Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგერ თორნიკე რაზმაძეს სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის ჯარიმა ან პატიმრობა ემუქრება

კოლაჟი: მარგარიტა სიმონიანი, ირაკლი კობახიძე და თორნიკე რაზმაძე
კოლაჟი: მარგარიტა სიმონიანი, ირაკლი კობახიძე და თორნიკე რაზმაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთ ფუნქციაც საჯარო სივრცეში კომუნიკაციის „სისტემური მონიტორინგია“, ითხოვს ბლოგერ და ოპოზიციონერ აქტივისტ თორნიკე რაზმაძის სამართალდამრღვევად ცნობას სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მედავება, რუს პროპაგანდისტებს, მარგარიტა სიმონიანსა და ვლადიმირ სოლოვიოვს, რატომ მიაყენე შეურაცხყოფა და რატომ აგინეო“, - ამბობს რაზმაძე 10 სექტემბერს გამოქვეყნებულ ვიდეოში.

„სქრინი“ რაზმაძის საქმეზე შედგენილი ოქმიდან
„სქრინი“ რაზმაძის საქმეზე შედგენილი ოქმიდან

შსს-ს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორმა მარიამ მამარდაშვილმა, „სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნით“, თორნიკე რაზმაძის Facebook-გვერდი დაათვალიერა.

„დათვალიერების შედეგად დადგინდა“: რაზმაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის ქვეშაც 2026 წლის 12 ივნისს შემდეგი შინაარსის კომენტარი დატოვა:

„ამათი დედას შევე*ი „ნა კალენიახ“.

„აღნიშნული პოსტი არის საჯარო და შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სავარაუდო სამართალდარღვევის ნიშნებს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

რაზმაძეს წვრილმან ხულიგნობას ედავებიან (საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს არღვევს).

ამ მუხლით გათვალისწინებულია ჯარიმა 500-დან 3 000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობა 20 დღემდე ვადით.

რა თქვა რაზმაძემ ვიდეოში?

„ესენი გვიმზადებენ რაღაც საშინელებას რუსეთთან მიმართებით. დააკვირდით, როგორ ემთხვევა კობახიძის მესიჯები მარგარიტა სიმონიანის ნათქვამს“, - ამბობდა რაზმაძე აგვისტოში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ბლოგერმა ვიდეოში გააზიარა რუსეთის პროპაგანდისტული მედიის, „რაშა თუდეის“ ხელმძღვანელის, მარგარიტა სიმონიანის ტელეეთერში გაკეთებული განცხადება, რომელშიც ის ერეკლე მეორესა და საქართველოს რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრობდა.

სიმონიანი ამბობდა, რომ მეფე ერეკლე მეორემ „მუხლებზე დამდგარმა სთხოვა რუსეთს“, საქართველო მიეღო, შემდეგ კი აცხადებდა, რომ „დედა-რუსეთი თავისას იბრუნებს“ და მომავალშიც გამოჩნდებიან „ახალი მეფე ერეკლეები“, რომლებიც რუსეთს „მუხლებზე დაჩოქილები სთხოვენ სახლში დაბრუნებას“.

„გეორგიევსკის ტრაქტატი“ 1783 წელს გაფორმდა რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის. „ტრაქტატის“ მიხედვით, სამეფო რუსეთის მფარველობის ქვეშ გადადიოდა. „სამეგობრო შეთანხმება“ რუსეთმა დაარღვია და 1801 წელს გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსული პროპაგანდა საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა, საქართველოს ისტორია საკუთარი ინტერესებისთვის მოერგო, მათ შორის, ერეკლე II-ის ისტორიულ როლს რუსეთი ხშირად იყენებდა იმპერიალისტური ნარატივების გასამყარებლად;

ერთ-ერთი ღიად პრორუსული პარტია, - რომლის ლიდერებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებიან და რომელიც დაკავშირებული იყო ყოფილ გენპროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან, - „ახალი გეორგიევსკის გაფორმებასა“ და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ითხოვს.

რაზმაძის ვიდეოში ასევე გამოყენებული იყო „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადება ერეკლე მეორისა და "გეორგიევსკის ტრაქტატის" შესახებ.

„საბოლოოდ, ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯი არათუ გამართლებული, არამედ ერთადერთი სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება აღმოჩნდა. (…) იმ კონკრეტულ, სამწუხარო ისტორიულ ვითარებაში რუსეთის იმპერიასთან ურთიერთობა საქართველოსთვის არა მხოლოდ გადარჩენის საკითხი, არამედ ქრისტიანული დასავლეთისკენ მიმავალი პოლიტიკური და კულტურული კავშირის შენარჩუნების ერთადერთი გზა იყო“, - თქვა კობახიძემ 18 აგვისტოს.

რაზმაძე ვიდეოში ამბობდა, რომ ერეკლე მეორის დროს საქართველომ "გეორგიევსკის ტრაქტატი" იმ მიზნით გააფორმა, რომ მტრებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შესძლებოდა, თუმცა დღეს თავად რუსეთია საქართველოს მტერი.

„რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული და რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმება ან რუსეთთან თანამშრომლობა არის პირდაპირ მტერთან თანამშრომლობა“, - თქვა რაზმაძემ.

ბლოგერის ინფორმაციით, სოცქსელში დაწერილი კომენტარისთვის მის მიმართ პირველად შეადგინეს ოქმი, მანამდე, ე.წ. გზის გადაკეტვის მუხლით, მას სიტყვიერი შენიშვნა ჰქონდა გამოცხადებული.

  • შსს-ში „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო“ 2026 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა. მისი ფუნქციებია საჯაროდ გავრცელებული შეურაცხმყოფელი ან სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი, სავარაუდო სამართალდამრღვევების გამოვლენა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენა. მოქალაქეთა ნაწილი უწყებას „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ უწოდებს.
  • ახალი სამმართველოს შექმნას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ მიერ ადმინისტრაციული და საპროტესტო კანონმდებლობის ეტაპობრივი გამკაცრება. რიგი სამართალდარღვევისთვის 2025 წელს გაიზარდა ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები, გზის გადაკეტვისთვის კი შესაძლებელი გახდა ადმინისტრაციული პატიმრობა და განმეორების შემთხვევაში - სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც. მოგვიანებით შეზღუდვები ფეხით მოსიარულეთა სივრცეებზეც გავრცელდა.
  • ამ ცვლილებებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამო აკრიტიკებდნენ.
  • 16x9 Image

    სანდრო ჯუფალაკიანი

    მუშაობს კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG