Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამ ხელშეკრულებას რუსეთი იყენებს საქართველოს დამნაშავედ გამოსაყვანად"


20 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ გრიგალაშვილი, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) ანალიტიკოსი. მან ილაპარაკა რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებაზე "ღია ცის შესახებ ხელშეკრულების" ფარგლებში. ამ ხელშეკრულების ხელმომწერი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის საჰაერო სივრცეში განახორციელებენ ლეგალურ სადაზვერვო ფრენებს, შეთანხმებული წესების დაცვით. მარიამ გრიგალაშვილი თავდაპირველად ყვება თავად ხელშეკრულების არსსა და ისტორიაზე და განმარტავს რუსეთ-საქართველოს შორის დღეს მიმდინარე კონფლიქტის საფუძველს. საფუძველში კი არის 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, ამ ტერიტორიაზე მოსკოვის მიერ ორი "სახელმწიფოს" (სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის) აღიარება და ამავე ლოგიკით ამ "სახელმწიფოების" საჰაერო სივრცეში სადაზვერვო ფრენების აკრძალვის მოთხოვნა. "ღია ცის შესახებ ხელშეკრულება" არ ითვალისწინებს ფრენებს წევრი ქვეყნის ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომელიც 10 კილომეტრზე ნაკლებით არის დაშორებული ამ ქვეყნის საზღვრიდან ისეთ მესამე ქვეყანასთან, რომელიც ხელშეკრულების მონაწილე არ არის. რუსეთმა 2010 წელს აკრძალა სადაზვერვო ფრენები რუსეთის იმ ტერიტორიაზე, რომელიც 10 კილომეტრზე ნაკლებით არის დაშორებული აფხაზეთისა და "სამხრეთი ოსეთიდან". 2012 წლის 5 აპრილს საქართველომ საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის მიზნით აკრძალა რუსეთის სადაზვერვო ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში და განაცხადა რუსეთის ფედერაციის საჰაერო სივრცეში ფრენების შეჩერების შესახებ. მარიამ გრიგალაშვილი შენიშნავს, რომ რუსეთის მიერ თავისი ინტერესების თანმიმდევრულმა გატარებამ და რიტორიკამ გარკვეული ეფექტი უკვე იქონია დასავლელ მკვლევართა ნაწილზე, რომელიც საქართველომ კვლავ დაუშვას თავის ტერიტორიაზე რუსეთის სადამკვირვებლო ფრენები. შექმნილ ვითარებაში მარიამ გრიგალაშვილი თვლის, რომ მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მაქსიმალურად მობილიზაცია.

XS
SM
MD
LG