Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორეს სიონში დაკრძალავენ

ილია მეორე, კათოლიკოს-პატრიარქი
ილია მეორე, კათოლიკოს-პატრიარქი

სინოდის გადაწყვეტილებით, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტმა, იობმა [ელგუჯა აქიაშვილი] დაუდასტურა.

„დაკრძალვა იქნება კვირას, სიონის საკათედრო ტაძარში, პატრიარქის სურვილისამებრ. ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი.

ეპოქალური პიროვნება... ერისა და ქვეყნის წინაშე ძალიან დიდი დამსახურება აქვს როგორც სულიერად, ისე მატერიალურად, ყველა მხრივ. პატრიარქი იყო სიყვარულის პატრიარქი. არ არსებობს ადამიანი, მითუმეტეს ქრისტიანი, რომ მისი უწმინდესობა არ უყვარდეს. ამას კიდევ ამ დღეებში გამოხატავს მთელი მოსახლეობა, სანამ დაიკრძალება. უცხოეთიდანაც მობრძანდებიან“, - განაცხადა მან.

დაკრძალვის დეტალების შესახებ სინოდის სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც სწორედ ამ მიზნით შეიკრიბა. ეს იყო მაღალი იერარქების პირველი შეკრება ბოლო 49 წლის განმავლობაში, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე არ უძღვებოდა.

დაკრძალვამდე პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში იქნება დასვენებული.

ოფიციალურ გადაწყვეტილებამდე სინოდის წევრები და სასულიერო პირები, მედიასთან ცალკეულად ამბობდნენ, რომ თავად პატრიარქის სურვილიც სიონის ეკლესიაში დასაფლავება იყო.

„მე ვიცი, რომ მას უყვარდა სიონი. მე ვიცი, რომ თავიდანვე 78 წლიდან ჰქონდა გადაწყვეტილი სიონის სიახლოვეს ყოფილიყო მარადჟამს", - უთხრა ჟურნალისტებს სასულიერო პირმა, ელიზბარ ოდიშვილმა.

სიონის ტაძარს აქვს საძვალე, სადაც დაკრძალული არიან ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ცნობილი სასულიერო პირები, საზოგადოებრივი მოღვაწეები, სამეფო ოჯახის წევრები და თავადიშვილები. სიონის ტაძარში დაკრძალული არიან კათოლიკოს-პატრიარქები:

  1. კირიონ მეორე (1855-1918);
  2. ლეონიდე (1861-1921);
  3. ამბროსი (1861-1927);
  4. ქრისტეფორე (1873-1932);
  5. კალისტრატე (1863-1952);
  6. მელქისედეკ III (1872-1960);
  7. ეფრემ II (1896-1972);
  8. დავით V (1903-1977).

დაკრძალვის სახელმწიფო კომისიის შექმნა

შეიქმნა სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საპატრიარქოს კომისიის მუშაობაში ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, გადაწყდა, რომ გლოვის დღეები დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება.

სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ:

  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე;
  • პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი;
  • პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი;
  • თბილისის მერი კახა კალაძე;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე;
  • სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე;
  • მინისტრთა კაბინეტის წევრები.

კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ სამძიმრის წერილებს ავრცელებენ ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები, სხვადასხვა ქვეყნის სასულიერო ლიდერები და საერთაშორისო პოლიტიკური ფიგურები.

ვითარება საპატრიარქოსთან

შეკრებილია მრევლი, სასულიერო პირები, პოლიტიკური თანამდებობის პირები პარტია „ქართული ოცნებიდან“, მათ შორის მინისტრები და დეპუტატები.

ილია მეორის გადასვენება სამების საკათედრო ტაძარში 16:00-ზე იგეგმება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ ეკლესიის მსახურები შესაბამის ფორმებში გამოწყობილები, დროშებით ხელში.

საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიას პოლიცია იცავს. მტკვრის მარცხენა სანაპირო ტრანსპორტისთვის გადაკეტილია.

გარდაიცვალა ილია მეორე

  • 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი.
  • 1977 წელს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ, ის თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
  • ბოლო წლების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
  • იგი გარდაიცვალა თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს.
  • კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG