Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სავარაუდოდ, სოკო ცადამაყვანა გახდა კახეთში მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი

სოკოთი მოწამვლის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს საკვებად მიღებიდან 30 წუთიდან 72 საათამდე პერიოდში
სოკოთი მოწამვლის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს საკვებად მიღებიდან 30 წუთიდან 72 საათამდე პერიოდში

კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში, სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად 69 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მოწამლულია კიდევ ორი პირი. მათი მდგომარეობა, არსებული ინფორმაციით, მძიმეა.

რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ ინტოქსიკაციის მიზეზი, სავარაუდოდ, შხამიანი სოკო ცადამაყვანა (Amanita muscaria) გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

„უნდა იცოდეს ადამიანმა კონკრეტული სახეობა…“

კომპანია Georgian Mushroom Company-ის დამფუძნებელი მიხეილ სამხარაძე ამბობს, რომ საქართველოში სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვალების ფაქტები ყოველწლიურად ფიქსირდება; შარშან კი მოიწამლა 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის იყო მძიმე მოწამვლის შემთხვევებიც - ძირითადად, ტყიბულიდან და კახეთიდან.

თავჭედილა - ძლიერ შხამიანი სოკო
თავჭედილა - ძლიერ შხამიანი სოკო

სამხარაძის თქმით, 2025 წელს გარდაცვალების მიზეზი ბაზარში ნაყიდი მანჭკვალა გახდა, რომელშიც, სავარაუდოდ, „მომწამვლელი სოკო არშიანი გალერინა (Galerina marginata) იყო შეპარული“. ხშირია მოწამვლის შემთხვევები თავჭედილითაც (Amanita pantherina).

„კახეთში რატომღაც აქვთ ჩამოყალიბებული ეს უცნაური, არამეცნიერული და არასწორი მითი, რომ ხეზე რა სოკოც იზრდება, ის მომწამვლელი ვერ იქნება და ძირითადად ჭამენ ხეზე გაზრდილ სოკოებს, არადა ხეზე სასიკვდილოდ შხამიანი სოკოც იზრდება“, - ეუბნება სამხარაძე რადიო თავისუფლებას.

„ყოველთვის ვუხსნით ადამიანებს, რომ არ არსებობს (სოკოს მხოლოდ ერთი კონკრეტული მახასიათებელი), რომელიც დაგეხმარებათ საჭმელად ვარგისი და შხამიანი სოკოების ერთმანეთისგან გარჩევაში. უნდა იცოდეს ადამიანმა კონკრეტულად ის სახეობა, რომელსაც ჭამს“, - ამბობს სპეციალისტი.

ფეისბუკ-ჯგუფები

სამხარაძის თქმით, ერთ-ერთი პრობლემა სოკოს მოყვარულებისთვის შექმნილ Facebook-ჯგუფებს უკავშირდება, სადაც ხშირად არასწორ რჩევებს იძლევიან.

„ჩვენ გვაქვს ჯგუფი, სადაც ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ შინაარსს, კომენტარებსა და ყველაფერს - გვაქვს ძალიან მკაცრი მოდერაცია. თუმცა არის ჯგუფები, სადაც სრული კოშმარი ხდება“.

სამხარაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი დიდი ჯგუფი მისი წევრების მიერ „დარეპორტების“ შემდეგ წაიშალა - მას შემდეგ, რაც არასწორი რჩევების გამო მოწამვლის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

NCDC-ის მონაცემები და რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, სოკოთი მოწამვლის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს საკვებად მიღებიდან 30 წუთიდან 72 საათამდე პერიოდში და მოიცავდეს:

  • გულისრევას, ღებინებას;
  • მუცლის ტკივილს;
  • დიარეას;
  • თავბრუსხვევას;
  • სისუსტეს;
  • ჰალუცინაციებს.

მძიმე შემთხვევებში ვითარდება შოკი და კომა, რაც შესაძლოა გარდაცვალებით დასრულდეს. სიმპტომები შესაძლოა მსუბუქად დაიწყოს, თუმცა სწრაფად გაუარესდეს. ასევე, მოსალოდნელია ღვიძლის ან თირკმელების დაზიანება, ამიტომ საჭიროა დროული ჰოსპიტალიზაცია.

უწყებამ უსაფრთხოების ძირითადი წესებიც გამოაქვეყნა:

  • ნუ შეაგროვებთ სოკოს, თუ არ ხართ სპეციალისტი, რადგან ზოგიერთი სოკოს ერთმანეთთან მსგავსების გამო, შეუძლებელია შხამიანი და საკვებად ვარგისი სახეობის გარჩევა;
  • არ შეაგროვოთ სოკო გზის ნაპირებზე, საწარმოო/სამეურნეო ზონებში ან სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე, ვინაიდან სოკოს ტოქსინებისა და სხვადასხვა სახის ქიმიკატების შთანთქმის ძლიერი უნარი აქვს და მასში იოლად გროვდება/აკუმულირდება მძიმე მეტალები და პესტიციდები;
  • თერმული დამუშავება, მათ შორის ნახარში წყლის გამოცვლა, სოკოს ტოქსინებს არ ანეიტრალებს. ასევე, ტოქსინები არ ანეიტრალდება სოკოს გამოშრობით ან დამარილებით;
  • საკვებად გამოიყენეთ მხოლოდ ახალი სოკო, არასდროს შეაგროვოთ და გამოიყენოთ გადამწიფებული, ჭიანი და გაფუჭებული სოკო;
  • საკვებად ნუ გამოიყენებთ უმ სოკოს;
  • საკვების დამზადებისას მოერიდეთ სხვადასხვა სახეობის სოკოს შერევას;
  • ველურ ბუნებაში შეგროვებული სოკო არ მისცეთ საკვებად ბავშვებს, ორსულებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს, რადგან ისინი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან სოკოს ტოქსინების მიმართ.

NCDC-ის ცნობითვე, სოკოს შხამიანობის გარკვევის ხალხური მეთოდები - ხარშვისას ვერცხლის კოვზის, ხახვისა და ნიორის გაშავება - მცდარია და არ ეფუძნება რაიმე მტკიცებულებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG