3 აპრილს გამოქვეყნებულ პროგრამაში წერია, რომ პარტია მხარს უჭერს „სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის რეფორმების დღის წესრიგს“ და საამისოდ სთავაზობს „საგზაო რუკას“:
- ეკლესიის „დე ფაქტო ხელმძღვანელის გადაყენება (პენსიაზე გასვლა)“;
- ეკლესიის დროებითი მმართველის არჩევა;
- ეკლესიის წესდების მიღება, რამაც „უნდა განსაზღვროს მექანიზმები ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და სასულიერო პირების კეთილსინდისიერი ქცევის უზრუნველსაყოფად“;
- ახალი კათალიკოსის არჩევა.
გარეგინ II-ის გადაყენება, - რასაც რამდენიმე თვეა, ნიკოლ ფაშინიანი საჯაროდ ითხოვს, - ახლა 2026 წლის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო პროგრამაშიც მოხვდა.
„საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის“
ფაშინიანის გუნდის წევრები კათალიკოსს მოიხსენიებენ საერო სახელით - კტრიჩ ნერსისიანი - და მას ეკლესიის „დე ფაქტო ხელმძღვანელს“ უწოდებენ.
„კტრიჩ ნერსისიანი წარმოადგენს საფრთხეს სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა 6 აპრილს სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა.
„კარგი იქნებოდა, თუ სხვა პარტიებიც თავიანთ პროგრამებში შეიტანდნენ კტრიჩ ნერსისიანისა და იმ ადამიანებისგან ეკლესიის გაწმენდისა და გათავისუფლების საკითხს, რომლებიც აკნინებენ სომხეთის სამოციქულო წმინდა ეკლესიას“, - თქვა მან.
„ეს დიდ სარგებელს მოუტანდა ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს სახელმწიფოებრიობას“, - განუცხადა სიმონიანმა ჟურნალისტებს.
- სომხეთის ხელისუფლებას სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული გარეგინ მეორის წინააღმდეგ;
- კათალიკოსს ბრალი ედება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლაში - საქმე ფაშინიანის მხარდამჭერ ეპისკოპოსს უკავშირდება;
- სომხეთის სასამართლომ დაადგინა, რომ ეპისკოპოსი საროიანი, - რომელიც გარეგინ მეორემ განკვეთა - უნდა აღდგეს ეპარქიის ხელმძღვანელად; ეკლესია კი აცხადებს, რომ სასამართლოს არ აქვს ეს უფლება და მღვდლები მხოლოდ კანონიკურ წესებს ემორჩილებიან. გარეგინ II-მ 27 იანვარს მაინც მიიღო ეპისკოპოსის განკვეთის გადაწყვეტილება, რის შემდეგაც საქმე აღიძრა.
გარეგინ მეორეს ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვს - ამიტომაც ვერ შეძლო მან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლა.
კრიტიკოსები სომხეთის მმართველ გუნდს ადანაშაულებენ ეკლესიის საქმეების ჩარევასა და სეკულარიზმის პრინციპის დარღვევაში, ასევე, მართლმსაჯულების პოლიტიზებაში.
სომხეთში მოსახლეობის 95,2% - დაახლოებით 2,8 მილიონი ადამიანი - სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მიმდევარია.
„სამოქალაქო კონტრაქტის“ საარჩევნო პროგრამას, რომელიც 2026-31 წლებს ეხება, თან ერთვის ნიკოლ ფაშინიანის მიმართვა, რომელშიც ამბობს:
„წადით არჩევნებზე 7 ივნისს და აირჩიეთ მშვიდობა „სამოქალაქო კონტრაქტისთვის“ ხმის მიცემით“.
ფორუმი