Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენეციის ბიენალე - ხელოვნების ოლიმპიადა რუსეთის დროშით?

ფრანგი არტისტის, JR-ის ინსტალაცია, - ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილის გიგანტური ფოტო, - რომელიც უკრაინისადმი სოლიდარობის გამოსახატავად შეიქმნა. ვენეცია, 2022 წლის 13 აპრილი
ფრანგი არტისტის, JR-ის ინსტალაცია, - ახალგაზრდა უკრაინელი ლტოლვილის გიგანტური ფოტო, - რომელიც უკრაინისადმი სოლიდარობის გამოსახატავად შეიქმნა. ვენეცია, 2022 წლის 13 აპრილი

“ცაში ფესვგადგმული ხე” - რუსეთის დაბრუნება ვენეციაში

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ პირველად ბრუნდება ვენეციის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე. 2022 წელს უკრაინაში რუსული არმიის შეჭრას მოჰყვა ვენეციაში გამოფენის მომზადებაში ჩართული რუსი მხატვრების კირილ სავჩენკოსა და ალექსანდრა სუხარევას პროტესტი. მათ სხვა არტისტებთან ერთად გაავრცელეს წერილი, რომელშიც ეწერა: „ხელოვნების დრო არ არის, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები სარაკეტო ცეცხლის ქვეშ იღუპებიან, როდესაც უკრაინელი ხალხი თავშესაფრებში იმალება და როდესაც რუს მომიტინგეებს არბევენ“. რუსული პავილიონი დაიხურა. ორი წლის შემდეგ კი, ფაქტობრივად, სენსაციური ამბავი მოხდა ვენეციის ბიენალეს ისტორიაში: ერთი ქვეყნის, რუსეთის პავილიონი გადაეცა სხვა ქვეყანას - ბოლივიას.

რუსული რაკეტებით უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვის მე-5 წლისთავზე, 2026 წლის მაისში რუსეთი ვენეციაში ახალი პავილიონის გახსნისთვის ემზადება. რუსული სტენდის სახელწოდება „ცაში ფესვგადგმული ხე“ იქნება - გამოფენა რუსული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტებით. პროექტის კოორდინატორია რუსეთის მუსიკალური აკადემია. პავილიონის კომისარი კი ანასტასია კორნეევა, რომელიც ამ პოსტზე 2021 წელს დაინიშნა.

“მორალური პასუხისმგებლობა”- ევროკომისია აფრთხილებს ბიენალეს

ევროკომისიამ დაგმო ვენეციის ბიენალეს ორგანიზატორების გადაწყვეტილება. კვირის დასაწყისში ევროკომისრების, გლენ მიკალეფის (სპორტისა და კულტურის საკითხებზე პასუხისმგებელი) და ჰენა ვირკუნენის (ტექნოლოგიური სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებზე პასუხისმგებელი) ერთობლივი განცხადება გავრცელდა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, ინსტიტუტებმა და ორგანიზაციებმა უნდა დაიცვან სანქციები და არ დაუშვან ვენეციის ბიენალეზე მათი მონაწილეობა, ვინც „მხარი დაუჭირა ან გაამართლა რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკრაინაში“.

თუკი ვენეციის ბიენალე არ გაითვალისწინებს ევროკომისიის განცხადებას, ევროკომისია იმსჯელებს ბიენალეს ფონდისთვის გამოყოფილი გრანტის (2 მილიონი ევრო) შეჩერებაზე ან შეწყვეტაზე. კვირის ბოლოსთვის პროტესტს შეუერთდა 22 ევროპული ქვეყანა. მათ განცხადებაში წერია: „კულტურულ ინსტიტუტებს არა მხოლოდ მხატვრული მნიშვნელობა, არამედ მორალური პასუხისმგებლობაც აკისრიათ“, ამიტომ „რუსეთისთვის პრესტიჟული საერთაშორისო კულტურული პლატფორმის უზრუნველყოფა უკიდურესად საგანგაშო სიგნალია“.

პავილიონი, როგორც საელჩო

ევროკომისიასთან ერთად რუსეთის მონაწილეობა ვენეციის ბიენალეს მუშაობაში იტალიის კულტურის მინისტრმაც გააპროტესტა. უკრაინელი არტისტები კი, რუსული პავილიონის გახსნის შემთხვევაში, ბოიკოტით ემუქრებიან ვენეციის ბიენალეს.

ექსპერტები ამბობენ, რომ ვენეციის ბიენალეს ფონდს გაუჭირდება არ დაუშვას რუსები ვენეციაში, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ პავილიონის ტერიტორია რუსეთს ეკუთვნის... ესაა ფაქტობრივად „კულტურული საელჩო“, რომელიც 2022 წელს მხოლოდ იმიტომ დაიხურა, რომ თავად რუსმა არტისტებმა თქვეს უარი გამოფენაში მონაწილეობაზე,

ვენეციის ბიენალე ეროვნული პავილიონების პრინციპითაა შექმნილი - გამოფენა დღემდე კვლავაც მე-19 საუკუნის მოდელზეა აგებული. არადა, თანამედროვე ხელოვნება არსებობს გლობალურ და „მიგრანტულ“ გარემოში, მისთვის საზღვარი, ფაქტობრივად, გაუქმებულია - განსაკუთრებით დღეს, როცა ბევრი რუსი არტისტი ცხოვრობს ევროპაში, ამერიკაში და ღიად აკრიტიკებს პუტინის რეჟიმს, მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებსა და კურატორულ გამოფენებში. უკრაინელები, რომელთა პავილიონი ყველაზე მეტად პოლიტიზებულია ვენეციის ბიენალეზე, მუდმივად აღნიშნავენ, რომ ამ ხალხშიც შეიძლება “იმალებოდეს” რუსული რბილი ძალა. მაგრამ ამჯერად რუსული პავილიონის ორგანიზატორებმა ემიგრაციაში მყოფი რუსი მხატვრები და კურატორები კი არ მოიწვიეს, არამედ, როგორც კინომცოდნე ანტონ დოლინი ამბობს, “რუსი ფსევდოფოლკლორისტები და რუსული კულტურის ის მოღვაწეები, რომლებიც შეიძლება არ ამბობენ “დონბასი ჩვენიაო”, მაგრამ ამბობენ "კულტურა პოლიტიკის გარეშე”, რითაც, დოლინის აზრით, ზუსტად ისევე ეხმარებიან პუტინს, როგორც შოვინისტი არტისტები.

რუსეთის პავილიონი ვენეციის ჯარდინიში 1914 წელს აშენდა არქიტექტორ ალექსეი შჩუსევის პროექტით. შჩუსევი არის ლენინის მავზოლეუმის პროექტის ავტორი, აგრეთვე თბილისის მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის (სადაც ახლა სასტუმრო "ბილტმორის" შესასვლელია) და ბათუმის სასტუმრო „ინტურისტის“ პროექტების ავტორი.

ვენეციის პავილიონის შენობა, აშენებული რუსული ნეოკლასიკურ სტილში, ყოველთვის წარმოადგენდა სახელმწიფო კულტურის სიმბოლოს - ჯერ იმპერიული რუსეთის, შემდეგ საბჭოთა კავშირის და ბოლოს რუსეთის ფედერაციის. რუსული პავილიონის ისტორია რუსეთის პოლიტიკის ისტორიის სარკეა, მიუხედავად იმისა, რომ პუტინის კულტურული ელიტა დღეს ცდილობს დაამტკიცოს, რომ „პოლიტიკა სხვაა, კულტურა სხვა“.

ვენეციის ბიენალე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძველი საერთაშორისო კულტურული ფესტივალია, რომელიც 1895 წელს იტალიის ქალაქ ვენეციაში დაარსდა, თავდაპირველად, როგორც სახვითი ხელოვნების გამოფენა, მაგრამ დროთა განმავლობაში გადაიქცა მრავალდარგოვან კულტურულ პლატფორმად. ბიენალე ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში მონაწილეობენ ათეულობით ქვეყნის ეროვნული პავილიონები.

პოლიტიკა და კულტურა

რუსეთში დღეს იხსენებენ 1977 წლის ვენეციის ბიენალეს, რომელიც დისიდენტებს მიეძღვნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საბჭოთა არაოფიციალური ხელოვნება, სამიზდატის კულტურა, საბჭოთა კავშირში აკრძალული ავტორები. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ რუსეთი წელს თავისი პავილიონის „გაცოცხლებას“ აპირებს, გამოითქვა აზრი, პარალელურად გამართულიყო ემიგრაციაში მყოფი რუსი მხატვრების გამოფენები.

ისიც ითქვა, რომ ვენეციის ბიენალეს გაუჭირდება რუსული პავილიონის უსაფრთხოების დაცვა ბიენალეს დღეებში, რადგან პავილიონის გახსნის მოწინააღმდეგეთა რიცხვი მატულობს.

ბევრი იხსენებს ყველაზე სკანდალურ აქციებს ვენეციის ბიენალეს ისტორიაში. მაგალითად, 2003 წელს, ესპანეთის პავილიონში, სანტიაგო სიერას პერფორმანსს - არტისტმა პავილიონში შესვლა აუკრძალა ყველას, ვისაც ესპანური პასპორტი არ ჰქონდა. როგორც თავად აღნიშნავდა, ეს იყო „საზღვრების“, პავილიონების ნაციონალური ნიშნით განაწილების, „ეროვნული ხელოვნების“ მიმართ ირონიის გამოხატვა.

იხსენებენ აგრეთვე 1993 წელს, ჰანს ჰააკეს პერფორმანსს გერმანიის პავილიონში. არტისტმა უამრავი ადამიანის თვალწინ მთლიანად დაანგრია გერმანიის პავილიონი, უწოდა რა გამოფენას „გერმანია“, როგორც თავად აღნიშნავდა ამით მიუთითა „გერმანიის ისტორიულ დანაშაულზე“...

არის იმის შანსი, რომ რომელიმე რუსმა არტისტმა რუსეთის პავილიონი ნანგრევებად აქციოს?

საქართველოს კულტურათა გზაჯვარედინი ვენეციაში

საქართველოს ვენეციაში საკუთარი პავილიონი არა აქვს. თავად ბიენალეს დირექცია სთავაზობს სივრცეს (აქირავებს) იმ ქვეყნებს, რომლებსაც არ აქვთ ეროვნული პავილიონები.

ხელოვნებათმცოდნე და კურატორი ირინა პოპიაშვილი რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ პავილიონის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად პროფესიულად არის შერჩეული წარმოდგენილი ხელოვანი.

“როგორც წესი", - ამბობს ირინა პოპიაშვილი - "ყველა დიდ ევროპულ ქვეყანას ერთი ხელოვანი წარმოადგენს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საფრანგეთში, გერმანიასა თუ ინგლისში მხოლოდ ერთი გამორჩეული ხელოვანი ჰყავთ. უბრალოდ, ეს არის მიღებული და აღიარებული პრაქტიკა, რაც განპირობებულია ბიენალეს ისტორიით… პროფესიონალებისაგან შემდგარი ჟიური არჩევს ბიენალეზე წარსადგენ პროექტებს. როდესაც გაუმჭვირვალე კრიტერიუმით არ არის არჩევანი გაკეთებული, ეს უცბადვე თვალში მოსახვედრია. მაგალითად, მახსოვს ეგვიპტის ან რუმინეთის პავილიონების საკმაოდ სუსტი პრეზენტაცია, იმ დროს როცა ამ ქვეყნებს ჰყავდათ მსოფლიოში აღიარებული ხელოვანები. სახელოვნებო საზოგადოებისათვის ცნობილი და გასაგები იყო, რომ ამ შემთხვევაში არტისტები ნეპოტიზმით ან/და პოლიტიკური ნიშნით იყვნენ შერჩეული”

ირინა პოპიაშვილის თქმით, საქართველოს კულტურის სამინისტრომ 2025 წლის დეკემბერში გამოაცხადა ვენეციის ბიენალეზე წარსადგენი საქართველოს პავილიონის პროექტების კონკურსი და იქვე მიუთითა, რომ გამარჯვებულ პროექტს 1 მარტს გამოაცხადებდნენ. ჟიურის შემადგენლობა არ იყო ცნობილი. ეს მიღებული პრაქტიკაა, თუმცა გამარჯვებული პროექტის გამოვლენის შემდეგ, როგორც წესი, ჟიურის შემადგენლობა ცნობილი ხდება. ამავე დროს, ვენეციის ბიენალეს გამოცხადებული ჰქონდა თავის საიტზე, რომ 19 იანვარი იყო ბოლო ვადა, როცა მონაწილე ქვეყნებს თავიანთი პავილიონების შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდებინათ. “მაშინ როცა ბიენალეში მონაწილეობისადმი ასეთი დიდი ინტერესია ხელოვანებისგან, სახელმწიფო ანგარიშვალდებულია, რომ შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იყოს და კითხვებს არ იწვევდეს”, - ამბობს პოპიაშვილი.

კულტურის სამინისტროს მონაწილეთა გამოცხადება ბიენალემ დაასწრო.

ამ ლინკზე წარმოდგენილია წლევანდელი გამოფენის პროგრამა და ქართული დელეგაციის შემადგენლობა. ორგანიზატორები შალვა ხახანაშვილი და ნინო მეტრეველი არიან. ირინა პოპიაშვილის თქმით: “როგორც ხედავთ, ჩვენ ქვეყნების იმ მცირე ჯგუფს მივეკუთვნებით, რომელიც დიდი ჯგუფური გამოფენით წარდგება ვენეციაში. ჯგუფის წევრებს შორის ცხრა ხელოვანი უცხოელია. ესეც არ იქნებოდა პრობლემა, რომელიმე მათგანს საერთაშორისოდ აღიარებული სახელი რომ ჰქონოდა და ქართულ პავილიონში მეტი დამთვალიერებელი მოეზიდა”.

„საქართველო - კულტურათა გზაჯვარედინი“ - ასეთი სახელწოდების პროექტი იქნება წარმოდგენილი საქართველოს პავილიონში 2026 წლის 9 მაისიდან თითქმის ნოემბრის ბოლომდე.

ხელოვნებათმცოდნე ნიკა ნადირაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს მხარის მიერ წინასწარ წარმოდგენილმა კონცეფციამ, რომელიც ჯერ კიდევ დეკემბერში გამოქვეყნდა, მნიშვნელოვნად შეზღუდა არტისტები. “თუკი შინაარსს გავითვალისწინებთ", - ამბობს ნიკა ნადირაშვილი, - "ამ რაღაც გაუგებარ “არგონავტიზაციას”… ეს საერთოდ აცდენაა თანამედროვე ხელოვნების ჯანსაღ დისკურსთან. ტრადიციასთან ბმა, როგორც წესი, ხელოვანის არჩევანია და არა კომისრის, თუ დამკვეთის დირექტივა”.

რამდენიმე წელია უკვე ქართველი მხატვრების ერთი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს კულტურის სამინისტროს და შესაბამისად, არ მონაწილეობს მის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში. იქმნება უჩვეულო სიტუაცია - ქვეყანა საერთაშორისო სცენაზე კულტურულ წარმომადგენლობას ინარჩუნებს, “საკუთარი კულტურული საზოგადოება” - მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც, მასთან კონფლიქტშია. ეს პარადოქსი მცირედ ჰგავს იმას, რაც ბიენალეზე რუსეთთან დაკავშირებით ხდება: სახელმწიფო კულტურა ხელოვნების ავტონომიის წინააღმდეგ, ან "ხელოვნება სხვაა, პოლიტიკა სხვა".

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG