სამივე მათგანი დააკავეს კვირას, 29 მარტს, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ ეკლესიაში ნიკოლ ფაშინიანს დაუპირისპირდნენ. დღეს დილას, 31 მარტს კი მათ ოფიციალურად წაუყენეს ბრალი.
რა მოხდა კვირას ტაძარში
ფაშინიანი კვირა დილას პირადი მცველებისა და თანაშემწეების თანხლებით მივიდა წმინდა ანას სახელობის ეკლესიაში, სადაც ბზობას აღნიშნავდნენ. ტაძარი მომლოცველებით იყო გადაჭედილი.
ფაშინიანმა მალევე დააპირა ტაძრიდან გამოსვლა, რა დროსაც პირადმა მცველებმა დაიწყეს გზის გახსნა - მოქალაქეების გაწევა.
ერთმა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც იქვე იდგა, უარი თქვა გაწევა, დაცვას უთხრა, ნუ მიბიძგებთო და განაცხადა, რომ ეკლესიის „შუაში დგომა“ უნდოდა.
„რას მიყურებ?!“ - მიმართა მან ნიკოლ ფაშინიანს. ფაშინიანმა გზა განაგრძო, რის შემდეგაც ახალგაზრდა კაცმა მისი თავის მისამართით ხელი მოიქნია. ფაშინიანს მოქნეული ხელის ასცდა.
ინციდენტის ამსახველ ვიდეოებში ჩანს, როგორ აგდებს მიწაზე ფაშინიანის მცველი მის თანმხლებ პირს.
ფაშინიანმა მცველებს ანიშნა, რომ რეაგირება არ ჰქონოდათ და გზა გაეგრძელებინათ. მათ ეკლესია სხვა მორწმუნეების გაბრაზებული შეძახილების ფონზე დატოვეს.
დააკავეს ორი მოსწავლე და ერთი აქტივისტი
საგამოძიებო სამსახურის განაცხადებით, აღნიშნული პიროვნება იყო დავით მინასიანი, - 18 წლის სკოლის მოსწავლე.
ის და მისი ტყუპისცალი, მიკაელ მინასიანი წირვის დასრულებისთანავე დააკავეს.
იქვე დააკავეს კიდევ ერთი მოქალაქე, ოპოზიციონერი აქტივისტი გევორგ გევორგიანი.
დაკავებას ტაძრის ეზოში ხმაური მოჰყვა.
ორშაბათს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ მინასიანების თანაკლასელებმა და მშობლებმა აქცია გამართეს.
ძმების ადვოკატმა ვარტუჰი ელბაკიანმა განაცხადა, რომ მათ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ.
„ბიჭები ყოველ კვირას დადიან წირვაზე. ისინი ძალიან მორწმუნეები არიან“, - თქვა მან.
ადვოკატის თქმითვე, ძმებს არაფერი აკავშირებთ მესამე დაკავებულთან, ოპოზიციის აქტივისტ გევორგიანთან.
ბრალი
მათ დღეს დილას, 31 მარტს ბრალი წაუყენეს:
- დავით მინასიანს - ხულიგნობისა და თანამდებობის პირის კანონიერი სამსახურებრივი ან პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის მუხლებით;
- მიკაელ მინასიანს - ხულიგნობის ხელშეწყობისა და თანამდებობის პირის კანონიერი სამსახურებრივი ან პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ხელშეწყობის მუხლებით;
- გევორგ გევორგიანს — ხულიგნობის ორგანიზებისა და თანამდებობის პირის კანონიერი სამსახურებრივი ან პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ორგანიზების მუხლებით.
მათ დღეს დილას წაუყენეს ბრალდებები.
ისინი ჯერ კვლავ პოლიციის განყოფილებაში არიან. სასამართლო არ გამართულა და აღკვეთის ღონისძიება არ განსაზღვრულა.
პოლიტიკური გამოხმაურებები
ფაშინიანის მომხრეებმა მომხდარი დაუკავშირეს სომეხთა კათალიკოს გარეგინ II-ს, - რომლის გადაყენებასაც ფაშინიანი თვეებია, ცდილობს.
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსმა, არაიკ ჰარუთიუნიანმა გარეგინ II ეკლესიის პოლიტიკურ „სექტად“ გადაქცევაში დაადანაშაულა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ ინციდენტი მათი აზრით, ფაშინიანის პროვოკაციული საქციელის შედეგი იყო.
ფაშინიანმა ბოლო რამდენიმე შაბათ-კვირა სომხეთის სხვადასხვა ნაწილში მოგზაურობასა და ქუჩაში ხალხთან საუბარში გაატარა.
7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული და იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად არ დაწყებულა, პოლიტიკოსებმა აქტივობები დაიწყეს.
ზოგიერთმა მოქალაქემ, რომელსაც ის ამ პერიოდში შეხვდა, ფაშინიანის პოლიტიკა გააკრიტიკა.
ტაძრის ინციდენტამდე ერთი კვირით ადრე, 22 მარტს მეტროში ფაშინიანი პოლიტიკურ საკითხზე სიტყვიერად დაუპირისპირდა ახალგაზრდა ქალს, რომელსაც „ყარაბაღიდან გამოქცეული“ უწოდა.
მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა.
ფორუმი