Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ და სომხეთმა „სტრატეგიული დღის წესრიგის დეკლარაციას“ მოაწერეს ხელი


ნიკოლ ფაშინიანმა და ფრიდრიხ მერცმა ორი ქვეყნისა და სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების დაახლოებაზე ისაუბრეს.
ნიკოლ ფაშინიანმა და ფრიდრიხ მერცმა ორი ქვეყნისა და სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების დაახლოებაზე ისაუბრეს.

მოკლედ

  • სომხეთი და გერმანია „სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადადიან“, - ამბობს ფაშინიანი;
  • მერცმა სომხეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში რუსეთისგან „ჰიბრიდულ საფრთხეებზე“ ისაუბრა;
  • ფაშინიანი მერცის დაინტერესებას ცდილობს რეგიონული თანამშრომლობის პროექტებით „შუა დერეფნის“ კონტექსტში;
  • სომხეთში გოეთეს ინსტიტუტის გახსნა დაანონსდა.

ნიკოლ ფაშინიანის გერმანიაში ოფიციალური ვიზიტისას სომხეთისა და გერმანიის პირველმა პირებმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის „ორმხრივი პარტნიორობის შესახებ სტრატეგიული დღის წესრიგის დეკლარაციას“. სომხეთში გაიხსნება გოეთეს ინსტიტუტი.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მისი ეს ვიზიტი „ნამდვილად ისტორიულია, რადგან დღეს სომხეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადადის“.

დეკლარაციის ტექსტის თანახმად, ისინი ადასტურებენ პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაღრმავებისადმი ორმხრივ სურვილს, ასევე აღიარებენ ერთმანეთის მიმართ ნდობას და ინტერესთა დამთხვევას სხვადასხვა სფეროში.

ამასთან, აღიარებენ ორმხრივ ვალდებულებას გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვისა და ხელშეწყობისადმი, მათ შორის, თითოეული სახელმწიფოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისადმი.

ნიკოლ ფაშინიანი 9 დეკემბერს ჩავიდა გერმანიაში, ბერლინში, სადაც შეხვედრა პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრ ფრიდრიხ მერცს. 10 დეკემბერს ის ჰამბურგში გაემგზავრება.

ნიკოლ ფაშინიანი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი
ნიკოლ ფაშინიანი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

მიღებული დეკლარაციის თანახმად, ისინი „უსაფრთხოებისა და თავდაცვის“ სფეროში თანხმდებიან დიალოგზე რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის, ბირთვულ უსაფრთხოებაზე, კიბერუსაფრთხოებაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და უსაფრთხოების სექტორში რეფორმასა და თანამშრომლობაზე.

„ასეთი დემოკრატიული განვითარების ნაწილია ივნისში სომხეთში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები. არსებობს შემაშფოთებელი გარემოება, რომელიც ბუნებრივად იქცა, სადაც დემოკრატიის მტრები ჰიბრიდულ ზომებს მიმართავენ“, - თქვა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.

„განსაკუთრებით რუსეთი ცდილობს დათესოს გარკვეული შიში ევროკავშირთან და დასავლეთთან დაახლოების შესახებ და გაავრცელოს დეზინფორმაცია ევროკავშირის ღირებულებების შესახებ; მიმართავს საბოტაჟს, დეზინფორმაციას, დრონებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, ისინი ცდილობენ დეზინფორმაციის გავრცელებას და სიტუაციის დესტაბილიზაციას. ეს, რა თქმა უნდა, მოხდება. ეს უკრაინაშიც ხდება, ჩვენ ამას ყოველდღიურად ვხედავთ ნგრევის სახით“, - განაცხადა მან.

ფრიდრიხ მერცის განცხადებითვე, ორი ქვეყანა „ყველა სფეროში თანამშრომლობს“:

„ერევანში გაიხსნება გოეთეს ინსტიტუტი, უნივერსიტეტები და ქალაქები თანამშრომლობენ. მოხარული ვარ, რომ გერმანიაში ამჟამად იხსნება რამდენიმე Tumo-ს ცენტრი, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ ინოვაციური ტექნოლოგიების შემოქმედებითი გზით გაცნობა“ („Tumo-ს ცენტრი შემოქმედებითი ტექნოლოგიებისთვის“ არის 2011 წელს დაფუძნებული ფონდი, რომელიც სომხეთის ექვს ქალაქში ფუნქციონირებს დიასპორის დაფინანსებით).

ნიკოლ ფაშინიანი და ფრიდრიხ მერცი
ნიკოლ ფაშინიანი და ფრიდრიხ მერცი

ფაშინიანის განცხადებითვე, გერმანია „სომხეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის ფარგლებში“.

მისი თქმით, კანცლერ მერცს წარუდგინა „ვაჭრობისა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ფართო შესაძლებლობები სამხრეთ კავკასიაში რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის მიმართულებით“, მათ შორის, დონალდ ტრამპის მედიაციით დაანონსებული „ტრამპის მარშრუტი“.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეს პროექტები შუა დერეფნის მნიშვნელოვან კვანძად იქცევა, რომელიც ასევე დიდი მნიშვნელობისაა გერმანიისთვის“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ფრიდრიხ მერცმა ასევე განაცხადა, რომ გაემგზავრება ერევანში 2026 წლის 4 მაისს, როდესაც დაგეგმილია ევროპული პოლიტიკური საზოგადოების (EPC) სამიტი.


ფორუმი

XS
SM
MD
LG