Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სომხური სამოციქულო ეკლესიის პატრიარქის მიმართ და აუკრძალა მას ქვეყნის დატოვება

ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე, ერევანი, 28 იანვარი,2026 წელი
ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე, ერევანი, 28 იანვარი,2026 წელი

ავსტრიაში სომხური სამოციქულო ეკლესიის მღვდელმთავართა თავყრილობამდე ორი დღით ადრე სომხეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა კათოლიკოს გარეგინ მეორის წინააღმდეგ.

ამ ნაბიჯის ძალით ეკლესიის მამამთავარს აეკრძალა ქვეყნის დატოვება.
„პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ყოველთა სომეხთა
კათოლიკოსის წინააღმდეგ და გამომძიებელმა სცადა მისი უწმინდესობის დაკითხვა“, - თქვა ადვოკატმა არა ზოჰრაბიანმა.


ზოჰრაბიანმა განმარტა, რომ კათოლიკოსს ბრალი ედება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლაში.
ეკლესიის ექვს მაღალი რანგის სასულიერო პირს მსგავსი ბრალი რამდენიმე კვირის წინ წაუყენეს, რის გამოც მათ ავსტრიის კრებაზე დასწრება შეუძლებელი გახდა.


„ეს არის ეკლესიის შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევა. ეპისკოპოსთა კონფერენცია ავსტრიაში 16-დან 19 თებერვლამდე უნდა გამართულიყო და ამ ზომით, ასევე მისი უწმინდესობის პატრიარქისთვის დაწესებული სიფრთხილის ზომებით მოგზაურობის აკრძალვით, ის ხელს უშლის კონფერენციას“, - განაცხადა ადვოკატმა.


წინა დღეს სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა შემდეგი განაცხადა: „ეს ამბავი სომხეთიდან საკათალიკოსოს გაყვანას ეხება და მე ამას არ დავუშვებ. თუ დამატებითი ზომები იქნება საჭირო, ისინი მიღებული იქნება. ამ ადამიანების მიზანია სომხეთიდან საკათალიკოსოს გატანა ეჩმიაძინის საგანძურთან ერთად. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

  • ავსტრიის ქალაქ სანქტ პიოლტენში დაგეგმილ შეხვედრას 55 იერარქი უნდა დასწრებოდა სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
  • სომხურ ეკლესიასა და ავსტრიის კათოლიკურ ეკლესიას შორის ისტორიულად ძალიან მჭიდრო ურთიერთობებია. კარდინალი კრისტოფ შენბორნი წარსულში არაერთხელ მონაწილეობდა ეკუმენურ შეხვედრებში სომეხ წარმომადგენლებთან.
  • გარეგინ მეორე, - ყოველთა სომეხთა 132-ე კათოლიკოსი, რომელიც 1999 წლიდან უდგას ეჩმიაძინში სომხურ სამოციქულო ეკლესიას სათავეში - ნიკოლ ფაშინიანის მთავრობასთან დაპირისპირებულია;
  • უთანხმოება, რომელიც 2020 წლიდან დაიწყო, დროთა განმავლობაში გაღრმავდა და ახლა კიდევ უფრო გამწვავდა;
  • გარეგინ მეორე 2020 წლის დეკემბრის შემდეგ ითხოვს ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას; ეჩმიაძინმა გარეგინ მეორის
    ეს პოზიცია 2024 წლის ოქტომბერშიც დაადასტურა;
  • ფაშინიანის მთავრობა, თავის მხრივ, კათალიკოსს პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს და ამის გამო საყვედურობს;
  • გარეგინ მეორის წინამძღოლობით, სომხეთის სამოციქულო ეკლესია ეწინააღმდეგება ფაშინიანის მთავრობის არაერთ ინიციატივას, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებს, გერბიდან არარატის მთის გამოსახულების ამოშლას და ა.შ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG