Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა პაპუაშვილის თქმით, აკვირდებიან, როგორ აშუქებს მედია სინოდის საქმიანობას

შალვა პაპუაშვილი სამების საკათედრო ტაძარში, ილია მეორის პანაშვიდზე.
შალვა პაპუაშვილი სამების საკათედრო ტაძარში, ილია მეორის პანაშვიდზე.

სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ აკვირდებიან, როგორ აშუქებს რამდენიმე მედიასაშუალება საპატრიარქოს ამბებს და ამას „გარე ჩარევების მცდელობად“ აფასებს. პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს მან ამ კონტექსტში დაასახელა რადიო თავისუფლება, „ტაბულა“, „ნეტგაზეთი“ და „პუბლიკა“.

„უცხოური დაფინანსების მქონე პარტიული პროპაგანდისტული ჯგუფები, „რადიო თავისუფლება“, „ტაბულა“, პირდაპირ ერევა სინოდის საქმიანობაში, პირდაპირ დაწყებული აქვთ კამპანია კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ, დაწყებული „რადიო თავისუფლებას“ და „ტაბულას“ და სხვა ონლაინგამოცემებს: „პუბლიკას“, „ნეტგაზეთსა“ და ა.შ. აქვთ პირდაპირი საარჩევნო კამპანია სხვადასხვა სასულიერო პირის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ... დეტალურად ვაკვირდებით ამ ყველაფერს და გვექნება რეაგირება“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მას არ უთქვამს, კონკრეტულად რა ტიპის რეაგირება ექნებათ.

პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ რადიო თავისუფლება და პაპუაშვილის მიერ დასახელებული მედიასაშუალებები აშუქებენ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს.

საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს კლინიკაში გარდაიცვალა. ის 22 მარტს დაკრძალეს.

სწორედ მისი გარდაცვალების შემდეგ განიხილება მომავალი პატრიარქის არჩევის წესი და კანდიდატები.

როგორ აირჩევა ახალი პატრიარქი?

გადაწყვეტილებას ახალი პატრიარქის შესახებ იღებს წმინდა სინოდი, - რომელიც არჩევს სამ კანდიდატს, - და საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზედაც უნდა აირჩიონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

  • გაფართოებულ კრებას იწვევს მოსაყდრე - საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა;
  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს;
  • ხმის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს აქვთ;
  • ამჟამად სინოდში 39 მღვდელმთავარია.

რუსეთის დაზვერვა პატრიარქის არჩევაზე

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური (ესვეერი/СВР), „უწყებაში შესულ ინფორმაციაზე დაყრდნობით“ აცხადებს, რომ მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის არჩევის საკითხში ჩარევას“ ცდილობს.

СВР-ის დასახელებული, ბართლომეოსის მიერ „მხარდაჭერილი“ ერთი „კანდიდატი“ 77 წლისაა, მეორე კი ივლისში ხდება 70 წლის, - 1995 წლის დოკუმენტით კი პატრიარქი 40-დან 70 წლამდე ასაკის მღვდელმთავარი უნდა იყოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება სწორად არ მიაჩნიათ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG