Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"წყლის ჭავლი მომიშვეს მე, როცა ცეცხლი მომეკიდა" - რა უთხრა სასამართლოს 8 მარტის აქციაზე დაშავებულმა პოლიციელმა


ლაზარე გრიგორიადისი 17 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე
ლაზარე გრიგორიადისი 17 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე

17 ოქტომბერს 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლოში ხუთი პოლიციელი დაიკითხა.

გამოკითხულებს შორის იყო სპეცრაზმელი, რომელიც 8 მარტს აქციაზე “მოლოტოვის კოქტეილით” დაზიანდა - მან თქვა, რომ მისკენ ნასროლი აალებული ნივთი დაინახა, მაგრამ არა ის ადამიანი, ვინც “მოლოტოვის კოქტეილი” ისროლა. ამ სხდომაზე დაკითხული სხვა პოლიციელი კი, რომელიც მისი მტკიცებით ხედავდა, როგორ წაუკიდა ლაზარე გრიგორიადისმა ცეცხლი პოლიციელის ავტომობილს რუსთაველის ქუჩაზე 9 მარტს, სასამართლოს არწმუნებდა რომ მას არ შეეძლო დამნაშავის დაკავება დანაშაულის ჩადენის მომენტში. იმავეს ამტკიცებდნენ წინა სასამართლო სხდომაზე სხვა პოლიციელებიც. იმის მიუხედავად, რომ მარტში, “უცხოეთის აგენტების შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციებზე, ჯამში, 132 ადამიანი დააკავა პოლიციამ, გრიგორიადისის საქმეში მოწმედ წარმოდგენილი სამართალდამცველები ირწმუნებიან, რომ შეუძლებელი იყო იმ ადამიანის დაკავება, რომელიც მათი თვალთახედვის არეალში იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისროდა “მოლოტოვის კოქტეილს” და წვავდა ავტომობილს.

პირველი მოწმე, რომელიც სასამართლომ 17 ოქტომბერს დაკითხა, ვახტანგ დაბრუნდაშვილი იყო. ესაა გამომძიებელი, რომელმაც არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე, დაკითხა მოწმეები, დანიშნა ექსპერტიზები, საავადმყოფოებიდან გამოითხოვა აქციაზე დაშავებული სპეცრაზმელების სამედიცინო ისტორიები, მოიპოვა იმ სავაჭრო ობიექტებიდან კამერების ჩანაწერები, სადაც გრიგორიადისი დადიოდა. გრიგორიადისის ადვოკატებმა მას ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა მცდელობა, დაკავშირებოდა გრიგორიადისს ან მის ოჯახის წევრებს დაკავებამდე. დაბრუნდაშვილმა თქვა, რომ მას დაკავებამდე გრიგორიადისთან დაკავშირება არ უცდია - ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს პოლიციამ სასამართლო განჩინების საფუძველზე იმ არგუმენტით დააკავა, რომ არსებობდა მისი მიმალვის საფრთხე. ადვოკატებისთვის ბუნდოვანი დარჩა, როგორ დადგინდა საფრთხე, თუკი დაკავებამდე გრიგორიადისთან დაკავშირება პოლიციელებს არ უცდიათ.

წყლის ჭავლი მომიშვეს მე, როცა ცეცხლი მომეკიდა

17 ოქტომბრის სხდომაზე დაიკითხა ზურაბ ლურსმანაშვილი - ესაა სპეცრაზმელი, რომელიც 8 მარტის აქციაზე ნასროლი “მოლოტოვის კოქტეილით” მიღებული დამწვრობით ხეჩინაშვილის კლინიკის დამწვრობის ცენტრში მოხვდა. 8 მარტის საღამოს ის 9 აპრილის ქუჩაზე დაახლოებით ნახევარი საათის მისული იყო აქციაზე და სპეცრაზმის კორდონის მეოთხე ან მეხუთე რიგში იდგა, როცა მისკენ ნასროლი აალებული საგანი დაინახა.

ზურაბ ლურსმანაშვილი
ზურაბ ლურსმანაშვილი

“მოვასწარი დამცავი ფარის აწევა, [მოლოტოვის კოქტეილი] ფარს მოხვდა მარჯვენა ზედა კუთხეში. შემდეგ წამეკიდა ცეცხლი მარჯვენა ფეხზე, დამცავ ჯაფხუტზე და ასევე სამსახურებრივ ფორმაზე. შემდეგ დავიწყე რეაგირება, დავაგდე დამცავი ფარი, მოვიხადე დამცავი ჩაფხუტი და დავიწყე ფორმის გახდა. ამ დროს მარჯვენა კიდურზე [ხელზე], სადაც ამ დრომდე აღმენიშნება ისევ და ისევ დაზიანება, იყო მესამე და მეოთხე ხარისხის დამწვრობა, რამდენიმე წამი ცეცხლი ვერ ჩავაქრეთ. შემდეგ ჩემმა კოლეგამ გაიხადა პიჯაკი და ამით მოხდა ცეცხლის ჩაქრობა. შემდეგ მოხდა ჩემი სასწრაფოს მანქანაში ჩასმა, სადაც პირველადი დამუშავება მოხდა ჩემი კიდურის, შემდეგ გადამიყვანეს დამწვრობის ცენტრში. იქ გავიარე ერთკვირიანი მკურნალობა, ჩამიტარდა ყველაფერი, რაც საჭირო იყო, შემდეგ ერთი კვირა ყოველდღიურად დავდიოდი გადახვევებზე, ვმკურნალობდი, შემდეგ საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ კიდევ გავაგრძელე მკურნალობა. დაზიანების შემდეგ მოხვდა ორგანიზმში ინფექცია, რის შედეგადაც დამემართა ტრომბი, სისხლის შედედება და გავაგრძელე მკურნალობა სახლში”, - უთხრა ზურაბ ლურსმანაშვილმა სასამართლოს. მას არ ახსოვს არც ის ადამიანი, ვინც აქციის ღამეს “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლა და არც ის კოლეგები, ვინც მასთან ერთად იდგნენ პოლიციის კორდონში. სპეცრაზმელის დაზიანებული ტანსაცმელი ნივთმტკიცებად დევს სისხლის სამართლის საქმეში.

სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან 8 მარტის ღამეს
სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან 8 მარტის ღამეს

პროკურორი, გრიგოლ ნიშნიანიძე: თქვენ დაზარალებულის სტატუსი გაქვთ და თქვენი პოზიცია იქნება საინტერესო, რამდენად გაგაჩნიათ პრეტენზია ბრალდებულის მიმართ?

ზურაბ ლურსმანაშვილი: პრეტენზია ზოგადად გამაჩნია ყველა იმ ადამიანს მიმართ, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, მით უმეტეს სამართალდამცველის მიმართ და ჩემს მიმართ.

ადვოკატი, ლიკა ბითაძე: ადასტურებთ, რომ არ დაგინახავთ ის ადამიანი, ვინც გესროლათ?

ზურაბ ლურსმანაშვილი: არ დამინახია, კონკრეტულად ვინ ისროლა.

თათია მანეჟაშვილი: თქვენ ესწრებოდით აქციას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რა ღონისძიებები გამოიყენა პოლიციამ [ამ დროის განმავლობაში]?

ზურაბ ლურსმანაშვილი: არაფერი, მხოლოდ იყენებდნენ გამაფრთხილებელს, რომ დამშვიდებულიყვნენ აქციის მონაწილეები და დისტანცია ყოფილიყო პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის.

თათია მანეჟაშვილი: მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებოდნენ?

ზურაბ ლურსმანაშვილი: სიტყვიერი გაფრთხილებით და ჩართული იყო ხმოვანი სიგნალი, რომელიც იმეორებდა ყოველ ხუთ წუთში, სავარაუდოდ.

თათია მანეჟაშვილი: ანუ წყლის ჭავლი არ იყო გამოყენებული?

ზურაბ ლურსმანაშვილი: არა, ჭავლი არ იყო გამოყენებული.

თათია მანეჟაშვილი: წიწაკის სპრეის არ იყენებდნენ?

ზურაბ ლურსმანაშვილი: მე როგორც აღვნიშნე, ჩემი იქ ყოფნისას არაფერი გამოუყენებიათ ხმოვანი სიგნალის გარდა.

ლაზარე გრიგორიადისი: 9 აპრილის ქუჩაზე იყავით?

ზურაბ ლურსმანაშვილი: კი, 9 აპრილის ქუჩაზე ვიყავი.

ლაზარე გრიგორიადისი: მეც 9 აპრილის ქუჩაზე ვიყავი და წიწაკის სპრეის იყენებდნენ.

ადვოკატი, დიმიტრი ნოზაძე: აქციაზე რომ ჩახვედით, რამდენ ხანში მოხდა ეს დაძაბულობა?

ზურაბ ლურსმანაშვილი: მალევე, დაახლოებით 2 წუთში.

დიმიტრი ნოზაძე: მანამდე მშვიდობიანად მიმდინარეობდა აქცია?

ზურაბ ლურსმანაშვილი: მანამდე ვინც იდგა, ვინც შევცვალეთ, იმათ მიმართაც იყო აგრესია. იმიტომ რომ დაზარალებულები იყვნენ, ისინი გამოიყვანეს და ჩვენ ჩავანაცვლეთ.

დიმიტრი ნოზაძე: თუ გაქვთ ინფორმაცია, რამ გამოიწვია ეს აგრესია?

ზურაბ ლურსმანაშვილი: არანაირი ინფორმაცია არ მაქვს.

დიმიტრი ნოზაძე: თქვენ არ გინახიათ, სანამ დაზარალდებოდით, რომ გაშვებული იყო ან წიწაკის სპრეი, ან წყლის ჭავლი.

ზურაბ ლურსმანაშვილი: არა, წყლის ჭავლი მომიშვეს მე, როცა ცეცხლი მომეკიდა, ეს რაც დავინახე.

პარლამენტის შენობასთან, 8 მარტის აქციაზე წყლის ჭავლი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენეს
პარლამენტის შენობასთან, 8 მარტის აქციაზე წყლის ჭავლი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენეს

8 მარტს, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის და წყლის ჭავლს იყენებდნენ მანამ, სანამ აქციის რამდენიმე მონაწილე 9 აპრილის ქუჩაზე პირველ „მოლოტოვის კოქტეილს“ გაისროდა. 9 მარტს, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის განცხადება გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ „უმეტეს შემთხვევაში, დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა იყო არაპროპორციული”.

სახე შეიძლება არ უჩანდეს, მაგრამ “მოლოტოვს” ისვრის

სპეცრაზმელის შემდეგ სასამართლოს ჩვენება მისცა დეტექტივმა მიხეილ სუჯაშვილმა. მას ამ გამოძიებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს, სწორედ მან ამოიცნო აქციის კადრებში ლაზარე გრიგორიადისი. სუჯაშვილმა სასამართლოს უთხრა, რომ ლაზარეს აქციებში მონაწილეობის შესახებ მას ოპერატიული ინფორმაცია გარე წყარომ მიაწოდა 18 მარტს, ის ვიდეოები კი, სადაც გრიგორიადისი ამოიცნო, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრმა მიაწოდა. პოლიციელის თქმით, იმ კადრებში, რომელიც მან შეისწავლა, გრიგორიადისი აქციის მონაწილეებს შორის ჩანს როგორც პირბადით, ისე პირბადის გარეშე.

ადვოკატი, დიმიტრი ნოზაძე: ადასტურებთ იმას, რომ ნახეთ ვიდეო, სადაც აქციაზე იმყოფება ლაზარე და პირბადე აქვს ჩამოწეული?

მიხეილ სუჯაშვილი: კი.

დიმიტრი ნოზაძე: უშუალოდ თქვენ თუ ნახეთ ისეთი ვიდეო, სადაც ლაზარე ისვრის მოლოტოვის კოქტეილს?

მიხეილ სუჯაშვილი: კი, ვნახე.

დიმიტრი ნოზაძე: სახე უჩანდა მაგ დროს ლაზარეს, როცა ისვრის?

მიხეილ სუჯაშვილი: შემდეგ მონაკვეთში უჩანს.

დიმიტრი ნოზაძე: ანუ თქვენ ადასტურებთ, რომ ნახეთ ვიდეო, სადაც ლაზარე ისვრის კოქტეილს და სახე უჩანს?

მიხეილ სუჯაშვილი: შემდეგ მონაკვეთში უჩანს, შუაგულ სროლის მომენტში შეიძლება არ უჩანდეს. სახე შეიძლება არ უჩანდეს, მაგრამ ჩანს, რომ ისვრის…

დიმიტრი ნოზაძე: იმ მომენტში, როცა ისვრის, ნიღაბი ჩამოწეული ჰქონდა?

მიხეილ სუჯაშვილი: იმ მომენტში არ მახსოვს.

მიხეილ სუჯაშვილის შემდეგ სასამართლომ გამოკითხა პოლიციელი, რომელმაც აქციის მეორე დღეს პარლამენტის აპარატის, ადგილობრივი გამგეობისა და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა აქციის ადგილი, რათა ენახა, რა დააზიანეს და რა კვალი დატოვეს 8 მარტს აქციის მონაწილეებმა. მისი დაკითხვა არასრულ სამ წუთს გაგრძელდა.

მიხეილ სუჯაშვილი
მიხეილ სუჯაშვილი

შიგნით ვერ შევვარდებოდი, ჩემს სიცოცხლეს საფრთხეს ვერ შევუქმნიდი

17 ოქტომბერს ბოლო მოწმე, რომელიც სასამართლომ დაკითხა, დეტექტივი ერეკლე ქამხაძეა. ის 9 მარტის აქციაზე კოლეგასთან, გაიოზ გაგნიძესთან ერთად იყო - გაგნიძე სასამართლომ წინა სასამართლო სხდომაზე, 10 ოქტომბერს დაკითხა. გაგნიძე და ქამხაძე ამ საქმის მოწმეები არიან პოლიციის კუთვნილი ავტომობილის დაწვის ეპიზოდზე. ქამხაძემ სასამართლოს უთხრა, რომ დაახლოებით 10 მეტრის დისტანციიდან დაინახა, როგორ მოუკიდა ახალგაზრდა კაცმა თეთრი ფერის ბოტასებით, მუქი ფერის ტანსაცმლით და ხაკისფერი ნიღაბით ავტომობილს ცეცხლი, შემდეგ ხალხის მასას შეერია და ნიღაბი მოიხსნა, რა დროსაც პოლიციელმა დაინახა და დაიმახსოვრა მისი სახის ნაკვთები, სქელი წარბები, თხელი ლოყები და დიდი ზომის თვალები. მას არ შეუმჩნევია გრიგორიადისის გარეგნობაში ყველაზე დასამახსოვრებელი და თვალშისაცემი ელემენტი, შავი ტატუ თვალებთან. ქამხაძემ ვერც ის ადგილი დაასახელა ზუსტად, სადაც იდგა მაშინ, როცა გრიგორიადისი პოლიციის კუთვნილ ავტომობილს წვავდა.

ადვოკატი, თათია მანეჟაშვილი: მოლოტოვის კოქტეილი თუ შენიშნეთ, რომ იყო ნასროლი?

ერეკლე ქამხაძე: მოლოტოვის კოქტეილსაც ისროდნენ, კი.

ადვოკატი, თათია მანეჟაშვილი: არაერთი პიროვნება ისროდა, ხო?

ერეკლე ქამხაძე: არ ვიცი, ვინ ისროდა.

ადვოკატი, თათია მანეჟაშვილი: პიროვნებების იდენტიფიცირებას არ გთხოვთ, ერთი ისროდა თუ ბევრი?

ერეკლე ქამხაძე: არ ვიცი, ერთი ისროდა თუ ათი, ვერ დავინახე, ჩემი მიმართულებით რო წამოვიდა, ეგ დავინახე.

ადვოკატი, თათია მანეჟაშვილი: რამდენი მოლოტოვი წამოვიდა თქვენი მიმართულებით?

ერეკლე ქამხაძე: არ მახსოვს. კონკრეტულად მე არ მომხვედრია.

ადვოკატი, თათია მანეჟაშვილი: გამოკითხვის ოქმში რატომ არ ასახეთ ეს?

ერეკლე ქამხაძე: აქ პიროვნებაზე იყო ორიენტირება.

ადვოკატი, თათია მანეჟაშვილი: პიროვნებაზე ორიენტირება რას ნიშნავს?

ერეკლე ქამხაძე: არ ვიცი, რამდენად ხართ გარკვეული, მოგვდის ხოლმე შეტყობინებები, როცა დანაშაულები ხდება, თუ ხართ ამის შესახებ ინფორმირებული, თუ იცნობთ, თუ იცით, ვინ არის… ამის შესახებ ვაცნობე ხელმძღვანელს.

ერეკლე ქამხაძე
ერეკლე ქამხაძე

პოლიციელს ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატებმა ჰკითხეს, რატომ ვერ მოახერხა მან დამნაშავის დაკავება აქციაზე, თუკი ნათლად ხედავდა დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

“შევეცადე მივახლოებოდი, დამეკავებინა, მაგრამ ვერ შევძელი, ჩემს სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა. ქვებს ისროდნენ აქციონერები. შორიახლოს დავყვებოდი, ვცდილობდი, შიგნით [ხალხის მასაში] ხომ ვერ შევვარდებოდი. რო უკიდებდა, მაგ დროს რომ დამეკავებინა, ვერ შევძლებდი, შემეჩერებინა. გზადაგზა დავყვებოდი დისტანციის დაცვით… რა უნდა გამეკეთებინა? წესრიგის დაცვა იმას არ ნიშნავს, რომ თავი უნდა შემეკლა გინდა თუ არა, იმიტომ რომ ცეცხლი წაუკიდა მანქანას, როგორც შევძელი, ისე მოვიქეცი და ისე დავაკვირდი სახეზე და დავიმახსოვრე”, - უთხრა სასამართლოს პოლიციელმა. ერეკლე ქამხაძეს აქციაზე ყოფნისას, მისი ჩვენების მიხედვით, თან არ ჰქონდა სამსახურებრივი რაცია, პირადი ტელეფონი კი, რომლითაც შეეძლო დამნაშავისთვის ფოტო გადაეღო, მისი თქმით, დამჯდარი იყო.

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მომდევნო სასამართლო 25 ოქტომბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. მოსამართლე ამ საქმეზე სათათბიროდ გასვლას 17 ნოემბერს გეგმავს. სათათბიროდ გასვლამდე სხდომები გაიმართება 30 ოქტომბერს, ასევე 2, 7, 9, 15 და 17 ნოემბერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG