რადიო თავისუფლების სომხურმა სამსახურმა მიმოიხილა საგარეო პოლიტიკის მიმართულება სამოქმედო გეგმაში, რომელიც სომხეთის ახლადდაკომპლექტებულ პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინა.
ნიკოლ ფაშინიანის გუნდი პირობას დებს, რომ მიჰყვება „დაბალანსებულ და გაწონასწორებულ საგარეო პოლიტიკას“, რაც გულისხმობს ისეთი პირობების შექმნას, რომ სომხეთის რესპუბლიკამ რეგიონში „კომფორტულად შეძლოს არსებობა გარე მხარდაჭერის გარეშე“.
აზერბაიჯანთან ურთიერთობებში ფაშინიანის მთავრობის პრიორიტეტი სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა და რატიფიცირებაა, ასევე საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის გაგრძელებაა.
თურქეთთან ურთიერთობების მიმართულებით კი ახალი მთავრობა ყურადღებას გაამახვილებს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე, საზღვრის გახსნასა და, სულ მცირე, ორი თანამედროვე სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ამოქმედებაზე.
თუმცა პროგრამაში კონკრეტული ვადები მითითებული არ არის. ასევე არ არის დაკონკრეტებული, რომელ ორ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზეა საუბარი, - თუმცა ცნობილია, რომ მთავრობამ უკვე მოახდინა თურქეთის საზღვართან, სოფელ მარგარაში მდებარე სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მოდერნიზება.
სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებზე
სომხეთის მთავრობა გეგმავს რუსეთთან „ურთიერთსასარგებლო, მრავალსექტორული თანამშრომლობისკენ მიმართულ დიალოგს“, რომლის მიზანიც „საგარეო პოლიტიკის დაბალანსების ფარგლებში, ურთიერთობების გარდაქმნა, განვითარება და გაღრმავება“, ასევე „რეგიონში მშვიდობის დამყარება“ იქნება.
- მოსკოვის მოთხოვნაა, რომ სომხეთმა დეკემბრამდე ჩაატაროს რეფერენდუმი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დარჩენის საკითხზე - საპირწონე კი ევროკავშირისკენ სვლაა;
- ფაშინიანის მთავრობა მომავალ ხუთწლიან გეგმაში ხაზს უსვამს, რომ გაგრძელდება ეფექტიანი თანამშრომლობა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან.
„გაგრძელდება მუშაობა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობით უზრუნველყოფილი შესაძლებლობების - შრომის, მომსახურების, საქონლისა და ფინანსების თავისუფალი გადაადგილების - სრულყოფილი და შეუფერხებელი განხორციელების უზრუნველსაყოფად“, - წერია გეგმაში
„ასევე, გაგრძელდება მუშაობა წევრ და დამკვირვებელ ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებაზე“, - ნათქვამია პროგრამაში.
ურთიერთობები აშშ-სთან, საფრანგეთთან და ევროკავშირთან
გეგმის თანახმად, აშშ-სთან ურთიერთობები დაეფუძნება ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას.
„განხორციელდება „ტრამპის მარშრუტი“ (TRIPP-ის პროექტი), სულ მცირე ენერგეტიკული და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის მიმართულებით, რაც სომხეთის მსხვილ რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინტეგრირებას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ პროგრამაში.
მთავრობა ასევე გეგმავს საფრანგეთთან ურთიერთობების „თვისობრივად ახალ დონეზე აყვანას“, - არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციაზე დაყრდნობით.
სომხეთი ასევე აპირებს, რომ გააღრმავოს პარტნიორობა ევროკავშირთან და დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ეკონომიკის, ფინანსების, გარემოს დაცვისა და სოციალური სფეროების მიმართულებით საკუთარი სტანდარტები ევროკავშირის სტანდარტებს დაუახლოვოს.
ეს პროცესი, ფაშინიანის გუნდის თანახმად, დაეფუძნება 2025 წელს პარლამენტის მიღებულ კანონს „ევროკავშირში სომხეთის რესპუბლიკის გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“.
მთავრობა ასევე პირობას დებს, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესს დაასრულებს.
სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან, ინდოეთთან, ირანთან და საქართველოსთან
სომხეთის მთავრობა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს.
ასევე აცხადებს, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება ინდოეთთანაც - საერთო ინტერესების სფეროებში, მათ შორის ეკონომიკის, თავდაცვის, ტრანსპორტის, განათლებისა და კულტურის, ჯანდაცვის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.
ბოლო წლებში სომხეთი ინდოეთთან, განსაკუთრებით, სამხედრო მრეწველობის სფეროში თანამშრომლობს.
ამასთან, მთავრობა ირანთან აქტიური პოლიტიკური დიალოგის შენარჩუნებასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებას გეგმავს.
„გაგრძელდება ირანთან ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავება, სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარება და ირანის გავლით სატრანსპორტო მარშრუტების (ჩრდილოეთი-სამხრეთი, სპარსეთის ყურე-შავი ზღვა) გაფართოება“, - ნათქვამია პროგრამაში.
ფაშინიანის მთავრობა ასევე საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს.
ფორუმი