Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მათთან სალაპარაკო არაფერია, ელაპარაკონ სასამართლოს - პაპუაშვილი „ლელოს“ ინიციატივაზე დიალოგთან დაკავშირებით

შალვა პაპუაშვილი: „პოლიტიკურ დიალოგს ითხოვენ კონსტიტუციის დამრღვევები“
შალვა პაპუაშვილი: „პოლიტიკურ დიალოგს ითხოვენ კონსტიტუციის დამრღვევები“

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი უარით პასუხობს ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ინიციატივას პოლიტიკური მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.

„მათთან სალაპარაკო არაფერია“, - განუცხადა შალვა პაპუაშვილმა ორშაბათს, 16 მარტს ჟურნალისტებს პარლამენტში.

„ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და ელაპარაკოს მათი ზოგიერთი წევრი სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებით საქმეები არის [აღძრული]“, - თქვა მან.

ოპოზიციურ პარტიებს სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ უწოდა „რადიკალური ჯგუფები“, რომელთაც, მისივე თქმით, „პრობლემა არა აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან, არამედ საქართველოს კონსტიტუციასთან“.

„მთავარი პრობლემა არის არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, არამედ ის, რომ პოლიტიკურ დიალოგს ითხოვენ კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები“, - განაცხადა სპიკერმა პაპუაშვილმა.

განახლება:

"ლელოს" გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ პაპუაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით უპასუხა - "ქართული ოცნება" ამოკლებს თავის გზას ჰააგის ტრიბუნალისკენ საკუთარი განცხადებებით...", - დაწერა მან.

წინა საღამოს ოპოზიციურმა პარტია „ლელო - ძლიერმა საქართველომ“ ახალი ინიციატივა წარადგინა.

„ლელოს“ ინიციატივა

„ლელოს“ თანახმად: „აუცილებელია გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების - ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს“.

„ლელოს“ განმარტებითვე, საუბარია ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებმაც „2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს, მიუხედავად არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარებისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან ოფიციალური შედეგებით რეალობის გაყალბებისა“.

ამ განცხადების თანახმად, - რომელიც პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ წარადგინა, - არსებული „პოლიტიკური კრიზისიდან“ მშვიდობიანი, დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი გამოსავალი არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე.

ამის პარალელურად კი ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის შემცირების მიზნით, „აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება“.

იდეას აკრიტიკებენ სხვა ოპოზიციური პარტიები

ოპოზიციური პარტიების ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა „ლელოს“ ინიციატივას და ის გააკრიტიკა.

„კოალიციის ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამია ფეისბუკზე მალე დაწერა: „შარლ-მიშელის სულის თეფშის ტრიალით გამოძახებას შეეშვით, მეგობრებო, მაინც არ მოვა“.

  • შარლ მიშელი იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, რომლის მედიაციითაც შედგა პოლიტიკური შეთანხმება 2020 წლის არჩევნების შემდეგ შექმნილი „პოლიტიკური ჩიხიდან“ გამოსასვლელად, თუმცა მას ყველა ხელმომწერი აფასებს, როგორც შეცდომას.

ინიციატივას გამოეხმაურა პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელმაც დაწერა, რომ „რეჟიმთან მოლაპარაკებები აუცილებლად დაიწყება, ოღონდ დაიწყება ძალაუფლების გადაბარებაზე და არა რეჟიმის გადარჩენაზე“:

„ლელო“ ნაღდად არ იქნება ამ დიალოგის ინიციატორი. ამ დიალოგის ინიციატორი იქნება ქართველი ხალხი, რომელიც რეჟიმს სხვა გზას არ დაუტოვებს“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG