Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა თქვა სასამართლოში "4 ოქტომბრის" საქმეზე პრეზიდენტის სასახლის დაცვის უფროსმა?

4 ოქტომბერი, 2024 წელი - ათონელის რეზიდენციის მიმდებარედ სპეცრაზმია განლაგებული.
4 ოქტომბერი, 2024 წელი - ათონელის რეზიდენციის მიმდებარედ სპეცრაზმია განლაგებული.

ორბელიანების სასახლის დაცვის უფროსის, გიორგი წეველიძის თქმით, 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 50-მდე სპეცრაზმელი დღის 15:00 საათზე მივიდა. მას შეკითხვები დაუსვეს იმის შესახებაც, იმყოფებოდა თუ არა იმ დღეს მიხეილ ყაველაშვილი ადმინისტრაციის შენობაში.

ე.წ. 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 თებერვალს პროკურატურის მოწმე გიორგი წეველიძე დაიკითხა. ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მეორე სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსია.

მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას 2022 წლიდან იცავს თავის დაქვემდებარებაში მყოფ გუნდთან ერთად და 2025 წლის 4 ოქტომბერსაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა იმ დროს, როცა დემონსტრანტები პოლიტიკოს მურთაზ ზოდელავას მოწოდების შემდეგ თავისუფლების მოედნიდან ათონელის ქუჩისკენ გაემართნენ და „სასახლის გასაღების ჩაბარების მოთხოვნით“ პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ დაიძრნენ.

4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით, თბილისში თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.

ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევით და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.

გამოძიება რამდენიმე მუხლით, მათ შორის, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მუხლებით დაიწყო.

4 ოქტომბრიდან რამდენიმე დღეში, ამ საქმეზე პროკურატურამ 65 ადამიანი დააპატიმრა, იმავე დღეს - ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრები პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსან ირაკლი შაიშმელაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.

პროკურატურა მათ ორგანიზატორებად განიხილავს, დანარჩენებს - მონაწილეებად.

ამავე თემაზე:


გიორგი წეველიძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ზედა ეზოში, რომელიც ათონელის ქუჩას ესაზღვრება, 4 ოქტომბრის საღამოს, 19:00 საათისთვის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რვა თანამშრომელი იმყოფებოდა. მათ გარდა, შენობაში დღის სამი საათიდან იცდიდნენ პატრულის რამდენიმე თანამშრომელი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) 50-მდე თანამშრომელი, ჯამში 100-მდე ადამიანი.

მოწმისთვის ადვოკატებს არ უკითხავთ, იცოდა თუ არა აქციის გეგმებზე მანამდე, სანამ „საორგანიზაციო კომიტეტად“ მოხსენიებულ პოლიტიკოსთა ჯგუფი ამის შესახებ საჯაროდ გააცხადებდა.

„როდესაც სასახლის ღობე გადმოინგრა, მაგ მომენტში ჩვენ [სახელმწიფო დაცვის სამსახურის რვა წევრი - რ.თ.] ვიდექით იქ, ჯაჯგურის დროსაც არ გამოსულან [გდდ-ს თანამშრომლები - რ.თ.] . შემოიჭრნენ თუ არა და ძალადობრივი ქმედებები დაიწყო თუ არა, გამოვიდნენ და მოგვეხმარნენ“, - თქვა მოწმემ.

მისივე თქმით, სასახლის დასაცავად რკინის ღობეს ურდულები დაადეს, თუმცა დემონსტრანტებმა მისი დაზიანება მაინც მოახერხეს. ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სასახლის ღობე თავიდანვე დაზიანებული იყო.

„რკინის ურდულები დავადეთ კარს...რამდენიმე წუთში მოვიდნენ აქციის მონაწილეები და პირდაპირ დაიწყეს შეურაცხყოფა, ღობის ჭანჭყარი და რყევა...უშვერი სიტყვებით გვაგინებდნენ: "ვისთან ხართ, ვის იცავთ"... მოარღვიეს შემდეგ, ჯანჯღარისა და ფიზიკური ძალის გამოყენებით.

შუა ნაწილი როცა მოარღვიეს, მივვარდით და დავიწყეთ სიტყვიერი გაფრთხილება, რომ არღვევდნენ კანონს და არ შეიძლებოდა შემოსვლა...ისევ დაიწყეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა... კიდევ ერთხელ ვეცადეთ სიტყვიერად მოგვეგვარებინა ეს სიტუაცია, მაგრამ...

წავიდა ფეხების და ხელების რტყმა, მეც გადავიწიე მათ მხარეს და ხალხის უფრო დიდი ნაწილი გადმოვიდა. ერთ პიროვნებას თავზე ეხურა ნიღაბი, ხელში ეჭირა აირწინაღი, მომიქნია თავის არეში, ავიცილე და მომხვდა ბეჭებში“, - ამბობს გიორგი წეველიძე.

მას სამედიცინო ექსპერტიზა დაზიანების ხარისხის შესაფასებლად არ ჩაუტარებია. გამოკითხვის ოქმში განმარტა, რომ „რაიმე დაზიანება არ მიუღია და სამედიცინო ექსპერტიზას სწორედ ამიტომ არ საჭიროებდა“.

სასახლის დაცვის უფროსის თქმით, მან დემონსტრანტებს შორის ამოიცნო მომღერალი პაატა ბურჭულაძე და პოლიტიკოსები მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე.

„იყო მათი მხრიდან მოწოდებები: „სასახლე ჩვენია“, „არ ვიხევთ უკან“. ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ ხელი გადახვიეს ერთმანეთს, მოწოდებები იყო ჟესტიკულაციით, რომელი რას ამბობდა, ვერ გავარჩიე“, - აცხადეს ის.

ამასთან ის ამბობს, რომ აქციის მონაწილეები სამოსით ამოიცნო, მათი ვინაობები კი არ იცის.

„მე არ მიმითითებია სახელი და გვარები, გამომძიებელმა მიუთითა, მე დავუდასტურე, რომ ესა და ეს ჩაცმულობის პიროვნება იმყოფებოდა აქციაზე“, - თქვა მოწმემ.

ადვოკატებმა თავის დაცვის ქვეშ მყოფებს ფეხზე ადგომა სთხოვეს და მოწმეს ჰკითხეს, იცნობს თუ არა მათ და აქვს თუ არა პრეტენზია. ყველა შემთხვევაში გიორგი წეველიძემ განაცხადა, რომ არც იცნობს და არც პრეტენზია არ აქვს.

სად იყო მიხეილ ყაველაშვილი?

ადვოკატი გიორგი გელხაური ეცადა გაერკვია, იყო თუ არა სადავო პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სასახლეში იმ დროს, როცა აქციის მონაწილეები „სასახლის გასაღების გადაბარების მოთხოვნით“ მოქმედებაზე გადავიდნენ.

„პრეზიდენტის შემოსვლა-გასვლის ინფორმაცია არ მაქვს, გადმომცემენ კორტეჟის შემოსვლა-გასვლას, მაგრამ იქ ზის თუ არა პრეზიდენტი, არ ვიცი“, - ამბობს გიორგი წეველიძე, რომლის მტკიცებითაც, მას მხოლოდ სტრატეგიული ობიექტის დაცვა ევალება, პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე პასუხს კი მისი დაცვის სამსახური აგებს.

გიორგი გელხაური, ადვოკატი: იყო იქ [ადმინისტრაციაში] პრეზიდენტი?

გიორგი წეველიძე, მოწმე: არ ვიცი, ვერ გეტყვით, ეს ერთი და მეორე, არ მაქვს უფლება, ეს გითხრათ. ამასთან, არ ვიცი, კორტეჟში ზის თუ არა პრეზიდენტი, პირადი დაცვის დეპარტამენტი ჰყავს ვერც გეტყვით და არც გეტყვით...

ადვოკატი: ვერ მეუბნებით იმიტომ, რომ არ მეტყვით, თუ არ გაქვთ უფლება?

მოწმე: ვერ გეუბნებით.

ადვოკატი: რა გიკრძალავთ?

მოწმე: დასაცავი პირის ადგილსამყოფელზე არ მაქვს უფლება გითხრათ...

ადვოკატი: მომავალზე ხომ არ გეუბნებით... სადმე წესდებაში გიწერიათ, რომ ეს არ თქვათ?

მოწმე: დიახ.

ადვოკატების მცდელობა, დაეზუსტებინა მოწმეს, რომელი წესდება უკრძალავდა ინფორმაციის გაცემას, უშედეგო აღმოჩნდა. გიორგი წეველიძემ კითხვას მაინც არ უპასუხა.

ადვოკატი: შეგიძლიათ მიმითითოთ, რომელი წესდება გიკრძალავთ?

მოწმე: ვერ გეტყვით და არც გეტყვით.

ადვოკატი: "არგეტყვის" პრობლემა დგას ამ შემთხვევაში... წესდება მითხარით, რის საფუძველზე

მოწმე: არ ვარ ის პირი, რომ ვიცოდე და ვიყო საქმის კურსში...

ადვოკატი: წესდება მითხარით.

მოწმე: ვერ ვხვდები რას მეკითხებით...

ადვოკატი: განყოფილების უფროსი რომ არის თანამშრომელი და ექვემდებარება გუნდი, არ უნდა იცოდეს, რომელი წესდება უკრძალავს ამ ინფორმაციის გაცემას?

გიორგი წეველიძის თქმით, 4 ოქტომბერს ადმინისტრაციაში იმ სამმართველოს უფროსიც იმყოფებოდა, რომელსაც მისი განყოფილება ექვემდებარება.

ადვოკატი: ბრძანებას ბადრი ავალიანისგან [მეორე სამმართველოს უფროსი - რ.თ.] იღებდით?

მოწმე: მანდ ბრძანება არ არის საჭირო, მუდმივმოქმედი გეგმის მიხედვით ვმოქმედებდით.

მოწმეს აღარ განუვრცია, რა ეწერა მუდმივმოქმედ გეგმაში.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად იცავს საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების უმაღლეს ორგანოთა ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებს, სამთავრობო რეზიდენციებს და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს, მათ შორის, საქართველოს აეროპორტების სამთავრობო დარბაზებსა და გასასვლელებს.
დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხები, დაცვის დანიშვნა-გამოყოფის წესი და დაცვის განხორციელების პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ხოლო სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტები − საქართველოს მთავრობის განკარგულებით.

4 ოქტომბრის საქმე ხუთ ჯგუფადაა დაყოფილი, თითოეულ ჯგუფში სხვადასხვა ბრალდებულია განაწილებული, თუმცა მოწმეთა ჩამონათვალი ერთნაირია. გიორგი წეველიძე უკვე დაიკითხა იმ ჯგუფში, რომელშიც ბრალდებულები პოლიტიკოსები არიან. მისი დაკითხვა გაგრძელდება ამ საქმეზე ბრალდებულების სხვა ჯგუფებშიც.

ხუთივე შემთხვევაში მხარეებმა უკვე გამოიკვლიეს ვიდეომტკიცებულებები და მოწმეების დაკითხვის ეტაპზე არიან.

იმ ჯგუფში, რომელშიც ბრალდებულები პოლიტიკოსები არიან, გუშინ, 5 თებერვალს, დაიკითხა სპეცრაზმელი იოსებ როსტიაშვილი.

ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მას დაუსვა კითხვები, რომლებიც, ერთი შეხედვით, საქმეს არ უკავშირდებოდა, თუმცა მოწმის სანდოობის შეფასებას ისახავდა მიზნად.

ადვოკატი: მიგაჩნიათ თუ არა, რომ აქციაზე მყოფი ყველა ადამიანი, მიუხედავად იმისა, უშუალოდ ისროდნენ თუ არა რამეს, ვთქვათ, ფეიერვერკს ან ცეცხლს უკიდებდნენ თუ არა, იყვნენ სამართალდამრღვევები?

მოწმე: როდესაც ნახევარი საათი მოწოდება არის, რომ გაერიდონ იმ ადგილს და როდესაც არ ემორჩილებიან, ეს დარღვევაა.

ადვოკატი: საქმეზე გკითხავთ - თქვენ ბრძანებთ, რომ ქვეყანას ანგრევენ და შეურაცხმყოფელი იყო ამ ადამიანების მომართვა, მათ მხარეს გადასულიყავით. თქვენთვის ცნობილია ზიანის ოდენობა ამ საქმეში რამდენია ჯამური?

მოწმე: არა.

ადვოკატი: თქვენ ბრძანეთ, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენს მხარეს გადმოდიო, ბრძანეთ, რომ გეძახდნენ "რუსის მონებს". რატომ, ხომ არ იცით?

მოწმე: არ ვიცი.

ადვოკატი: წარმოდგენა არ გაქვთ, რატომ გეძახდნენ "რუსის მონებს". ხომ არ გაქვთ ნანახი რამე კადრები სპეცრაზმელების მიერ მოქალაქეების ცემის?

მოწმე: არა.

მოწმის მტკიცებით, მან არ იცის, რომ ტროტუარზე დადგომისთვის ადამიანებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებენ. ასევე არ გაუგია და არ სმენია, რომ სპეცრაზმელებმა მოქალაქეებს სცემეს.

„ადამიანი მგონია, რომ იზოლირებულია და არავის არ ელაპარაკება, ან მგონია, რომ მოიტყუა - არ ვიცი არაფერიო, არც სპეცრაზმელების მიერ მოქალაქეების ცემაზეო... ამ მოწმის სანდოობა ჩემთვის ცხადია“, - დაასკვნა ადვოკატმა.

ამავე სხდომაზე გაირკვა, რომ ექსპერტებმა ზარალის დათვლისას გამოიყენეს შაბლონი, რომელმაც სასამართლო განხილვისას გაუგებრობა და მხარეებს შორის კამათი გამოიწვია.

შოთა თუთბერიძის თქმით, ამ დასკვნაში წერია, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობის აღდგენის ღირებულება ავტოსახელოსნოში განისაზღვრა.

შოთა თუთბერიძე: დასკვნის მესამე გვერდი რომ გადაშალოთ და დასკვნის წინ ბოლო წინადადება წაგვიკითხოთ.

მოწმე: „აღდგენითი სამუშაოები რას ითვალისწინებს... აღდგენითი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა ავტოსარემონტო სახელოსნოში...“ ავტოსარემონტო. ავტოსარემონტო წერია შაბლონურად, ტექნიკურად ჩარჩა.

ადვოკატი: პირდაპირ წერია, პროფილაქტიკაში გავარკვიეთ, რა ღირს აღდგენის სამუშაოებიო. ტექნიკური შეცდომაა, რომელიც ოთხივე ექსპერტს გაეპარა?

მოწმე: მე წავიკითხე თუ არა, მე ეს შემიძლია პასუხი გაგცეთ.

ადვოკატი: ოთხივე ხელმომწერ ექსპერტს წაკითხული გაქვთ თუ არ გაქვთ?

მოწმე: კი გვაქვს.

ადვოკატი: ოთხივეს გაგეპარათ და ჩაწერეთ, რომ ავტოსარემონტოში ვიყავითო?

ამ კითხვა-პასუხის შემდეგ საქმის პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა ადვოკატი არაეთიკურობაში დაადანაშაულა.

4 ოქტომბრის საქმეზე საქალაქო სასამართლოში სხდომები ყოველდღე იმართება. წარდგენილ ბრალს არცერთი დაკავებული არ აღიარებს.

ე.წ. მშვიდობიანი დამხობის საქმეზე, სხვადასხვა დროს, ბრალდება წაუყენეს 60-ზე მეტ ადამიანს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG