Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაკერულმა ფორუმმა გაავრცელა საქართველოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემთა ბაზა


მონაცემთა დაცულობაზე მონიტორინგის ჯგუფმა Under the Breach, რომელიც კიბერდანაშაულის საკითხებს იკვლევს, გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს ამომრჩეველთა სიის მონაცემების ინტერნეტში გაჟონვის შესახებ.

Under the Breach-ზე დაყრდნობით, ZDNet წერს, რომ „გასულ შაბათს ჰაკერულ ფორუმზე გამოქვეყნდა 4,9 მილიონი ამომრჩევლის (გარდაცვლილების ჩათვლით) შესახებ მონაცემები. ინტერნეტში გაზიარდა 1,04 გიგაბაიტი მაიკროსოფტის მონაცემთა ბაზის (MDB) ფაილი.

მონაცემთა ბაზა შეიცავს 4934863 ჩანაწერს, მაგრამ არ არის განახლებული, რადგან მასში არის მილიონობით გარდაცვლილ პირთა შესახებ მონაცემები“.

ZDNet-ის თანახმად, გაურკვეველია, ჰაკერული ფორუმის მომხმარებელმა მხოლოდ გააზიარა ინფორმაცია, თუ მანვე მოიპოვა. მომხმარებლისავე განცხადებით, ეს მონაცემები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ეკუთვნის.​

ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს ბაზარზე მოღვაწე კომპანია, CyberHouse თავის ფეისბუკის გვერდზე წერს: „გაურკვეველია, ბოროტმოქმედებმა აღნიშნული ბაზა voters.cec.gov.ge-ს ე.წ. სკრეიპინგის შედეგად წამოიღეს, თავად საიტი გატეხეს თუ ცესკოს ოფიციალური აპლიკაციიდან მოახერხეს მონაცემთა ბაზის ამოღება. შევნიშნავთ, რომ ეს საქართველოს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების გაჟონვის ყველაზე ფართომასშტაბიანი შემთხვევაა“.

საქართველოს შსს აცხადებს:

„ინფორმაცია, რომელიც უცხოურ პრესაში გავრცელდა, ცნობილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები“.

XS
SM
MD
LG