სასურსათო კომპანიის წარმომადგენლებმა რამდენიმე საკითხი გამოჰყვეს:
- ე.წ. ქეშბექი, რომლის გადახდაც ყველა იმ კომპანიას უწევს, რომელიც დიდ ქსელურ მაღაზიებში ყიდის პროდუქტს - ეს გადასახადი ინდივიდუალურია, დისტრიბუტორი მაღაზიას უხდის გაყიდული პროდუქტის გარკვეულ პროცენტს;
- ნედლეულის იმპორტი, რომელსაც საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისგან განსხვავებით დამატებით ღირებულების გადასახადი 18 პროცენტი ემატება. როგორც კომპანია „დილის“ დირექტორმა თქვა, იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივ ნედლეულზე იგივე გადასახადი არ არის დამატებული, შეღავათიან ფასად ვერ ყიდულობენ;
- დაგვიანებული გადახდები - მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ ქსელური მაღაზიები მათ კუთვნილ თანხას დაგვიანებით ურიცხავენ, რაც მათთვის დამატებითი ფინანსური ტვირთია;
- საბანკო კრედიტები, რომელიც საქართველოში ბევრად მაღალია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში;
- კომუნალური გადასახადები - კომპანია „ბიუ ბიუს“ დამფუძნებელმა რეზო ვაშაკიძემ კომისიის სხდომაზე თქვა, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა, რომელიც მომდევნო თვეებში იგეგმება, გავლენას იქონიებს თვითღირებულებაზე.
რატომ ღირს კვერცხი ძვირი?
კვერცხი და ქათმის ხორცი, სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, გათავისუფლებული არ არის დღგ-სგან, რაც საქართველოში ფასს 18%-ით ზრდი. ამ გადასახადს არ იხდიან არც ბატის კვერცხისა თუ სხვა შინაური ცხოველის ხორცის მწარმოებელი კომპანიები.
კომპანია „დილის“ დირექტორი, გია ლობჟანიძე ამბობს, რომ კვერცხის ფასი ყოველი წლის ოქტომბერში იცვლება, როცა მთავარი იმპორტიორი ქვეყნიდან (რუსეთიდან) ნედლეულის ხორბლისა და სიმინდის შემოტანა იწყება. იმპორტირებული ნედლეულის შემთხვევაში კი ფასს განაპირობებს ამინდი, საზღვარზე არსებული რიგები, აქციზები, მოსავლის რაოდენობა და ა.შ.
„ჩვენ რომ გავაძვირეთ კვერცხი, ეს იყო გარდაუვალი აუცილებლობა. ახლა დარგს კვერცხის 1 კაპიკით გაიაფების საშუალებაც არ აქვს. თუკი რამე იქნება კომპლექსური მიდგომა, რა თქმა უნდა [შესაძლებელი იქნება], თუ დაიწევს [დღგ-ს] 18%...“ - გია ლობჟანიძემ ასევე აღნიშნა, რომ კვერცხზე დღგ-ს არსებული გადასახადის შესახებ არაერთხელ ჰქონია კომუნიკაცია, რაზეც შედეგს ვერ მიაღწია: „საკმაოდ არაერთგვაროვანი პასუხები მიგვიღია. მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლებიდან იყო საუბარი, რომ აწარმოეთ ბატის კვერცხი და დღგ-დან გაგათავისუფლებთ, ხოლო ქათმის კვერცხს დღგ-დან არ გავათავისუფლებთ, რადგან დღგ შემოდის და ეს სახელმწიფოს სჭირდება“.
მისი თქმით, კვერცხის გაძვირების გადაწყვეტილება კომპანიამ გაცილებით ადრე მიიღო, ვიდრე ეს მარკეტებში არსებულ ფასზე აისახა - ამის საჭიროება კომპანიამ ახალ წლამდე დაინახა, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, გაძვირებული პროდუქტის გაიაფება მოუწიათ.
„25 დეკემბერს მოხდა ბატონი პრემიერის გამოსვლა ამ საკითხთან დაკავშირებით და ისეთნაირად გამოჩნდა, რომ თითქოს საბოტაჟთან გვქონდა საქმე. კიდევ კარგი, გვქონდა საშუალება სხვადასხვა ორგანიზაციებში და ბატონ პრემიერთანაც პირადად აგვეხსნა ეს სიტუაცია, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი.
შესაბამისი ნაბიჯიც გავაკეთეთ საიმისოდ, რომ დავუბრუნდით ძველ ფასებს, მაგრამ იმიტომ არ დავუბრუნდით“, - თქვა მან.
დაიწევს კვერცხსა და ქათამზე დღგ-ს 18%-იანი გადასახადი?
პროდუქტზე ფასის კლების ერთ-ერთ წინაპირობად დღგ-ს გადასახადის შემცირების დასახელებას სხდომაზევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი.
„საზოგადოებამ არასწორად რომ არ აღიქვას, ეს არის გადასახადი, რომლითაც შემდგომში ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვა, სკოლები, ბაღები, ინფრასტრუქტურა. ეს არ არის იმგვარი გადასახადი, რომელსაც სახელმწიფო მარტივად... ამითი ფინანსდება ყველა ძირითადი ხარჯი“.
მისი თქმით, მეზობელ ქვეყნებში ქათმის გრიპის საფრთხე არსებობს, რასაც კომპანია მომზადებული უნდა შეხვდეს.
რას იკვლევს კომისია?
სადავო პარლამენტში შექმნილი კომისია ადგენს, რატომ ღირს ქართულ სუპერმარკეტებში პროდუქტი იმაზე უფრო ძვირი, ვიდრე ევროპულ ბაზარზე - რამდენი რჩებათ კომპანიებს მოგება, ხომ არ არის კარტელური გარიგებები.
რა მოხდა ფასების შესწავლის დაწყების შემდეგ?
გასული წლის მიწურულს, 24 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოში, ევროპასთან შედარებით, სურსათი ძვირია, რადგან მაღალი ფასნამატი და მოგებაა. მისი ინიციატივა იყო, შექმნილიყო საგამოძიებო კომისია და დაწყებულიყო გამოძიება. ამ საკითხის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.
ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში, იანვრის პირველ ნახევარში საქართველოში კვერცხი გაძვირდა. როგორც დღევანდელ სხდომაზე კვერცხის მწარმოებელმა კომპანიებმა განაცხადეს, ეს იყო გარდაუვალი საჭიროებით გამოწვეული.
„ფასის ზრდის მიზეზი არის გაზრდილი ხელფასები, მუშა-ხელის დეფიციტი და გაზრდილი ჯარიმები დისტრიბუციის მანქანებისთვის. როცა დაანონსდა რომ ელექტროენერგია უნდა გაძვირებულიყო, ეგეც გავითვალისწინეთ“, - განუცხადა BM.ge-ს 16 იანვარს „კუმისის“ თანადამფუძნებელმა და „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.
გაძვირებიდან რამდენიმე კვირაში, 6 თებერვალს კი კომპანიებმა „სავანეთი“, „დილა“, „კოდა“ და „კუმისი“ განაცხადეს, რომ წარმოებულ ფასს 5%-ით შეამცირებდნენ, რაც დაახლოებით თითო კვერცხზე 2,5 თეთრია.
„აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის გათვალისწინებით, რომელიც სასურსათო პროდუქციის ფასების შემცირებას უკავშირდება“, - ეწერა ერთობლივ განცხადებაში.
ფორუმი