უკრაინაში ჩეჩნეთის პრეზიდენტი იქცა არა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ, არამედ ოფიცრის პრინციპულობის მაგალითადაც - მან უარი განაცხადა ესტონეთის დაბომბვაზე. დუდაევის იმიჯის ევოლუციასა და მისი მნიშვნელობების შესახებ „კავკაზ.რეალიი“ წერს.
1996 წელს ლვოვი ერთ-ერთი პირველი ქალაქი იყო მსოფლიოში, სადაც ქუჩას ჯოხარ დუდაევის სახელი დაარქვეს, თანაც მისი დაღუპვიდან მალევე. ეს სოლიდარობის ჟესტი იყო. იმავე წელს ასეთივე ქუჩა გაჩნდა მეზობელ ქალაქში, ივანო-ფრანკოვსკშიც. საინტერესოა, რომ 2010 წლიდან ლვოვში ცდილობდნენ ქუჩისთვის სახელი გადაერქმიათ. „ქალაქის ისტორიასთან შესაბამისობაში მოსაყვანად“, თუმცა მერი ანდრეი სადოვი 2014 წელს ამის წინააღმდეგ წავიდა და შემდეგ ამ საკითხს აღარ დაჰბრუნებიან.
„ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი (1991–1996 წწ.), ჩეჩენი ხალხის ეროვნული გმირი. რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს ის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას ჩაუდგა სათავეში და ქვეყნის დაცვისას დაიღუპა. მხარს უჭერდა უკრაინასა და იმ ხალხებს, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის ბატონობისგან გათავისუფლდნენ <...> მემორიალური დაფა გაიხსნა 2026 წლის 21 აპრილს – დუდაევის დაღუპვის დღეს, რუსეთ-უკრაინის ომის მე-13 წელს. ლვოვს ახსოვს და პატივს სცემს ყველას, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის“, – წერია დაფაზე.
მანამდე კიევში გაჩნდა შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონის ქუჩა და იმამ შამილის სკვერი. შეიხ მანსური XVIII საუკუნის ბოლოს კავკასიელი მთიელების ლიდერი იყო. მისი სახელობის უკრაინული ბატალიონი, რომელიც იჩქერიის მხარდამჭერი ემიგრანტებისგან შედგება, დონბასში 2014 წლიდან იბრძვის – ისევე როგორც დუდაევის სახელობის დანაყოფი. იგივე ითქმის იმამ შამილზეც, უკრაინაში ერთი ბატალიონი სწორედ მის სახელს ატარებს.
ღირსება უპირატესია
„როცა უკრაინის მზე ამოვა, რუსეთი პირისაგან მიწისა აღიგვება“, - უკრაინაში დუდაევს ყველაზე ხშირად ამ ფრაზით იხსენებენ, თუმცა არ არსებობს დოკუმენტური მტკიცებულება, რომ ის მან მართლაც წარმოთქვა. თუმცა 1995 წლის ინტერვიუში დაფიქსირებული მისი შეფასება კიდევ უფრო წინასწარმეტყველური აღმოჩნდა: განჭვრიტა, რომ რუსეთი პრეტენზიას განაცხადებდა ყირიმზე. თქვა, უკრაინასა და რუსეთს დიდი ომი ელითო.
უკრაინელი პოლიტიკოსები განსაკუთრებულად იხსენებენ დუდაევის პოზიციას ესტონეთის ქალაქ ტარტუში 1991 წელს. საბჭოთა კავშირი უკვე იშლებოდა, ჩეჩნეთის მომავალმა პრეზიდენტმა მაშინ უარი თქვა, ძალით ჩაეხშო განმათავისუფლებელი მოძრაობა.
„დუდაევი იქ მძიმე ბომბდამშენების 326-ე დივიზიას ხელმძღვანელობდა. კრემლიდან უბრძანეს, ჩაეხშო განმათავისუფლებელი მოძრაობა ესტონეთში. უარი თქვა ამის გაკეთებაზე, რადგან იცოდა, რას ნიშნავს, როცა შენი ხალხის თავისუფლებას ზღუდავენ. 1997 წელს ტარტუში, სასტუმრო Barclay-ის კედელზე დუდაევის მემორიალური დაფა დაამონტაჟეს, სწორედ იმ ადგილას, სადაც გენერლის კაბინეტი იყო. მასზე წერია, რომ მან „არ დაუშვა სისხლისღვრა, როდესაც ესტონეთი დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა“, – დაწერა უკრაინის სახალხო დეპუტატმა იაროსლავ იურჩიშინმა. ის რადაში ხელმძღვანელობს დროებით კომისიას, რომელიც რუსეთის მცირე და ძირძველი ხალხების ეროვნულ მოძრაობებთან მუშაობს.
ჩრდილოეთ კავკასიის ისტორიის ანალიტიკოსი ჩეჩნეთიდან, რომელიც ახლა ევროპაში ცხოვრობს და ანონიმურად გვეწერება, ამბობს, რომ „აქ მისი ხასიათი ჩანს. საბჭოთა არმიის, ისევე როგორც დღევანდელი რუსეთის არმიის წესდებით, ნებისმიერი ბრძანება მიდის პოლკის, ესკადრილიის და ა.შ. სახელზე. ამ შემთხვევაში ბრძანება თავად დუდაევმა მიიღო და თავად გადაწყვიტა, აეღო ეს მისია საკუთარ თავზე თუ არა. ოფიცრის ვალდებულება თუ საკუთარი ეთიკური პრინციპები? მან მეორე აირჩია“, – განმარტავს ის.
ანალიტიკოსის თქმით, შორი მოქმედების ავიაცია ესტონეთიდან, წესით, სულ ბოლოს უნდა გაეყვანათ – პირველ რიგში ეს შეეხებოდა სხვა სტრუქტურებს, განსაკუთრებით კი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ შინაგან ჯარებს. დუდაევი წავიდა „იმის წინააღმდეგ, რასაც მანამდე აკეთებდა“ და ეს გახდა სიმბოლური ნაბიჯი ესტონეთისთვის და ისტორიული ფაქტი მსოფლიოსთვის: საბჭოთა არმიაშიც კი არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, მოსკოვიდან მიღებული ბრძანებები არ შეასრულონ.
არგამოცხადებული „ტერორისტი“
დუდაევი რუსეთს იურიდიულად ტერორისტად არ გამოუცხადებია, თუმცა მოსკოვის დამოკიდებულება მისი მემკვიდრეობისადმი სწორედ ამაზე მიანიშნებს.
აპრილის დასაწყისში ტერორისტულად გამოცხადდა „ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია“. მისი მთავრობა ემიგრაციაშია და ახმედ ზაკაევი ხელმძღვანელობს. ამ ხელისუფლების სათავეში თავის დროზე სწორედ ჯოხარ დუდაევი იდგა. თავად ზაკაევი რუსეთის ხელისუფლებისგან 2002 წლიდან იდევნება. მაშინ ის კოპენჰაგენში დააკავეს რუსეთის ბრალდებების საფუძველზე. 2022 წლისთვის კი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი საჯაროდ მოუწოდებდა, მოეკლათ იგი, სანაცვლოდ კი მკვლელს უზრუნველ ცხოვრებას ჰპირდებოდა.
საინტერესო ვითარება შეიქმნა 2025 წელს მომღერალ ალა პუგაჩოვას ინტერვიუს შემდეგ. ინტერვიუში მან იჩქერიის პირველ პრეზიდენტს „წესიერი, პატიოსანი, ინტელიგენტი ადამიანი“ უწოდა. დუმის დეპუტატმა ბიისულთან ხამზაევმა იუსტიციის მინისტრ კონსტანტინ ჩუიჩენკოს მიმართა და სთხოვა, ჩატარებულიყო ინტერვიუს „სამართლებრივი ექსპერტიზა“. მისი აზრით, ინტერვიუში დადებითად ახასიათებდნენ „ტერორისტად აღიარებულ პირს“.
რამზან კადიროვმა მაშინ პუგაჩოვა „უაზრო“ მოსაზრების გამო გააკრიტიკა, ხოლო დუდაევზე თქვა, რომ მას ჩეჩენი ხალხი „ფეხებზე ეკიდა“. და ეს მაშინ, როცა ადრე „დიდ ადამიანად“ და „ნამდვილ მამაკაცად“ მოიხსენიებდა. ნათქვამი აქვს, ბავშვობაში მთელი დღე მშიერი დავეხეტებოდი გროზნოში, იმ იმედით, რომ „ეროვნულ გმირს“ დავინახავდიო.
„უფრო რთულია, ვიდრე ჩანს“
„დუდაევი ძალიან რთული და „ევოლუციური“ ადამიანი გახლდათ, - აღნიშნავს ორგანიზაცია „მემორიალის“ უფლებადამცველი ალექსანდრ ჩერკასოვი. - საბჭოთა წლებში იგი „ბრწყინვალე ოფიცერი“ იყო და შესაბამის გარემოშიც ცხოვრობდა. მშობლიური ენა არც კი იცოდა.
დუდაევისა და ჩეჩენი ხალხის საერთო ეროვნული კონგრესის როლი ისეთი არ არის, როგორადაც მის მოწინააღმდეგეებს ან მის მხარდამჭერებს სურთ წარმოაჩინონ. კონგრესი შეიქმნა 1990 წლის ნოემბერში – ეს იყო საკავშირო (სსრკ - რ.თ.) ცენტრის პოლიტიკის ნაწილი არა მხოლოდ ჩეჩნეთში, არამედ სსრკ-ის მრავალ ავტონომიაში. იმ დღეებში ჩეჩნეთ-ინგუშეთის უზენაესი საბჭოს სესიაც ტარდებოდა, რომელზეც რესპუბლიკის საბჭოთა ლიდერი დოკუ ზავგაევი იგივე იდეებს აჟღერებდა, რასაც კონგრესი. ამასთან, კონგრესში მოსკოვიდან ჩამოსული ადამიანები მონაწილეობდნენ, რომლებიც ჩეჩნეთის ავტონომიის გაფართოებას დადებითად აფასებდნენ“, – აღნიშნავს ის.
მოსკოვიდან ისე ჩანდა, რომ კონგრესი არ იყო დიდი ჯგუფი და არც ხალხის მხარდაჭერით არ გამოირჩეოდა. დუდაევი იქ შეიარაღებული ძალებიდან მოხვდა, ცეკას ზეწოლით. თუმცა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც კი დუდაევი მაშინვე არ გადასულა მოსკოვის შეურიგებელი მოწინააღმდეგეების რიგებში.
„ეს იყო რთული თამაში, რომელშიც ჩართული იყვნენ ჩეჩნეთის ეროვნული მოძრაობის ფიგურები. მათ გამოყენებას ცდილობდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი საკუთარი ინიციატივით არ მოქმედებდნენ. უბრალოდ არავინ ელოდა, რომ 1991 წლის ზაფხულში კონგრესს საკუთარი არმია ექნებოდა – ფიქრობდნენ, რომ დუდაევი იქნებოდა გენერალი არმიის გარეშე“, – ამბობს ჩერკასოვი.
მისი შეფასებით, ეს „არმია“ თავად მოსკოვმა შეუქმნა: 1991 წელს საკავშირო ცენტრმა სოფლის განვითარებისათვის სახსრები ვერ გამოძებნა და ათიათასობით ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც სხვა დროს დროებით სამუშაოებზე მიდიოდნენ ხოლმე, ჩეჩნეთში დარჩა. ისინი ჩეჩნეთის „რევოლუციის საწვავად“ იქცნენ. თუმცა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც კი დუდაევი მოსკოვის მოწინააღმდეგედ ერთბაშად არ ქცეულა.
„რატომღაც შამილ ბასაევი 1992-1993 წლებში ჯერ ყარაბაღში იბრძვის, რუსეთის მხარეს, შემდეგ კი აფხაზეთში. აფხაზეთთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტი კითხვა ჩნდება იმაზე, თუ როგორ ამარაგებდნენ, წვრთნიდნენ ან საზღვარზე როგორ უშვებდნენ. 1992–1993 წლებში აფხაზეთში ბასაევი და სხვები უკვე მოქმედებდნენ, როგორც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, ანუ ძალა, რომელსაც რუსეთი იყენებს იქ, სადაც არ სურს ღიად გამოჩნდეს. ამ სიტუაციაში ძნელია დუდაევზე ვთქვათ, ინგლისის დედოფალივით არაფერი იცოდაო“, - ამბობს ის.
გარდამტეხ მომენტად, როდესაც დუდაევი საბოლოო ჩამოყალიბდა განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერად, ჩერკასოვი 1993 წლის შემოდგომას მიიჩნევს.
„საბჭოთა კავშირში ცხელ წერტილებში მოქმედებების ეს პროგრამა იხურება. რატომ? მოსკოვის მცირე სამოქალაქო ომის დროს გრუ-ს (გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო - რ.თ.) ოფიცრები, რომლებიც ამით იყვნენ დაკავებულნი, მხარს თეთრ სახლს უჭერდნენ. მთელი ეს რთული ევოლუცია რუსული პერიოდისა არ ხვდება იმ ადამიანების ხედვაში, ვინც ახლა დუდაევზე საუბრობს. მისი სახე, რბილად რომ ვთქვათ, ძლიერ არის დამახინჯებული“, - ასკვნის ის.
შამილ ბასაევი იყო ერთ-ერთი ლიდერი იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა. პირველი ომის დროს ფედერალური ძალების წინააღმდეგ (1994–1996) ეკავა იჩქერიის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტი, ხოლო მეორე ომის დროს (აქტიური ფაზა 1999–2000 წლებში) - ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. 1991–1992 წლებში ბასაევი მონაწილეობდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარეს. 1992 წლის აგვისტოში თავისი რაზმით გადავიდა აფხაზეთში, სადაც იბრძოდა საქართველოს წინააღმდეგ „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ შემადგენლობაში. აფხაზეთში ბასაევი გახდა გაგრის ფრონტის მეთაური, შემდეგ კი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. მას მიენიჭა „აფხაზეთის გმირის“ წოდება.
ჯოხარ დუდაევი მოკლეს 1996 წლის 21 აპრილს გეხი-ჩუს მახლობლად სატელიტური ტელეფონით საუბრისას.
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ემიგრაციაში მყოფი მთავრობის ხელმძღვანელი ახმედ ზაკაევი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების ახალი საიდუმლო ქვედანაყოფის - ცენტრი 795-ის სამიზნე იყო. ლონდონში მისი ნათესავების გატაცების ოპერაცია ჩაიშალა, ხოლო ერთ-ერთი ოპერატიული მუშაკი (ამის შესახებ წერს გამოცემა The Insider-ი) კოლუმბიაში FBI-ს მოთხოვნით დააკავეს.
ფორუმი