Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ხეობა მთლიანად დანგრეულია" - გელა მთივლიშვილი ეპიცენტრიდან


რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში ამ დროდე ეძებენ დაკარგულ ადამიანებს.

„მთის ამბების“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ამ წუთებში, რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, ზუსტად იმ ადგილას დგას, სადაც დაკარგულ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ და საკუთარი თვალით უყურებს ძებნის პროცესს. აქამდე ის ტყის ბილიკებით მივიდა.

რადიო თავისუფლებას გელა უყვება, რომ ასე მიაღწიეს მდინარე ჭანჭახზე გადებულ იმ ხიდამდე, რომელიც უკვე აღარ არსებობს.

რადიო თავისუფლება: გელა, გვითხარი, ახლა სად ხარ და რას ხედავ?

გელა მთივლიშვილი: ჭანჭახის ხიდი მთლიანად დაფარულია, ოდნავღა ჩანს. ამ ხიდის მერე კიდევ ერთი ხიდი იყო მდინარე ბუბაზე (იგივე ბუმბურა) გადებული, მაგრამ ის ვეღარ გადავლახეთ. მერე უკან გამოვბრუნდით, სადაც მაშველები არიან შეკრებილები.

რადიო თავისუფლება: შეგიძლია აგვიღწერო, დაახლოებთ რამხელა ტერიტორია მოიცვა სტიქიამ?

გელა მთივლიშვილი: უზარმაზარი ტერიტორია დაფარა მოვარდნილმა ღვარცოფმა. სულ მცირე, სიგრძეში ერთი კილომეტრი იქნება. შეიძლება მეტიც. სიგანე ზოგან 200, ზოგან 400 მეტრია. მთელი ხეობაა ღვარცოფით სავსე. ტალახით დაფარული. ის კოტეჯები, სადაც ადამიანები ისვენებდნენ, აღარ არსებობს.

რადიო თავისუფლება: მაგ ადგილას რა მოჩანს, მოსწორებული მიწა?

გელა მთივლიშვილი: რასაც ვხედავ, ერთი კოტეჯი ნაძვებზე შეკიდული თითქოს, დანარჩენი მთლიანად დაშლილია. სახურავის ნაწილები ყრია აქა-იქ. ერთ მანქანას ვხედავ მდინარეში გდია - დამტვრეულია და ტალახით სავსე. ცოტა ხნის წინ მანდ ქალის ცხედარი იპოვეს. აქ ვინც არის, დაკარგულების ახლობლები, ადგილობრივები, საიმედო პროგნოზებს ვერ აკეთებენ. მოკლედ, რომ აღვწერო, სანატორიუმი „რაჭის“ შემდეგ არის ე.წ. სტალინის სახლს რომ ეძახიან და მერე უკვე ზემოთ კურორტის ტერიტორია, სადაც ძველი სანატორიუმები იდგა. სწორედ მანდ იდგა კოტეჯები, ფიცრული სასადილო და ა.შ. ახლა აღარაფერია. ყველაფერი დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლის ქვაღორღით და სილითაა დაფარული.

დაკარგულებს ეძებენ ადგილობრივები და დაკარგულების ახლობლებიც
დაკარგულებს ეძებენ ადგილობრივები და დაკარგულების ახლობლებიც

რადიო თავისუფლება: გელა, ხომ არ იცი, ან მანდ ხომ არ იციან, დაახლოებით რამდენი დამსვენებელი იყო მაგ ტერიტორიაზე?

გელა მთივლიშვილი: არავის ეგ ინფორმაცია ახლა არა აქვს. ვისაც ვკითხეთ აქაურებს, დაახლოებით 25-30 ადამიანს ითვლიან, ვისაც ეძებენ, მაგრამ ეგ არის დაუზუსტებელი ინფორმაცია.

რადიო თავისუფლება: რას ყვებიან ადგილობრივები, როგორ დაიწყო სტიქია?

გელა მთივლიშვილი: მე როგორც აქაურებმა მიამბეს, ორი დღის წინ მდინარე ბუბა, რომელსაც ბუმბურასაც ეძახიან, დაწყდა. ეს არის მდინარე ჭანჭახის მარჯენა შენაკადი, რომელიც სასტუმრო „სანსეტ შოვს“ ჩამოუდის მარცხნიდან. როგორც ჩანს, მთაში ჩამოწვა მეწყერი, ჩამოიშალა მთის მასა, მდინარე გადაკეტა, ჩამოტანილმა მიწამ დააგუბა და ორი დღის შემდეგ, 3 აგვისტოს გამოხეთქა. ესეც ვერსიაა, ცხადია, თუმცა, ყველაზე მეტად აქაურებს სარწმუნო ეს ვერსია მიაჩნიათ.

შოვი, ხეობა ღვარცოფის შემდეგ
შოვი, ხეობა ღვარცოფის შემდეგ

რადიო თავისუფლება: ამინდი ცუდი იყო?

გელა მთივლიშვილი: დღე არა, მაგრამ მთელი ღამე წვიმდა თურმე. ერთი დღით ადრე, 2 აგვისტოს, ჯინჭვისი ადიდდდა და მანდაც ღვარცოფი იყო. ვიდეოც კი გავრცელდა. არავინ მაგას სერიოზულად ყურადღება არ მიაქცია, რომ ვინმეს ტერიტორია დაეთვალიერებინათ. ხომ იციან, რომ ეს არის ღვარცოფული მდინარეების ადგილი, მყინვარების ადგილი. მთლიანად დანგრეულია მთელი ხეობა.

რადიო თავისუფლება: დაკარგულებს შორის თუ იცი, ადგილობრივებიც არიან თუ მხოლოდ დამსვენებელები?

გელა მთივლიშვილი: როგორც ვიცი, ადგილლობრივებიც, აი, ვინც კურორტის ტერიტორიაზე მზარეულად მუშაობდა, ან მუშად და ა.შ. ძალიან სწრაფად მომხდარია ეს ამბავი.

შოვი, სტიქიის ზონა
შოვი, სტიქიის ზონა

რადიო თავისუფლება: მაშველები როგორ მუშაობენ?

გელა მთივლიშვილი: მე რასცა ახლა ვუყურებ, მდინარის კალაპოტში არ დადიან, კი რთულია სავალად, რადგან ჯერ ისევ ადიდებულია მდინარე, მაგრამ ფიზიკურად გადადგილება, დათვალიერება მაინც შესაძლებელია. ადგილობრივი მაცხოვრებლები უფრო ეძებენ ეგეთ ადგილებში. ვფიქრობ, აქ რომ ყოფილიყო დამონტაჟებული მონიტორინგის სისტემა, საფრთხის მანიშნებელი, რაც დევდორაკზე დააყენეს იქაური მეწყრის შემდეგ, რაჭაშიც მალევე გაიგებდნენ საშიშრობეას და იქნებ ასეთი ამბავი აღარ დატრიალებულიყო.

ბოლო ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში ამ დროისთის ექვსი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ძებნა გრძელდება.

გუშინ, 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG