სწავლების გეგმა ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ დაამტკიცა, იუწყება მისი პრესსამსახური. საორგანიზაციო საკითხები გუნბამ დე ფაქტო თავდაცვის მინისტრ ბესლან ცვიჟბასთან და გენერალური შტაბის უფროსთან ვლადიმირ სავჩენკოსთან განიხილა.
„მასშტაბურ წვრთნებში“ მონაწილეობას მიიღებენ ე.წ. შეიარაღებული ძალების მუდმივი მზადყოფნის ქვედანაყოფები და რეზერვისტები, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები.
მანევრებში ჩართული იქნება არტილერია, ჯავშანტექნიკა და ავიაცია; დაგეგმილია „საბრძოლო მოქმედებების დროს სამხედრო დაჯგუფებების მართვისა და ჯარების გამოყენების სხვადასხვა მეთოდის დამუშავება“.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მაღალტექნოლოგიური შეიარაღების, მართვის სისტემებისა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენებას“, - იუწყება პრესსამსახური.
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები 2025 წლის ოქტომბერშიც ჩატარდა.
- 2026 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არაერთხელ დააფიქსირეს დრონები - სავარაუდოდ, უკრაინული, რომელთა სამიზნე რუსეთის სამხრეთ რეგიონებში მდებარე ობიექტები იყო. მათი ნაწილი ჩამოვარდა ან ჩამოაგდეს. დრონების საფრთხის გამო იზღუდებოდა ფსოუს ე.წ. გამშვები პუნქტის მუშაობაც.
- მანამდე, აფხაზეთში არაერთი ექსპერტი, ომის ვეტერანი და ოპოზიციის წარმომადგენელი აკრიტიკებდა დე ფაქტო შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებს და მოუწოდებდა ე.წ. ხელისუფლებას არმიის გაძლიერებისკენ, მათ შორის დაფინანსების გაზრდისკენ.
- საქართველო და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. ამ ე.წ. სახელმწიფოების დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და სირია აღიარებენ.
ფორუმი