ვენეციის ბიენალეს - ხელოვნების გამოფენას რუსეთი დაუბრუნდება 9 მაისს. უკრაინელი არტისტები, რომლებსაც მახლობლად აქვთ თავისი გამოფენა, აცხადებენ, რომ ისინი არანაირ საპროტესტო აქციას არ გამართავენ.
ხელოვანმა ჟანა კადიროვამ, რომელიც ვენეციის გამოფენაზე უკრაინას წარმოადგენს, რადიო თავისუფლებას განუცხადა: „ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ჩვენს გზავნილზე და მთელ ჩვენს ძალისხმევას იმაზე დავხარჯავთ, რომ ჩვენი პავილიონი რაც შეიძლება საუკეთესო იყოს... ეს არის ჩვენი ბრძოლა“.
ეს პირველი შემთხვევა იქნება მოსკოვის მიერ 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, როდესაც რუსეთი გამოფენას გამართავს მომავალ ბიენალეზე. იმ სივრცეში, სადაც ხელოვნების პრესტიჟული ფესტივალი იმართება, რუსეთს საკუთარი, მეფის ეპოქის პავილიონი აქვს. პავილიონი ვენეციის ჯარდინიში აშენდა 1914 წელს არქიტექტორ ალექსეი შჩუსევის პროექტით. შჩუსევი არის ლენინის მავზოლეუმის პროექტის ავტორი, აგრეთვე თბილისის ყოფილი "მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის" და ბათუმში სასტუმრო „ინტურისტის“ პროექტების ავტორია.
ვენეციაში რუსული პავილიონის ნეოკლასიკური შენობა, ყოველთვის იყო სახელმწიფო კულტურის სიმბოლო - ჯერ იმპერიული რუსეთის, შემდეგ საბჭოთა კავშირის და ბოლოს რუსეთის ფედერაციისა.
ბიენალეში რუსეთის ჩართვამ რომსა და ბრიუსელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია. ევროკომისია იმუქრებოდა, რომ შეაჩერებდა 2 მილიონი ევროს (2.3 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობის გრანტს, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ გამოიყოფა ამ ღონისძიებისთვის, თუ რუსეთის გამოფენა გაიმართებოდა.
იტალიის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ ევროკავშირი დაფინანსების შეწყვეტის ულტიმატუმის გამო გააკრიტიკა. „მსოფლიოში და ირანში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ბრიუსელის მიერ იტალიური კულტურული ინსტიტუტების დაშინება ნამდვილად უხერხულია“, - განაცხადა მან აპრილის დასაწყისში გამართულ შეხვედრაზე.
რუსეთის კულტურული გაცვლის უწყების ხელმძღვანელმა მარტში ARTnews-ს განუცხადა, რომ ქვეყნის პავილიონი ვენეციაში „რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან 50-ზე მეტ ახალგაზრდა მუსიკოსს, პოეტსა და ფილოსოფოსს“ უმასპინძლებს.
მისი თქმით, გამოფენა „კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსული კულტურა იზოლირებული არ არის და რომ მისი „გაუქმების“ მცდელობები, რომლებიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დასავლური პოლიტიკური ელიტის მიერ იყო განხორციელებული, წარუმატებელია“.
კიევისა და ევროკავშირის 21 ქვეყნის მიერ ხელმოწერილ ერთობლივ წერილში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, გამოთქმულია პროტესტი უკრაინაში მიმდინარე შეჭრის ფონზე რუსეთის პავილიონის ხელახლა გახსნის წინააღმდეგ. „რუსეთისთვის პრესტიჟული საერთაშორისო კულტურული პლატფორმის მინიჭება ღრმად შემაშფოთებელ სიგნალს აგზავნის“, - ნათქვამია წერილში.
კადიროვა, რომელიც რადიო თავისუფლებას იმავე დღეს ისაუბრა, როცა რუსულმა დრონმა კიევში მისი კოლეგის ბინა გაანადგურა, ვენეციაში მის მიერ წარმოდგენილ ნამუშევარს აღწერს, როგორც ანარეკლს იმისა, რომ ზოგიერთი საერთაშორისო შეთანხმებას არავითარი ფასი არ აქვს. თუმცა, მისი თქმით, მის ქმნილებას, “ორიგამის ირემს” არასდროს ჰქონია განზრახვა, პოლიტიკური განცხადება ყოფილიყო.
2019 წელს კადიროვამ მოიგო შეკვეთა, უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ პოკროვსკში განეთავსებინა ხელოვნების ნიმუში იქ, სადაც ერთ დროს საბჭოთა თვითმფრინავი იდგა. „მე უბრალოდ ვეცადე გამეკეთებინა რაღაც გასაგები, ცოტათი ტრადიციული“, - თქვა მან.
თუმცა ბეტონის ირმის ქანდაკებამ ახალი მნიშვნელობა შეიძინა 2022 წელს რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
როდესაც რუსული ძალები ქალაქს მიუახლოვდნენ, კადიროვა 2024 წელს პოკროვსკში დაბრუნდა, რათა ქანდაკება მისი კვარცხლბეკიდან ჩამოეხსნა და დასავლეთში, უსაფრთხო ადგილას გადაეყვანა. „ჩვენი ხელოვნებაც კი ლტოლვილია, მხოლოდ ხალხი არ არის იძულებით გადაადგილებული“, - თქვა მან. პოკროვსკი ბრძოლების შედეგად დიდწილად განადგურდა და ამჟამად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
ვენეციაში რუსეთის “დაბრუნება” ქვეყნის მნიშვნელოვან ღონისძიებებზე წარდგენის უახლესი მაგალითი იქნება. ძიუდოს, საწყლოსნო სპორტისა და პარაოლიმპიურმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ცოტა ხნის წინ რუს და ბელარუსელ სპორტსმენებს საკუთარი დროშებით შეჯიბრების უფლება მისცეს.
რომან ჰრიშჩუკი უკრაინის წყალბურთელთა ნაკრების კაპიტანია, რომელმაც 13 აპრილს მალტაში გამართულ მსოფლიო თასზე მატჩი გამოტოვა, სადაც უნდა შეხვედროდა რუსეთის გუნდს, რომელიც ნეიტრალური სტატუსით გამოდიოდა. იმავე დღეს, სპორტის საწყლოსნო სახეობების მსოფლიო ორგანიზაციამ, რომელიც წყალბურთს ზედამხედველობს განაცხადა, რომ რუსებისთვის საკუთარი დროშის ქვეშ შეჯიბრებებში მონაწილეობის აკრძალვა მოიხსნა.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდს შესაძლოა მომავალში ჯარიმები დაეკისროს ტურნირიდან გასვლის გამო, უკრაინელმა სპორტსმენმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ „თუ რუსებს სხვა ტურნირზე შევხვდებით, ვფიქრობ, მსგავსი პოზიცია გვექნება. რადგან აგრესორ სახელმწიფოსთან თამაში არ შეგვიძლია“.
ვენეციის ბიენალეზე რუსული სტენდის სახელწოდება „ცაში ფესვგადგმული ხე“ იქნება - გამოფენა რუსული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტებით. პროექტის კოორდინატორია რუსეთის მუსიკალური აკადემია. პავილიონის კომისარი კი ანასტასია კორნეევა, რომელიც ამ პოსტზე 2021 წელს დაინიშნა.
ვენეციის ბიენალე ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში მონაწილეობენ ათეულობით ქვეყნის არტისტები. ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძველი საერთაშორისო კულტურული ფესტივალია, რომელიც 1895 წელს დაარსდა იტალიის ქალაქ ვენეციაში, თავდაპირველად, როგორც სახვითი ხელოვნების გამოფენა, მაგრამ
დროთა განმავლობაში გადაიქცა მრავალდარგოვან კულტურულ პლატფორმად.
მსოფლიოს 99 ქვეყანას შორის, რომლებიც ვენეციის ბიენალეზე არიან წარმოდგენილი საქართველოც არის, პავილიონი კვერინის სასახლეშია სახელწოდებით “თანამედროვე არგონავტები – ქართული გზაჯვარედინი".