5 მარტს გამართულ რიგით მეხუთე სხდომაზე სადავო პარლამენტის „ფასების კომისიამ“ მსხვილ დისტრიბუტორებთან შეხვედრაზე სამი პრობლემა გამოყო:
- ხანგრძლივი გადახდის პერიოდი სუპერმარკეტების მხრიდან;
„ეს უნდა შევკუმშოთ“, - თქვა კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
- საქონლის ბრუნვის მონიტორინგი;
„ციფრულზე რომ გადავიდეს?“
- ქსელებში შესვლის ბარიერების გამარტივება.
„სექტორში მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემებია, რაც ფასებს აძვირებს და მერე თქვენი მომხმარებელი იხდის საფასურს. ეს უნდა გასწორდეს და აქ ამიტომ ვართ", - სხდომა ამჯერადაც ამ სიტყვებით გახსნა კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა. შემდეგ კი, სადისტრიბუციო კომპანია „ფუდ სერვისის“ წარმომადგენელს, ნიკოლოზ ბურდულს ჰკითხა, საკმაოდ მაღალი ფასნამატი გაქვთ, 26% და რას ფიქრობთ, როგორ შეიძლება დაიწიოს ამ პროცენტმაო?
„ფუდ სერვისი" სხვადასხვა სურსათის, მათ შორის, რძის ნაწარმის დისტრიბუციას ეწევა - მათი პროდუქციის 90% იმპორტია.
ნიკოლოზ ბურდული: მარკეტინგული ხარჯის შემცირებამ, თავისთავად შეიძლება იმოქმედოს… მაგრამ ისიცაა, რომ იანვრის მერე, პრაქტიკულად ყველა გარე მომწოდებელმა გააძვირა ფასები.
შოთა ბერეკაშვილი: ქსელური მარკეტები რამდენ დღეში გიხდიან თანხას?
ნიკოლოზ ბურდული: ჩვენს შემთხვევაში 70-75 დღეა.
შოთა ბერეკაშვილი: ეგეც დიდი დროა. და მაგ შემთხვევაში სამუშაო კაპიტალის დაფინანსება როგორ ხდება?
ნიკოლოზ ბურდული: 20-25% ბანკის სესხებით. დანარჩენი შიდა რესურსით.
შოთა ბერეკაშვილი: გადახდის პერიოდი თუ შემცირდება, ეს მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ხარჯები შეგიმცირდეთ?
ნიკოლოზ ბურდული: შესაძლებელია.
კომისიის წევრის, ნინო წილოსანის კითხვაზე, რატომ ეზრდებათ დისტრიბუტორებს ე.წ. საოპერაციო ხარჯები, რაც საბოლოო ფასზეც მოქმედებს, ნიკოლოზ ბურდული თანამშრომლების ხელფასების ზრდას და საწვავზე ფასების ზრდას ასახელებს.
ამ კომპანიას 400 თანამშრომელი ჰყავს. მათი საშუალო ხელფასი - 2000 ლარია, მინიმალური - 1200.
ნინო წილოსანი: რამე პოლიტიკა გაქვთ ქსელებთან ურთიერთობის თუ, შეგიძლიათ, რომ ასე განუზომლად გაზარდოთ ხოლმე ეს ფასნამატი?
ნიკოლოზ ბურდული: განუზომლად, ცხადია, ვერ გაიზრდება. კონკურენციაზეა დამოკიდებული.
კომპანია „მონდელიზ საქართველოს“ დირექტორმა, ზურაბ ლომსაძემ კომისიას უთხრა, რომ ფასების მატება შოკოლადის მარცვლის გაძვირებამ გამოიწვია. "მონდელიზი" პროდუქტის მწარმოებელი კომპანიაა, აწარმოებს შოკოლადს „მილკა", ორცხობილებს და ა.შ.
„თქვენც ძალიან მაღალი ფასნამატი გაქვთ, 51%. რატომ?“ - ჰკითხა შოთა ბერეკაშვილმა სადისტრიბუციო კომპანია „შარმტრეიდინგის“ დირექტორს, ვახტანგ საძაგლიშვილს.
ეს კომპანია სახლის დასუფთავების საშუალებებით და ჰიგიენის პროდუქტების იმპორტითა და დისტრიბუციით არის დაკავებული.
- ასეთი რა კონკურენტული უპირატესობა გაქვთ?
- არაფერი განსაკუთრებული.
- მაინც ვერ გავიგე. რა იწვევს ამ არაბუნებრივად მაღალ მარჟას... გადახდის პერიოდი რამდენი გაქვთ?
- 63 დღე იყო და 75 დღეზეა გაზრდილი.
- სომხეთშიც ხომ გაგაქვთ პროდუქცია? იქ რა პირობებია?
- იქ ქსელური მარკეტები 35 დღეში იხდიან თანხას.
- და ეგ ფასზე მოქმედებს?
- დადებითად მოქმედებს, დიახ.
საუბარში კომისიის კიდევ ერთი წევრი, პაატა კვიჟინაძე ჩაერთო:
- დიდი მოგება გაქვთ, ღმერთმა მოგახმაროთ, მაგრამ, ვთქვათ, გასწორდა ეს სისტემა და შემცირდა გადახდის დღეები და ა.შ. თქვენკენ მეტი თანხა წამოვიდა, გააიაფებთ პროდუქტს?
- რაღაც დონეზე კი.
- და რა არის მაგის გარანტია, რომ ფასს დააკლებთ?
- კონკურენცია.
- კონკურენცია რომ არ მუშაობს - ფაქტია.
- როგორ არა, კონკურენცია მუშაობს და თან საკმაოდ ძლიერად.
- კონკურენცია რომ მუშაობდეს, ფასნამატი 86 პროცენტი არ იქნებოდა. აბა, როგორ შეიძლება სომხეთში, აზერბაიჯანში, ევროპაში ნაკლები ღირდეს პროდუქტი, ვიდრე საქართველოში?
- აზერბაიჯანში არ ღირს უფრო ნაკლები... სომხეთში კი, რაღაცები უფრო იაფია.
- ამაშია საქმე.
„შარმტრეიდინგის“ წარმომადგენელს ჰკითხეს, რაში ხედავენ რესურსს, რომ ფასებმა დაიწიოს.
- დიდ რესურსს ვერ ვხედავთ, მაგრამ სესხის შემცირება დიდი შეღავათი იქნებოდა.
ვახტანგ საძაგლიშვილმა დაამატა, რომ მათ ხარჯები მას შემდეგაც გაეზარდათ, რაც თბილისში აიკრძალა სადისტრიბუციო მანქანებით გადაადგილება დღის გარკვეულ საათებში:
“ამან ჩვენი საოპერაციო ხარჯები გაზარდა 0.7 – 0.8 %-ით. დამატებითი მანქანები ვიყიდეთ და პერსონალიც 50%-ით გავზარდეთ. საღამოს და დღის ცვლები გვყავს”.
მაღალი ფასნამატის მიზეზებზე როცა ჰკითხეს, ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად "ლოგისტიკური ნაწილი” დაასახელა „დიპლომატ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გიგა ჩხეიძემ.
ამ სადისტრიბუციო კომპანიას შემოაქვს ისეთი კომპანიების პროდუქცია, როგორიცაა “ნესტლე", “პროქტერ ენდ გემბლ” და სხვა.
- თაროზე რა ფასი ადევს დღეს პროდუქტს საქართველოში, ეს რთულად განსასაზღვრია - თქვა მან.
- მიზეზი რა არის ამისი?
- ბაზარი ასე განვითარდა და ჩვენც მივყევით.
საუბარში ერთვება მაია ბითაძე, კომისიის კიდევ ერთი წევრი “ქართული ოცნებიდან” და ინტერესდება, რატომ არის საქართველოში გაცილებით ძვირი მაგალითად, შამპუნი, სარეცხის ფხვნილი ან კბილის პასტა.
- არ ვიცი რა გამოცდილებას ეყრდნობით - პასუხობს მას ჩხეიძე.
- პრაქტიკულ გამოცდილებას. ქალები ვართ და კარგად ვიცით ფასები… მაგალითად, ყავა..
- ყავა, სხვათა შორის, ღრმა ფასდაკლების დროს, აქ უფრო იაფია ვიდრე ევროპაში.
“ჩვენი კომპანიის სახელით ვაცხადებთ, რომ ბოლო დროს ჩვენგან ფასები არ გაზრდილა” - უთხრა კომისიას დავით ალავიძემ. ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანიის წარმომადგენელმა, რომლის კომპანია სხვა პროდუქციასთან ერთად, ზეთის იმპორტზეც მუშაობს.
- და ისე, არ გაგიგიათ, რომ საქართველოში ფასები გაზრდილია?
- მე არ გამიგია.
მან ისიც თქვა, რომ თუ მარკეტებში ფასდაკლების აქციები არ არის, “პროდუქტი არ იყიდება”.
სხდომის ბოლოს, შოთა ბერეკაშვილმა თქვა, რომ კომისიის მეექვსე შეხვედრაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს მოუსმენენ.
„სწორი ინსტრუმენტები უნდა დავნერგოთ და სექტორი გავაჯანსაღოთ”, - თქვა მან.
საბოლოოდ, კომისიას არ მიუღია მკაფიო პასუხი, რამ შეიძლება რეალურად დაწიოს ფასნამატი დისტრიბუტორების მხრიდან ან რამდენად რეალურია ეს უახლოეს მომავალში მოხდეს.
საპარლამენტო კომისია თებერვლის დასაწყისიდან მოყოლებული, ცდილობს დაადგინოს, რატომ ღირს ქართულ სუპერმარკეტებში პროდუქტი იმაზე უფრო ძვირი, ვიდრე ევროპულ ბაზარზე - რამდენი რჩებათ კომპანიებს მოგება და ხომ არ მოქმედებს კარტელური გარიგებები. ეს კომისია მას მერე შეიქმნა, რაც გასული წლის მიწურულს, 24 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ლიდერმა და მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოში, ევროპასთან შედარებით, სურსათი ძვირია, რისი მიზეზიც მაღალი ფასნამატი და მოგებაა. მისი ინიციატივა იყო, შექმნილიყო საგამოძიებო კომისია და დაწყებულიყო გამოძიება. ამ საკითხის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც.
კობახიძე ამბობს, რომ გრძელდება გუნდის შიგნით მსჯელობა ფასების შემცირების გზების ძიებაზე. მან „რუსთავი 2-ის" ეთერში თქვა, რომ ერთ-ერთი გზა სახელმწიფოს რესურსით სადისტრიბუციო ქსელის აწყობაა.