Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანი „კონსენსუსზე თანახმაა“ - მოსკოვი მაინც უარზეა, დათმოს სომხეთის რკინიგზა

ნიკოლ ფაშინიანი: „იმის გამო, რომ სომხეთის რკინიგზა რუსეთის კონტროლის ქვეშაა, ახლა ვდგავართ რისკის წინაშე, რომ დავკარგოთ ეს ისტორიული შესაძლებლობა“.
ნიკოლ ფაშინიანი: „იმის გამო, რომ სომხეთის რკინიგზა რუსეთის კონტროლის ქვეშაა, ახლა ვდგავართ რისკის წინაშე, რომ დავკარგოთ ეს ისტორიული შესაძლებლობა“.

მოსკოვმა კვლავ უარით უპასუხა ერევნის მოწოდებას, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას სამართავად დაუბრუნოს ან „მესამე, ნეიტრალურ მხარეს“ გადასცეს „სომხეთის რკინიგზა“, - რაც პრემიერ-მინისტრის „სომხეთის მეოთხე რესპუბლიკის“ ახალი საგარეო პოლიტიკისათვის მნიშვნელოვანი ელემენტია.

2026 წლის 24 აგვისტოს სომხეთის პარლამენტში, მთავრობის 2026-31 წლების სამოქმედო პროგრამის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რკინიგზაზეც ისაუბრა.

მან განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული დასავლური სანქციები „საერთაშორისო ინვესტორებს“ აფრთხობს და უბიძგებს, უარი თქვან სომხეთის სარკინიგზო ქსელის სატრანზიტო მიზნებისთვის გამოყენებაზე, - რადგან რკინიგზა რუსეთის კონტროლქვეშაა.

  • საუბარია სომხეთის რკინიგზის ორ მონაკვეთზე, რომლებიც სომხეთს აზერბაიჯანთან და თურქეთთან აკავშირებს. სომხეთის რკინიგზის მონაკვეთები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანიას კონცესიის ხელშეკრულებით აქვს გადაცემული;
  • „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP-ის), პარალელურად კი სომხეთის აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის გზაზე სომხეთს ამბიციური გეგმები აქვს.

„ისტორიული შანსის დაკარგვის რისკი“

„იმის გამო, რომ სომხეთის რკინიგზა რუსეთის კონტროლის ქვეშაა, ახლა ვდგავართ იმის რისკის წინაშე, რომ დავკარგოთ ეს ისტორიული შესაძლებლობა, რომ სომხეთი საერთაშორისო სარკინიგზო ქსელში ინტეგრირდეს“, - განაცხადა ფაშინიანმა პარლამენტში და განაგრძო:

„ჩვენ არ შეგვიძლია ამ ისტორიული შესაძლებლობის დაკარგვა“.

მან ამავე გამოსვლისას დაასახელა შუალედური, კონსენსუსური ვარიანტიც:

„ვთხოვთ ჩვენს რუს პარტნიორებს, გამოიჩინონ მოქნილობა და მართვის უფლება მიჰყიდონ მესამე ქვეყანას, რომელიც მისაღები იქნება როგორც სომხეთისთვის, ისე რუსეთისთვის“.

მოსკოვი უარზეა

ფაშინიანის განცხადების პასუხად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 აგვისტოს განაცხადა, რომ „ერევნის არგუმენტებსა და რეალობას შორის სრული შეუსაბამობაა“.

„ამ საკითხზე ყველა განმარტება სხვადასხვა დონეზე უკვე იქნა წარმოდგენილი“, - განუცხადა სამინისტროს პრესცენტრმა რუსეთის მთავრობის საინფორმაციო სააგენტოს, ТАСС-ს.

„თუმცა სომხურ მხარეს უჭირს კონტრარგუმენტების წარმოდგენა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

„მოსკოვის გაძევების მცდელობა“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამავე კომენტარში გაიმეორა პოზიცია, რომ ფაშინიანი რკინიგზაზე რუსეთის ადმინისტრირების მოშორებას „დასავლეთის ქვეყნების ზეწოლის გამო ცდილობს“, - ძალებისა, რომლებიც „სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის განდევნით არიან დაინტერესებული“.

სომხეთის სარკინიგზო ქსელი რუსული მონოპოლიის ქვეშაა - მას „რუსეთის რკინიგზა“ (РЖД) მართავს.

სომხეთის რკინიგზის მონაკვეთები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანიას კონცესიის ხელშეკრულებით აქვს გადაცემული, - ხელშეკრულება 2008 წელს 30 წლის ვადით დაიდო.

ამ დრომდე დაუსრულებელი დაპირისპირება

ფაშინიანმა 2026 წლის თებერვალში განაცხადა, რომ სომხეთის რკინიგზა სხვა, არარუსულმა კომპანიამ უნდა მართოს, რადგან მისი ამჟამინდელი სტატუსი ხელს უშლის თურქეთსა და აზერბაიჯანს, სატრანზიტო მიზნებისთვის სომხეთის ტერიტორიის გაცილებით დიდი მონაკვეთი გამოიყენონ.

  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინ ფაშინიანის განცხადებას „უცნაური“ და „მიუღებელი“ უწოდა.
  • მოგვიანებით, აპრილში, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ თურქეთი უკვე აშენებს რკინიგზას, რომელიც თურქეთის ქალაქ ყარსს აზერბაიჯანის ნახიჩევანის ექსკლავს დააკავშირებს - სომხეთის გვერდის ავლით.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა „რუსეთის რკინიგზის“ მმართველობის დასრულებისკენ მოწოდებები საარჩევნოდ განაახლა, - მას შემდეგ, რაც რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა.

2026 წლის ივლისის ბოლოს კი მიანიშნა, რომ შესაძლოა, „რუსეთის რკინიგზას“ საერთაშორისო სასამართლოში უჩივლოს ან რუსულ სახელმწიფო კომპანიას სომხეთის რკინიგზის მართვის უფლებისთვის ყოველწლიურად 2 მილიარდ დოლარამდე გადასახადი დაუწესოს.

РЖД-ის ხელმძღვანელმა ოლეგ ბელოზიოროვმა საპასუხოდ განაცხადა, რომ სომხეთს კომპანიას დაახლოებით 400 მილიონი დოლარი უნდა აუნაზღაუროს იმ ინვესტიციებისთვის, რომლებიც, RZhD-ის მტკიცებით, კომპანიამ ქვეყანაში 2009 წლიდან განახორციელა.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმაც გაიმეორა ეს გაფრთხილება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა 24 აგვისტოს ისიც განაცხადა, რომ ერევანი ოფიციალურად გეგმავს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანას - „ახლო მომავალში“.

ამ ნაბიჯმა რუსეთ-სომხეთის დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა.

რუსეთის მაღალჩინოსნებმა სომხეთი დამატებითი ეკონომიკური სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე გააფრთხილეს, - არადა თვეებია, არაერთი დასახელების სომხური პროდუქცია რუსული ემბარგოს ქვეშაა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა 26 აგვისტოს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ ინტერვიუში სომხეთის საგარეო პოლიტიკას „ცინიკური“ და „ტყუილებით სავსე“ უწოდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG