Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ხატით გადათელვა“ - რას ნიშნავს ლომისობაზე გადაღებული რიტუალი


აღდგომიდან მერვე კვირას მთაში ლომისობა აღინიშნება. ეს ძველი ხალხური დღესასწაულია, რომელიც ქრისტიანულ და წარმართულ ელემენტებს აერთიანებს.

წლევანდელი ლომისობიდან გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია დღესასწაულის ერთ-ერთი რიტუალი ე.წ. ხატით გადათელვა - მიწაზე დაწოლილ ხალხს რამდენიმე ადამიანი ხატითა და ჯვრით ხელში გადაუვლის. ბევრმა ეს რიტუალი პირველად სწორედ ამ ვიდეოში ნახა.

ლომისობის აღნიშვნას მთიულები მლეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან იწყებენ. ეკლესიიდან გამოაქვთ 12 მოციქულის ხატი, ჯვარი და დროშა. ლომისი ბურდულების სალოცავია.

ზურა ბურდული, რომელიც ყოველწლიურად მონაწილეობს ამ რიტუალში, ჰყვება, რომ ხატი უჭირავს სოფლის რჩეულ დეკანოზს. ბურდულების გვარიდან ირჩევენ ოთხ მნათესაც. მიუხედავად იმისა, რომ იგივე სახელები ჰქვიათ, არც დეკანოზი და არც მნათეები სასულიერო პირები არ არიან.

„შარშან ვიყავი მნათე, წელს წილისყრით ჩემს ძმას ერგო. სამშაბათს ხატიონი გამობრძანდება ხოლმე ლომისის ქვედა ეკლესიიდან და მივდივართ ზედა ეკლესიაში, მთის წვერზე, რომელიც მე-7 საუკუნის ძეგლია“, - ჰყვება ზურა ბურდული.

რიტუალის ერთ-ერთი ნაწილია „ხატით გადათელვა“. დღესასწაულზე მისულები მიწაზე წვებიან, იმან კი, ვისაც ხელში ხატი უჭირავს, მათ ზურგებზე უნდა გადაიაროს.

წელს ლომისობის მონაწილეებმა და დამსწრეებმა ამ რიტუალის ვიდეოები სოციალური ქსელით გაავრცელეს.

ლომისობა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:45 0:00

„ეს რა არის, რატომ წვანან?“, „ვინმემ იცის რა ხდება?“, „ეს რა ჯანდაბაა?“, „იმედია, ესენი არჩევნებში არ იღებენ მონაწილეობას“, „ცხვრების ხოცვა გავიგეთ და ეს რა წესია?“... წერდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ვიდეოს ქვეშ, კომენტარებში.

ზურა ბურდული ამბობს, რომ ეს რიტუალი ყოველწლიურად ტარდება და გამოხატავს ღმერთის, ხატის უზენაესობას ადამიანზე.

„ეს ნიშნავს, რომ ღმერთთან, ხატთან, ეკლესიასთან ყველა ადამიანი თავმდაბალი უნდა იყოს. „გადათელვის“ უფლება მხოლოდ იმ ოთხ ადამიანს აქვს, რომელთაც ხატი უჭირავთ. ამ რიტუალით გადმოიცემა, რომ ღმერთი უპირატესია, რომ ჯერ ღმერთია და მერე ადამიანი, - ამბობს ზურა ბურდული, - ჯერ წვებიან ბავშვები და მერე დიდები, ეს იმიტომ, რომ ბავშვმა ღვთის და ხატის პატივისცემა დაბადებიდან იცოდეს. საუკუნეებისაა ეს ტრადიცია და ჯერ არც ბავშვი დაშავებულა, არც - დიდი“.

ლომისობა, 2014 წელი
ლომისობა, 2014 წელი

ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი ქეთევან ხუციშვილი ამბობს, რომ ლომისობა წინაქრისტიანული დღესასწაულია და ამ მხრივ ძალიან საინტერესო.

„აქამდე მეც არ მინახავს ეს რიტუალი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არაფერი უცხო ამაში არ არის. ეს არის მონანიება, ქედის მოხრა ხატის, ღვთის წინაშე, მონანიებით გადალახვა იმ ცოდვებისა, რომელიც ადამიანს აქვს. ამ მონანიების გამომხატველია ზურგზე ფეხის დაბიჯებაც, „გალობანი სინანულისანი“ გავიხსენოთ. ასევე წმინდა ქრისტიანულია ხატის თავზე შემოვლების რიტუალიც, რაც ადამიანის დაცვას გულისხმობს. ეს ერთგვარი გახალხურებული ვერსიაა, - ამბობს ქეთევან ხუციშვილი, - ხშირად ადამიანს, რაც მისთვის უცხოა, იმის მიმართ აგრესია უჩნდება. ეთნოლოგები და ანთროპოლოგები კი ხალხურ ტრადიციებს ასე ვუყურებთ: რადგან ხალხი ამას ასრულებს, ესე იგი მათთვის რაღაც დატვირთვა აქვს. ჩვენ ეს შეგვიძლია ვიკვლიოთ, მაგრამ მიუთითო, ასე არ მოიქცეო, ცოტა არ იყოს უცნაური იქნება. ამაში არც კანონსაწინააღმდეგოა რამე და არც განსაკუთრებული“.

ლომისობის დღესასწაულის აღნიშვნა აღდგომიდან მეშვიდე კვირის ოთხშაბათს სრულდება. ამ დღეს მთის ეკლესიიდან ხატებს ისევ მლეთის ქვედა ტაძარში აბრუნებენ, რის შემდეგ სოფელში პურობა იმართება.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG