Accessibility links

ჯულიან ასანჟი - ვისთვის გმირი, ვისთვის არა


ჯულიან ასანჟი გმირი არ არის და მის მომავლს ბრიტანეთის სასამართლოები გადაწყვეტენ - ეს სიტყვები ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა წარმოთქვა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა საყოველთაოდ ცნობილი „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის დაკავების შესახებ.

ასანჟმა თითქმის შვიდი წელი დაჰყო ლონდონში ევკადორის საელჩოში, საიდანაც 11 აპრილს გაიყვანეს ბრიტანელმა პოლიციელებმა. ეკვადორის პრეზიდენტმა ლენინ მორენომ ის დაადანაშაულა „უზრდელ და აგრესიულ ქცევაში“, რომლის გამოც გარდაუვალი გახდა მისთვის თავშესაფარზე უარის თქმა.

რა შუაშია გმირი?

„ჩემთვის ჯულიან ასანჟი გმირია. რაც მან გამოაქვეყნა, იყო სიმართლის შემცველი ინფორმაცია, რომლის ნახვის უფლებაც ჰქონდა ამერიკულ საზოგადოებასა და მსოფლიოს“, - ასე ფიქრობს ამერიკელი იურისტი და პუბლიცისტი ენდრიუ ნაპოლიტანო. 11 აპრილს „ვიკილიკსის“ დამფუძნებლის დაკავების შემდეგ მას გმირი უწოდა ჰოლივუდის ვარსკვლავმა პამელა ანდერსონმაც, რომელსაც ასანჟის მეგობრად მოიხსენიებენ. ლონდონში ეკვადორის საელჩოსთან, შემდეგ კი სასამართლოსთან, სადაც ასანჟი მიიყვანეს, შეიკრიბნენ მხარდამჭერები მისი გათავისუფლების მოთხოვნით. ადვოკატმა ჯენიფერ რობინზონმა თავისი კლიენტის დაკავებას უწოდა „სახიფათო პრეცედენტი“ ყველა მედიაორგანიზაციისა და ჟურნალისტისათვის. „ეს პრეცედენტი ნიშნავს, რომ ნებისმიერი ჟურნალისტი შეიძლება გადასცენ შეერთებულ შტატებს იმის გამო, რომ სიმართლე გამოაქვეყნა შეერთებული შტატების შესახებ“, განაცხადა ადვოკატმა.

ასანჟი და „ვიკილიკსი“

47 წლის ჯულიან ასანჟმა, რომელიც ავსტრალიის მოქალაქეა, სახელი გაითქვა, როგორც ორგანიზაცია „ვიკილიკსის“ დამფუძნებელმა მას შემდეგ, რაც 2010 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე ამ ორგანიზაციის ვებსაიტზე გამოქვეყნდა ასიათასობით გასაიდუმლოებული დოკუმენტი: აშშ-ის დიპლომატებს შორის კერძო საუბრები და მსოფლიოს ლიდერებისა თუ პროცესების შესახებ მათი გულწრფელი შეხედულებები, ინფორმაცია სამხედრო ოპერაციებზე ავღანეთსა და ერაყში. ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის ინფორმაციის გაჟონვა, რამაც აშშ-ის დიპლომატიას დიდი უხერხულობა შეუქმნა.

ვინ რას ერჩის ასანჟს?

შვედეთი. 2010 წლის ნოემბერში შვედეთმა გასცა ასანჟის დაპატიმრების ორდერი ორი ქალის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდების საფუძველზე. ასანჟი ბრალდებებს უარყოფს. 2017 წელს - ანუ, სანამ ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში იმყოფებოდა - შვედეთმა შეწყვიტა გამოძიება. თუმცა 11 აპრილს ასანჟის დაკავების შემდეგ სტოკჰოლმიდან გავრცელდა ცნობა, რომ პროკურატურას ოფიციალურად მიმართეს განაცხადით სექსუალური ძალადობის ბრალდებასთან დაკავშირებული გამოძიების განახლების შესახებ.

ბრიტანეთი. ასანჟს გასამართლებას უპირებენ 2012 წელს ბრიტანეთში გირაოთი განთავისუფლების პირობების დარღვევისათვის. საქმე ისაა, რომ 2010 წლის დეკემბერში - მას შემდეგ, რაც შვედეთმა ასანჟის დაპატიმრების ორდერი გასცა - ის ლონდონში პოლიციას ჩაბარდა. ასანჟი ჯერ დააკავეს, შემდეგ კი, შვედეთში ექსტრადიციის საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 2011 წელს გადაწყდა „ვიკილიკსის“ დამფუძნებლის შვედეთისათვის გადაცემა, მაგრამ ის შიშობდა, რომ შვედეთიდან მოელოდა ექსტრადიცია შეერთებულ შტატებში. ამიტომ, 2012 წელს ასანჟმა თავშესაფარი ითხოვა ლონდონში ეკვადორის საელჩოში. მიიღო კიდეც. 2019 წლის 11 აპრილს ლონდონის სასამართლომ გამოაცხადა, რომ 2012 წელს ასანჟმა დაარღვია გირაოთი გათავისუფლებასთან დაკავშირებული პირობები.

აშშ. 11 აპრილს ლონდონში ასანჟის დაკავების შემდეგ გავრცელდა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადება, რომ ვებპორტალ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელს წაუყენეს „კომპიუტერში შესაღწევად“ შეთქმულების - კერძოდ, სამხედრო დაზვერვის ყოფილ ანალიტიკოს ჩელსი მენინგთან შეთქმულების - ბრალდება. ამავე განცხადებით, ბრალდება ემყარება ასანჟის თანხმობას პაროლის გატეხვაზე აშშ-ის მთავრობის გასაიდუმლოებულ კომპიუტერში შესაღწევად. ჯულიან ასანჟის დაკავებამ გზა გაუხსნა აშშ-ში შესაძლო ექსტრადიციას. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მას ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG