიდობება” გვიამბობს ყველანაირ ფუნდამენტალიზმზე, რომელმაც შეიძლება, პირველ რიგში, ახალგაზრდების ცხოვრება გაანადგუროსო, ფილმმა არაერთი მუსლიმი გაანაწყენა. ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელიც სოციუმში თავისი ადგილის ძიების პროცესში შეიძლება შეცდეს, ანდრე ტეშინეს ყველა ფილმში აინტერესებდა. მაგრამ აქ უბრალო ინტერესს დაემატა ტკივილი და შეშფოთება. ბებია, რომლის როლს კატრინ დენევი ასრულებს, აღმოაჩენს, რომ მისი შვილიშვილი, არც მეტი და არც ნაკლები, ტერორისტულ მოძრაობაშია ჩართული. სწორედ დენევის გმირის შეშფოთება გადაედება მაყურებელს.

8. ”უსასრულობის შესახებ” (შვედეთი, რეჟისორი როი ანდერსონი)

ეს, ცოტა არ იყოს, ძველმოდური ფილმი თავს არ დაგავიწყებთ. ისეთი კინოა, რამდენჯერმე მოგინდებათ ნახვა, თუკი, ცხადია, ფილმის ყურების პროცესში გიყვართ კადრის ”დათვალიერება” და აფასებთ როი ანდერსონისთვის დამახასიათებელ შენიღბულ იუმორსა და თვითირონიას. ესაა გარინდებული, შეჩერებული, გაყინული სამყარო, წარმოდგენილი სტატიკურ კადრებში. მაგრამ, ამავე დროს, ძალიან, ძალიან ცოცხალი. უბრალოდ, ეს სიცოცხლე და შინაგანი მუხტი რომ იგრძნო ნოველა-კადრებში, რომლებიც თაიგულივით კრავენ ანდერსონის ფილმს, სხვებზე უფრო ყურადღებიანი მზერა უნდა გქონდეს და, რაც მთავარია, კინოს ყურების პროცესში სიუჟეტზე, გმირებზე კი არ უნდა ფიქრობდე, არამედ უნდა გაგიჩნდეს სურვილი გაჰყვე გზას უსასრულობისკენ, საითაც როი ანდერსონი გვეპატიჟება. ფილმის დასაწყისსა და ბოლოში არის ერთი კადრი, რომელიც შეუძლებელია დაივიწყო - ცაში მოფარფატე შეყვარებული წყვილი, მარკ შაგალის პირდაპირი ციტატა. ორი თითქოს ერთნაირი კადრია. მაგრამ ფილმის ფინალში ის, რაც დავინახეთ დასაწყისში, აბსოლუტურად განსხვავებულად აღიქმება.

7. ”მოღალატე” (იტალია, რეჟისორი მარკო ბელოკიო)

80 წლის მარკო ბელოკიოსგან ასეთ თანამედროვე, ემოციურ სურათს ნამდვილად არავინ მოელოდა და არც არავის წარმოედგინა, ალბათ, რომ დღეს შეიძლებოდა ახლებურად, ორიგინალურად წარმოჩენილიყო ეკრანზე იტალიური მაფიის ისტორია. მთელი ფილმი კოზა ნოსტრას კასტრაციას ჰგავს - უძლეველს ერთმევა ყველა იარაღი და გადაიქცევა სასაცილო და საცოდავ არსებად, რომელსაც კი თანაუგრძნობ, მაგრამ უფრო ის გსიამოვნებს, რომ ემშვიდობები. ”მოღალატეში” ყველაფერი შესანიშნავია: საუნდტრეკი, მსახიობები, დიალოგები, გადაღების ტექნიკა. არანაირი ეგზოტიზაცია მაფიის სამყაროსი, არანაირი ნოსტალგია! პირიქით, დისტანცია გმირებსა და დროსთან საშუალებას გვაძლევს მხოლოდ და მხოლოდ თვალი ვადევნოთ მაფიის, როგორც ორგანიზებული ბოროტების, დასასრულს იტალიაში. არა ტრანსფორმაციას, არამედ დასასრულს! ვისურვებდი ჩვენს რეჟისორებს ასეთივე სტილში გადაეღოთ ფილმი კანონიერ ქურდებზე საქართველოში. მაგრამ ეს რომ შეძლო, 80 წლის მარკო ბელოკიო უნდა იყო.

6. ” ბრალს ვდებ” (საფრანგეთი, რეჟისორი რომან პოლანსკი)

ცხოვრება, როგორც სასამართლო - ასეთად წარმოგვიდგენს ისტორიას 86 წლის რომან პოლანსკი, თავად ”სამართალში მიცემული”, თავად ბრალდებული კინორეჟისორი. ”დრეიფუსის საქმესა” და პოლანსკის ბიოგრაფიას შორის პარალელმა ბევრი გააღიზიანა - სურათის ფრანგულ პრემიერაზე ფემინისტებმა იმ კინოთეატრების შესასვლელებიც გადაკეტეს, სადაც ”ბრალს ვდებ” უნდა ეჩვენებინათ. მათ არა იმდენად ფილმის წინააღმდეგ გაილაშქრეს (ამ დროისთვის პოლანსკის ფილმი უკვე აღნიშნული იყო ვენეციის კინოფესტივალის დიდი პრიზით), რამდენადაც გაღიზიანდნენ პარალელით, ანალოგიით მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს უსამართლოდ დასჯილი ფრანგი ოფიცრის საქმესა და პოლანსკის სასამართლოს შორის. გამოდის, რომ რომან პოლანსკი ამ ფილმით თავს იმართლებს? არა მარტო მართლმსაჯულებას ემალება, არამედ ბოდიშის მოხდაც არ უნდა? ეს კითხვები აუცილებლად დაგებადებათ ფილმის ნახვის დროს. მაგრამ ვენეციის კინოფესტივალის დირექტორის, ალბერტო ბარბერას თქმის არ იყოს, ხელოვნების ისტორიამ კრიმინალთან დაკავშირებული ადამიანების მიერ შექმნილი შედევრებიც იცის. ”ბრალს ვდებ” კი ნამდვილად შედევრია. თავისი კლასით, რეჟისურით ეს სურათი პოლანსკის ძველ შედევრებს გაგახსენებთ.

5. ”ერთხელ ჰოლივუდში” (აშშ, რეჟისორი კვენტინ ტარანტინო)

ტარანტინო ის იშვიათი ავტორია, რომელსაც კრიტიკულად აქვს გააზრებული პუბლიკის მანიპულირების ვნება, დამახასიათებელი თითქმის ყველა კინემატოგრაფისტისთვის და, მით უმეტეს, ჰოლივუდისთვის. ოსტატი (და ტარანტინო, პირველ რიგში, ოსტატია) არ გაურბის აღიარებას, რომ ის ღმერთია გადასაღებ მოედანზე და ”კიდევ უფრო ღმერთია” მონტაჟის დროს, როცა შეუძლია ახლებურად ააწყოს რეალობა და ისტორია. ფრანსუა ტრიუფოსა და ერიკ რომერის მერე კინოს ისტორიაში არ ყოფილა სხვა რეჟისორი, რომელსაც ასე მსუბუქად, უპრეტენზიოდ, ყოველგვარი ”ნელი კინოების” გარეშე გადაეღოს ფილმი ფილმზე, ფილმი კინოზე, კინოს ენაზე. თუ კინო მართლაც არის ფანჯარა, ვიტრინა, დისპლეი, მაშინ ეს ფანჯარა გადის ისტორიაშიც და გვაძლევს საშუალებას განვახორციელოთ ნამდვილი ჯადოსნური აქტი - არა მარტო ”დავაზუმოთ” წარსული, არამედ შევცვალოთ ის - გავაცოცხლოთ კარგი მკვდრები და დავხოცოთ ბოროტი ცოცხლები.

4. ”პარაზიტები” (კორეა, რეჟისორი ბონგ ჯუ ჰო)

ამერიკული კინოაკადემია კორეულ კინოს არა და არ სწყალობს. თუმცა წელს, სხვა ნომინანტებთან შედარებით, ”პარაზიტები” ამერიკული ”ოსკარის” ყველაზე რეალური კანდიდატია. ფილმი სრულიად დამსახურებულად აღინიშნა ”ოქროს პალმით” კანის წლევანდელ კინოფესტივალზე, სხვანაირად არც შეიძლებოდა; კორეული ფილმი ნამდვილი ფოიერვერკია - აზრის, მხატვრული სახეების, იუმორის, სასპენსისა და, რაც განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, ჟანრების. ეს ”მუტაცია” ფილმის აღქმის პროცესში მაყურებელსაც განუწყვეტლივ უცვლის განწყობას, ”პარაზიტების” დასრულების შემდეგ კი ემოციებისგან დაცლილი პუბლიკა იწყებს ფიქრს იმაზე, თუ რა ნახა, იმაზე, თუ როგორ იყო აწყობილი კორეული ”სოციალური ფოიერვერკი. ჩემთვის დღემდე გამოცანად რჩება ავტორის მიერ არჩეული აბსოლუტური სიმეტრიის აზრი. თუკი ფილმში ორი ოჯახი - მდიდრები და ღარიბები - ისეა წარმოდგენილი, რომ სიმეტრია ბოლომდე დაცულია, რა გამოდის? საინტერესო უფრო ის კი არაა, რომ მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრულია. საინტერესო ისაა, რომ მდიდრები და ღარიბები თავიანთი არსით დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ორივე პარაზიტია და ორივე ცდილობს ერთმანეთის ხარჯზე იარსებოს. მაგრამ სიმეტრია შეიძლება ერთმა ”შეცდომამ” დაარღვიოს, ერთმა აცდენამ სისტემიდან. აი, მაშინ კი ნამდვილად დაიქცევა სამყარო.

3. ”სახელმწიფო დასაფლავება” (გერმანია, უკრაინა. რეჟისორი სერგეი ლოზნიცა)

თანამედროვე დოკუმენტურ კინოს კარგად არ ვიცნობ. არ გამოვრიცხავ, რომ 2019 წელი დოკუმენტური კინოს აღმავლობის წელიც იყო. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ლოზნიცას ”სახელმწიფო დასაფლავება” სცილდება დოკუმენტური კინოს საზღვრებს და თვისებრივად ახალი ხელოვნებაა, ის შემთხვევაა, როცა საარქივო მასალის რესტავრაცია (ავტორის უხეში ჩარევის გარეშე) ახალ სიცოცხლეს ანიჭებს ამ მასალას, ფაქტობრივად, აცოცხლებს იმას, რაც გაიყინა დროში. მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ფილმი ”სახელმწიფო დასაფლავება” სტალინის დაკრძალვის სურათებს აღადგენს და, შეიძლება ითქვას, ”სახელმწიფო ნეკროფილიის” მხატვრულ სახეს ქმნის. ლოზნიცასთვის ტოტალიტარიზმი, თვით სტალინის სისხლიანი ეპოქა, უპირველესად, კიტჩია, თვითგანადგურების ეტაპზე მყოფი ხელოვნურად შექმნილი სისტემა, რომელიც დღეს სასაცილოდ გამოიყურება. მართლაც ვენეციის კინოფესტივალზე ხალხს ეცინებოდა სტალინის მავზოლეუმში ”შესვენების” კადრებზე და შესაძლებელია ბევრს არც სჯეროდა, რომ რეალურ კადრებს, იმ დროის ქრონიკას უყურებდა.

2. ”ტკივილი და დიდება” (ესპანეთი, რეჟისორი პედრო ალმოდოვარი)

ალმოდოვარის მიმართ სუბიექტური ვარ და მისი ყველაზე წარუმატებელი ფილმებიც მიყვარს, ამ შემთხვევაში მახარებს, რომ ”ტკივილი და დიდება” იმანაც კი დააფასა, ვინც პედრო ალმოდოვარის შემოქმედების კრიზისზე ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში დაიწყო ლაპარაკი. ალმოდოვარის მიმართ იმდენად სუბიექტური ვარ, რომ სურვილიც კი არა მაქვს პედრო სხვებს შევაყვარო. არადა, თავად ითხოვს ამას: დედის გარდაცვალების შემდეგ სიყვარული აკლია და სიყვარულის ნაკლებობაზე, მარტოობის შიშზე იღებს ფილმებს. უბრალოდ, ”ტკივილი და დიდებაში” გაუმართლა - ანტონიო ბანდერასი დაეხმარა და, უპირველესად, სწორედ ბანდერასმა და, მხოლოდ შემდეგ, თავად ალმოდოვარმა მიიტანა მაყურებლამდე ავტორის სათქმელი. ბანდერასის როლი საუკეთესოა საუკეთესოებს შორის თანამედროვე კინოს ისტორიაში. რაღა თქმა უნდა, უსამართლობა იქნება, რომ ეს დიდი არტისტი ”ოსკარის” გარეშე დარჩეს.

  1. ”ყმაწვილი აჰმედი” (ბელგია, რეჟისორები ძმები დარდენები)

გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება - არა მარტო კინოში, საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში - ”აჰმედი” იყო. უფრო კონკრეტულად კი, ძმები დარდენების ფილმის პრემიერა კანში და ოვაცია, რომელიც ფილმის პირველ ოფიციალურ ჩვენებაზე მოუწყვეს ბელგიელ ძმებს. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ძმები ლიუმიერების სამიათასკაციანი დარბაზი ჩემი სახლი იყო, ”აჰმედით” აღფრთოვანებული ხალხი კი ჩემი ოჯახის წევრები. მაგრამ მეორე დღეს აღმოჩნდა, რომ კრიტიკოსთა უმრავლესობამ, რბილად რომ ვთქვათ, თავშეკავებულად შეაფასა თანამედროვე სოციალური კინოს ეს შედევრი, ზოგმა ბავშვების თამაში დაიწუნა, ზოგს მოეჩვენა, რომ ”აჰმედი” იმეორებდა დარდენების ადრეულ ფილმებს. იყო უფრო მკაცრი შეფასებაც - დარდენებს ისლამოფობიაში დასდეს ბრალი (ტეშინეს მსგავსად). 2019 წელი მდიდარი იყო აგრესიული, ხმაურიანი ფილმ-ატარქციონებით. ჩვენი ნერვიული ეპოქისთვის ”ჯოკერის” წარმატება ბუნებრივია, ისევე როგორც ბუნებრივია ტელესერიალის ესთეტიკაში გადაღებული ”ცხოვრებისეული” ფილმების პოპულარობა. ამ თვალსაზრისით, ”ყმაწვილი აჰმედი” შეიძლება ძველმოდურ ფილმად მოგეჩვენოთ. მაგრამ 2019 წელი პირადად ჩემთვის მოტყუებული, გზააბნეული, სიკვდილთან მოთამაშე ბავშვების წელიცაა. ამიტომ, პირიქით, სწორედ ძმები დარდენების ეს სურათი გამოხატავს ყველაზე კარგად კინოხელოვნებისთვის წარმატებულ, მაგრამ სულიერების დეფიციტით გამორჩეულ წელიწადს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG