საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, სხდომის მიზანია „იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით“.
მათ შორის, საუბარია სინოდის მომდევნო სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალების, კრების გამართვის ადგილის, დელეგატების მოწვევის პროცედურისა და სხვა აუცილებელი საკითხების განხილვაზე.
სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე არ განიხილება პატრიარქობის კანდიდატების ვინაობები, თუმცა სინოდის წევრები იმსჯელებენ იმ კრიტერიუმებზე, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპატრიარქოს კანდიდატი. მათ შორის, სავარაუდოდ, საუბარია ასაკსა და განათლებაზე:
„დღევანდელი სხდომა არ არის გათვალისწინებული იმისათვის, რომ გამოირჩეს შემდგომი სამი კანდიდატი. დღევანდელი სინოდის სხდომა დაეთმობა იმ პროცესუალური საკითხების მოწესრიგებას, რომელიც საჭიროა იმ დიდი სამუშაოსათვის, რომელიც შემდგომში გვევალება. სამი კანდიდატის გამოცხადება სინოდზე მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან, მაგრამ ეს იქნება შემდეგი სინოდი. ის იქნება წინმსწრები გაფართოებული კრებისა“.
დებულების თანახმად, გაფართოებული კრება, რომელზეც სინოდის წევრებმა პატრიარქი უნდა აირჩიონ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღიდან ორი თვის შუალედში უნდა ჩატარდეს:
„რაც შეეხება საკითხებს, რომლებზეც შეიძლება სხვადასხვა აზრი არსებობდეს, დასაზუსტებლად, გეტყვით ერთ რამეს, რომ ყველა მღვდელთმთავარი უდიდესი პატივისცემით ეპყრობოდა და დიდი სიყვარული აკავშირებს კათოლიკოს-პატრიარქთან და მის დატოვებულ ერთობას დიდი პასუხისმგებლობით გაუფრთხილდება, ასეთია საერთო განწყობა და უნდა ველოდოთ იმას, რომ ყველა თემა, რომელზეც შეჯერება იქნება საჭირო, სწორედ ამ ერთობის და პასუხისმგებლობის გრძნობით იქნება შეჯერებული“, - თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას ანდრია ჯაღმაიძემ.
სინოდის სხდომაზე შესვლამდე, პატრიარქობის კანდიდატების ასაკსა და განათლებაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონ იარაჯულმა.
„თუ ამაზე იქნება მსჯელობა, რა თქმა უნდა, მე მაქვს ჩემი პოზიცია, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ზედა ზღვარს არ ადგენს კანონიკური სამართალი, ამიტომ კანონიკურად 35 წლის ზევით ვერავის ვერ მოხსნი კანდიდატობიდან ასაკის გამო.
მაგრამ ჩვენს დებულებაში ნაჩვენებია, რომ 70 წლამდე არის ეს ზღვარი დადგენილი და რამდენადაც ეს არ წარმოადგენს იმპერატიულ კატეგორიას, ამდენად იგი ექვემდებარება ზოგადად ცვლილებას.
მაგრამ შეიძლება ცვლილებაც უცილებელი არ არის. თუ უმრავლესობა გამონაკლისის სახით მიიჩნევს, რომ ეს პიროვნება, რომელიც 79 წელს არის გადაცილებული იყოს კანდიდატი, მაშინ ცვლილებაც არ იქნება საჭირო.
განათლება აუცილებელია, მაგრამ თუ კანდიდატი იმდენად მისაღებია და იმდენად აკმაყოფილებს ამ იდეას, იქ რა თქმა უნდა, გამონაკლისი არსებობს... უმრავლესობა თუ ასე მიიჩნევს, რომ ეს მღვდელმთავარი აკადემიურ განათლებას თვითნასწავლობით აღემატება“...
პატრიარქის არჩევის წესს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება აწესრიგებს. ამ დოკუმენტის მიხედვით, მკაფიოდ არის განსაზღვრული წესები, რომლითაც ახალი ეპისკოპოსი ირჩევა.
პატრიარქობის კანდიდატი უნდა იყოს არანაკლებ 40 და არაუმეტეს 70 წლისა - ამ კრიტერიუმს სინოდის 39-დან 30 წევრი აკმაყოფილებს.
პატრიარქობისთვის აუცილებელია საღვთისმეტყველო განათლება. ასეთია 30 წევრი - მათ რუსეთსა და საქართველოში სასულიერო სემინარიებსა და აკადემიაში აქვთ განათლება მიღებული. მოქმედი ეპისკოპოსებიდან მხოლოდ სამს, მელქისედეკ ხაჩიძეს, საბა ინწკირველს და ზენონ იარაჯულს აქვს ევროპაში განათლება მიღებული. მათ აქვთ საბერძნეთში, სერბეთსა და იტალიაში სწავლის გამოცდილება.
გამორჩეული მღვდელმსახურების გამოსაკვეთად შეიძლება გამოდგეს მათთვის პატრიარქის მინიჭებული უმაღლესი ჯილდო, სკუფიაზე [მღვდელმსახურის თავსაბურავი] ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება. მიუხედავად იმისა, რომ თეოლოგების განმარტებით, ეს ჯილდო არც დამატებით უფლებამოსილებას და არც დამატებით მოვალეობებს არ ანიჭებს მღვდელმთავარს, ის, ვისაც პატრიარქისგან ეს ჯილდო აქვს მიღებული, მაინც მიიჩნევა სხვა მღვდელმთავრებზე უპირატესად. მოქმედი ეპისკოპოსებიდან ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოებულია სულ ოთხი:
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი;
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი;
ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტი ისაია;
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო.
ამ ოთხიდან წინა ორ კრიტერიუმს სრულად მხოლოდ შიო აკმაყოფილებს, - მეუფე ისაიას არ აქვს სასულიერო განათლება, აბრაამი 78 წლისაა, დანიელი 70-ის.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, - 2026 წლის 17 მარტს, ჰოსპიტალიზაციის მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1977 წელს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ, ის თითქმის ნახევარი საუკუნე უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
ილია მეორე თბილისში, სიონის ტაძარში, 22 მარტს დაკრძალეს.
ფორუმი