Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლივუდის კინოსტუდიები საქართველოს სანქციებით ემუქრებიან


Motion Picture Association of America, რომელიც წარმოადგენს "დისნეის" , "ვორნერ ბრაზერსს" , "უნივერსალ ფიქჩერსს", "სონის", "პარამაუნტ ფიქჩერსს", "ნეტფლიქსსა" და სხვა დიდ კინოსტუდიებს, შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში არსებულ ინტერნეტსაიტებზე არალეგალური ფილმების ჩვენების გამო.

ორგანიზაციის პრეზიდენტმა და მმართველმა დირექტორმა, სტენ მაკკოიმ, წერილი მისწერა კომუნიკაციების კომისიის, საქპატენტისა და ინტერნეტმეკობრეობის წინააღმდეგ შექმნილ ასოციაციას.

"მეკობრეობის შემცირება ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება და აღსრულება აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ პრიორიტეტის მისაღწევად. საქართველოში adjaranet.com და imovies.cc უჩვენებენ MPA- ს წევრი კომპანიების ფილმებს მათი თანხმობის გარეშე, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა", - ნათქვამია MPA-ს გამოგზავნილ წერილში.

ამ ფაქტს საგანგებო წერილით გამოეხმაურა "კავეას" კინოთეატრების ქსელი, სადაც აღნიშნულია, რომ მოპარული ფილმების გავრცელება და მოხმარება, ანუ ინტერნეტმეკობრეობა, ზიანს აყენებს და საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჰოლივუდის ფილმების ჩვენებას ქართველი მაყურებლისთვის, არამედ თავად ქართულ ფილმებსაც და მათ მწარმოებლებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

"ამერიკული კინოსტუდიები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ინტერნეტმეკობრეობის მიმართულებით არსებული მდგომარეობის გამო და პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში სანქციების დაწესებას აპირებენ, რაც კინო და ტელე მსოფლიო პრემიერების დაგვიანებით ან, რიგ შემთხვევაში, მათი სრულიად გაუქმებით იქნება გამოხატული.

რამდენიმე დღის წინ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოპარული - პირატული - ასლი ინტერნეტში გავრცელდა, რაც საფრთხეს უქმნის ფილმის საფესტივალო და კომერციულ წარმატებას. ასევე, ქართულმა პირატულმა ვებგვერდებმა "ნეტფლიქსის" მიერ შესყიდული პირველი ქართული ფილმი - „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ - მეორე დღესვე სრულიად უკანონოდ განათავსეს თავიანთ პლატფორმებზე, რითაც ფილმს მოაკლდა ლეგალური ნახვების დიდი რაოდენობა. ამასთან, აღნიშნული ფაქტის გამო, ისეთი დიდი კომპანია, როგორიც არის "ნეტფლიქსი", მომავალში ქართული ფილმის შესყიდვით აღარ დაინტერესდება, რაც ქართულ კინოს დააზიანებს“, - ნათქვამია "კავეას"კინოთეატრების ქსელის მიერ გამოგზავნილ განცხადებაში.

კინოსტუდიები იმედოვნებენ, რომ, კომუნიკაციების კომისიის დახმარებით, ინტერნეტსივრცე მალე გათავისუფლდება არალეგალური, არაკანონიერი ფილმებისა და სერიალებისგან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG