Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

39 ეპისკოპოსი სინოდიდან - ვის აქვს პატრიარქობის შანსი და ამბიცია?

ილუსტრაცია გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ რეალური ფოტოების გამოყენებით
ილუსტრაცია გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ რეალური ფოტოების გამოყენებით

ილია მეორის გარდაცვალებიდან ორ თვეში საქართველოს ახალი პატრიარქი უნდა ჰყავდეს - ეკლესიის საჭეთმპყრობელს წმინდა სინოდი ირჩევს, მღვდელმთავართა ერთობა, რომელიც დღეს 39 ეპისკოპოსს აერთიანებს. მომავალი კათოლიკოსი ერთ-ერთი მათგანი იქნება. 

ჯერჯერობით, ყველაზე გამოკვეთილი კანდიდატია შიო მუჯირი, ილია მეორის სიცოცხლეშივე მისი მოსაყდრე. არჩევნებზე მას ორი კონკურენტი ეყოლება. ახალი პატრიარქი სამი კანდიდატურიდან ირჩევა. გამარჯვებისთვის საჭიროა მინიმუმ 20 ხმა.

"ყველამ უნდა მოხსნას კანდიდატურა [შიოს სასარგებლოდ]... [ვინც] არ მოხსნის, აი, ისინი არიან მოღალატეები", - თქვა 24 მარტს მომღერალმა და “ოცნების” პროპაგანდის გამტარმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) ახალი პატრიარქის არჩევაზე საუბრისას.

ილია მეორის გარდაცვალების მეორე დღესვე, მეუფე ზენონმა ხელისუფლებას მიმართა და სთხოვა, რომ არც პირდაპირ და არც ირიბად, არ ჩაერიოს პატრიარქის არჩევის პროცესში. “ეს არის ფუნდამენტური, მნიშვნელოვანი პრინციპი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ დამოუკიდებლად ავირჩიოთ ეკლესიის საჭეთმპყრობელი ისე, როგორც ამას კანონიკური სამართალი ითვალისწინებს”, - თქვა მან 18 მარტს.

25 მარტს კი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს მოუწოდა, “შეეშვან პატრიარქის არჩევნებს”, რადგან ეს “უხერხულია.”

“საფლავზე არ გამხმარა ჯერ ვარდი… ადამიანებს არ აცდით გლოვას", - ასე უპასუხა ჯაღმაიძემ ჟურნალისტის კითხვას მოხსნა თუ არა ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა კანდიდატურა შიო მუჯირის სასარგებლოდ.

ამ სტატიაში სინოდის წევრების ბიოგრაფიის ანალიზით ვცდილობთ გამოვკვეთოთ, ვინ შეიძლება იბრძოლოს პატრიარქობისთვის.


სანამ შანსებზე გადავალთ, რამდენიმე ფაქტი სინოდის ბუნების გასაგებად:

  • დღეს მოქმედი ეპისკოპოსებიდან მღვდელმთავრობის ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილება ანანია ჯაფარიძეს აქვს, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტს - ის ეპისკოპოსად 1981 წელს აკურთხა ილია მეორემ, ბერად აღკვეციდან სამ წელიწადში. ანანია ჯაფარიძე გამოირჩევა სამეცნიერო საქმიანობითაც - გარდა იმისა, რომ ის არის რამდენიმე წიგნის ავტორი, მის სახელთან არის დაკავშირებული ტექნიკურ უნივერსიტეტში თეოლოგიის კათედრის შექმნა. ანანია ჯაფარიძე ერთადერთი ეპისკოპოსია სინოდში, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს ღირსების ორდენით ჰყავს დაჯილდოებული.
  • მღვდელმთავრებიდან ყველაზე ახალგაზრდა 44 წლის სვიმეონ ცაკაშვილია, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი. როცა მას ახლად შექმნილი ეპარქია ჩაბარდა, 31 წლის იყო.
  • 39-დან 22 ეპისკოპოსი ილია მეორეს წმინდა გიორგის ორდენით ჰყავს დაჯილდოებული.
  • ეპისკოპოსებიდან ორს, შიო მუჯირსა და ანტონ ბულუხიას მუსიკალური განათლება აქვს.
  • სამი, დანიელ დათუაშვილი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი და ისაია ჭანტურია თეატრალურ ინსტიტუტში სწავლობდნენ.
  • სამხატვრო აკადემია აქვთ დამთავრებული იოსებ კიკვაძეს, ექვთიმე ლეჟავას და ისაია ჭანტურიას.
  • 7 მღვდელმთავრის განათლების შესახებ ცნობები საპატრიარქოს საერთოდ არ აქვს, 14 ეპისკოპოსს კი სასულიერო განათლება არ აქვს.
  • 9 ეპისკოპოსს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, ორს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამს პედაგოგიური ინსტიტუტი.
  • 39-დან სამ ეპისკოპოსს იგივე სასწავლებელი აქვს დამთავრებული, რაც ილია მეორეს ჰქონდა - ზაგორსკის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულები არიან დანიელ დათუაშვილი, შიო მუჯირი და დიმიტრი შიოლაშვილი, ილია მეორის ძმისშვილი და ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი.
  • სინოდის წევრია სამხედრო განათლების მქონე მღვდელმთავარიც - ანდრია გვაზავა. ის ხარკოვის საავიაციო-საინჟინრო სამხედრო ინსტიტუტში სწავლობდა.
  • 39-დან ერთი ეპისკოპოსი საბჭოთა კავშირის დაშლამდე როკ-ბენდში უკრავდა - მამუკა გაბრიჭიძე, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი როკ-ჯგუფ “მემენტო მორიში“ ბასგიტარისტი იყო. ეს ჯგუფი შეიძლება მელომანებს ახსოვდეთ 1990 წელს დინამოს სტადიონზე გამართული კონცერტიდან, სადაც დაუკრეს კომპოზიციები: “მშრომელი ხალხი”, მემენტო მორი” და “სადღაც შორს.”
  • ეპისკოპოსებიდან 8 საბჭოთა არმიის რიგებში მსახურობდა - მათგან ერთი, იეგუდიელ ტაბატაძე გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში [1982-1984 წლებში]
  • იეგუდიელ ტაბატაძე სამაჩაბლოს სამშვიდობო ოპერაციაშიც მონაწილეობდა. კიდევ ერთი ეპისკოპოსი, ვახტანგ ლიპარტელიანი კი, ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, აფხაზეთში იბრძოდა.
  • ეკლესიაში მისვლამდე ეპისკოპოსების ნაწილი საბჭოთა საწარმოებში მუშაობდნენ: ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი ადიგენში რადიო ქარხნის ინჟინერ-გამომთვლელი იყო, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონ ქიტიაშვილი ქუთაისის ქარხანა “ავანგარდის” საამქროს ოსტატი, ხაშურის მინის ტარის ქარხნის საამქროს უფროსი და საგალანტერეო ფაბრიკის გამოთვლითი ცენტრის ხელმძღვანელი.
  • ბერად აღკვეციდან ეპისკოპოსობამდე გზა ყველაზე სწრაფად გაიარა სამმა მღვდელმთავარმა, გიორგი შალამბერიძემ (ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი) 1988 წელს, ვახტანგ ახვლედიანმა (ცურტაველი მიტროპოლიტი) 1982 წელს და სპირიდონ აბულაძემ (სხალთელი მთავარეპისკოპოსი) 2006 წელს. ისინი ბერად აღკვეციდან მეორე დღესვე აკურთხეს ეპისკოპოსებად.
  • 3 დღე დასჭირდა ბერად აღკვეციდან ეპისკოპოსად კურთხევამდე გრიგოლ ბერბიჭაშვილს, 6 ნიკოლოზ ფაჩუაშვილს, 7 ისაია ჭანტურიას.
  • ხანგრძლივი გზა ბერობიდან ეპისკოპოსობამდე გაიარა შიო მუჯირმა და ეფრემ გამრეკელმა - ისინი ბერად აღკვეციდან 10- 0 წლის შემდეგ აკურთხეს ეპისკოპოსად.
  • ეპისკოპოსად ბოლოს სასულიერო პირი 2015 წელს აკურთხეს და ეს იყო ვახტანგ ლიპარტელიანი, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი. კურთხევიდან რამდენიმე წელიწადში ვახტანგ ლიპარტელიანი რუსეთიდან ქართველი მეფეების ნეშტების გადმოსვენების პროცესში ჩაერთვება, თუმცა ბოლომდე ვერ მიიყვანს. 2019 წელს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეაჩერებს ამ იდეის განხორციელებას და ქართველი მეფეების ნეშტი ასტრახანში დარჩება.
  • სინოდის წევრების ნაწილი სხვადასხვა დროს მძიმე ბრალდებების სამიზნეც გამხდარან - სპირიდონ აბულაშვილს ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები ბავშვები ძალადობაში ადანაშაულებდნენ, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის მხრიდან არაერთი ქალი სექსუალური ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევს თავს, სტეფანე კალაიჯიშვილს კი ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმსახურები უჩიოდნენ უსამართლოდ ჩაგვრას, რაც მონასტრებიდან გამოშვებასა და მსახურების აკრძალვაში გამოიხატებოდა.


ახლა კი, როგორ ირჩევა პატრიარქი:

პატრიარქის არჩევის წესს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება აწესრიგებს. ამ დოკუმენტის მიხედვით, მკაფიოდ არის განსაზღვრული წესები, რომლითაც ახალი ეპისკოპოსი ირჩევა.

  • პატრიარქობის კანდიდატი უნდა იყოს არანაკლებ 40 და არაუმეტეს 70 წლისა - ამ კრიტერიუმს სინოდის 39-დან 30 წევრი აკმაყოფილებს.
  • პატრიარქობისთვის აუცილებელია საღვთისმეტყველო განათლება. ასეთია 30 წევრი - მათ რუსეთსა და საქართველოში სასულიერო სემინარიებსა და აკადემიაში აქვთ განათლება მიღებული. მოქმედი ეპისკოპოსებიდან მხოლოდ სამს, მელქისედეკ ხაჩიძეს, საბა ინწკირველს და ზენონ იარაჯულს აქვს ევროპაში განათლება მიღებული. მათ აქვთ საბერძნეთში, სერბეთსა და იტალიაში სწავლის გამოცდილება.
  • გამორჩეული მღვდელმსახურების გამოსაკვეთად შეიძლება გამოდგეს მათთვის პატრიარქის მინიჭებული უმაღლესი ჯილდო, სკუფიაზე [მღვდელმსახურის თავსაბურავი] ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება. მიუხედავად იმისა, რომ თეოლოგების განმარტებით, ეს ჯილდო არც დამატებით უფლებამოსილებას და არც დამატებით მოვალეობებს არ ანიჭებს მღვდელმთავარს, ის, ვისაც პატრიარქისგან ეს ჯილდო აქვს მიღებული, მაინც მიიჩნევა სხვა მღვდელმთავრებზე უპირატესად. მოქმედი ეპისკოპოსებიდან ბრილიანტის ჯვრით დაჯილდოებულია სულ ოთხი.
    • ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი;
    • დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი;
    • ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტი ისაია;
    • სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო.

ამ ოთხიდან წინა ორ კრიტერიუმს სრულად მხოლოდ შიო აკმაყოფილებს, - მეუფე ისაიას არ აქვს სასულიერო განათლება, აბრაამი 78 წლისაა, დანიელი 70-ის.

  • სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, მათ შორის საპატრიარქოსთან დაახლოებულთა თქმით, ამ მომენტისთვის, პატრიარქობით დაინტერესებულები არიან გრიგოლ ბერბიჭაშვილი და იობ აქიაშვილი - ასაკობრივ და განათლების მოთხოვნებს ორივე მათგანი აკმაყოფილებს.
  • იობ აქიაშვილის პოზიციებს შეიძლება ამყარებდეს სინოდის იმ წევრთა სიმრავლე, ვინც მასთან დაიწყო მღვდელმსახურება და ახლა უკვე ეპისკოპოსია - სინოდში ასეთი ყველაზე ცოტა, ხუთი მღვდელმთავარია: გერასიმე შარაშენიძე, დავით ტიკარაძე, ილარიონ აქიაშვილი, ეფრემ გამრეკელი და სვიმეონ ცაკაშვილი.
  • კიდევ ერთი კანდიდატი, ვისაც შეიძლება პატრიარქობა სურდეს, ანდრია გვაზავაა. გვაზავას ბოლო პერიოდამდე არ ჰქონდა სასულიერო განათლება, თუმცა 2023 წელს რუსეთის სვიატო-ტიხონოვსკის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია "ვაჰანის ქვაბების" შესახებ.


გარდა ოფიციალური და წინასწარ გაწერილი წესებისა, არსებობს დაუწერელი, მაგრამ ეფექტიანი წესებიც - ეუბნებიან რადიო თავისუფლებას თეოლოგები და საეკლესიო პოლიტიკით დაინტერესებული ისტორიკოსები. ამ წესებში პირველ რიგში იგულისხმება ის, რომ პატრიარქი საქართველოს ხელისუფლებისთვისაც უნდა იყოს სასურველი და რუსეთის ეკლესიისათვისაც, რომელიც კრემლის პოლიტიკის გამტარი და გამავრცელებელია.

გარე დამკვირვებლის შეფასებით შიო მუჯირი ერთდროულად არის როგორც ხელისუფლებისთვის მისაღები კანდიდატი, რომელიც “ოცნების” მთავრობასთან იდეურ ჰარმონიაშია, ასევე თავის დროზე რუსეთისთვის მისაღები კანდიდატი - ის მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ყოფილი წინამძღვარი და მოსკოვის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტის ყოფილი სტუდენტია.

2021 წელს, სავარაუდოდ, სუსიდან გამოჟონილი ფაილების მიხედვით, რომლებსაც სასულიერო პირების საქმიანი და პირადი ცხოვრების დეტალები გამოჰქონდა სააშკარაოზე, შიო მუჯირის სამონასტრო ცხოვრების შესახებ წიგნს წერს ტიხონის უნივერსიტეტის ლექტორი, ინესა მელნიკოვა, რომელიც მასთან ყოველ წელს ჩამოდის სტუმრად საქართველოში. ინესა მელნიკოვა ტიხონის უნივერსიტეტის რუსეთის ეკლესიის ისტორიის კათედრაზე, რუსული ეკლესიის ისტორიის და კანონიკური სამართლის კათედრის უფროსი ლექტორია. საქართველოსადმი მის ინტერესს ადასტურებს თითქმის ყოველწლიური მონაწილეობა კონფერენციებში, რომლებიც საქართველოსა და რუსეთის სულიერ და კულტურულ კავშირებს ეძღვნება და ტრადიციულად მოსკოვში იმართება.

რუსეთთან სიახლოვეს ოფიციალური ბიოგრაფიების მიხედვით, აჩვენებენ სხვა ეპისკოპოსებიც:

  • გერასიმე შარაშენიძე - ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროკავშირგაბმულობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 1980-1992 წლებში “სპეციალობის მიხედვით მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე თბილისსა და მოსკოვში. 1992-1997 წლებში გერასიმე შარაშანიძე სტიქაროსნად მსახურობდა მოსკოვის აღდგომის, შემდეგ კი წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში.
  • ანანია ჯაფარიძე - 2005 წლიდან ის არის რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი.
  • გიორგი შალამბერიძე - სწავლობდა პეტერბურგის, მაშინდელი ლენინგრადის სასულიერო სემინარიაში.
  • დანიელ დათუაშვილი - 1978-79 წლებში გადიოდა სტაჟირებას მოსკოვის კინოს თეორიისა და ისტორიის ინსტიტუტში. 1981 წელს წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. II კურსიდან მან სწავლა გააგრძელა ქ. ზაგორსკის სემინარიაში დაუსწრებლად
  • თეოდორე ჭუაძე - 1986-1988 წლებში იგი მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 2009 წლის თებერვალში იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რუსეთის ახალი პატრიარქის, კირილის კურთხევასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში.
  • ანტონ ბულუხია - 1974-1976 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1976-1982 წლებში კი ცხოვრობდა მოსკოვში, სწავლობდა მიწათმოქმედების ინსტიტუტში.
  • ანდრია გვაზავა - გორისა და ატენის მიტროპოლიტმა 2023 წელს რუსეთის უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია - სვიატო-ტიხონოვსკის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში მისი სამეცნიერო ხელმძღვანელები იყვნენ ზოგადი და რუსული ეკლესიის ისტორიისა და კანონიკური სამართლის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი მღვდელი ალექსანდრე შჩელკაჩოვი და თეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი პეტრ იურიევიჩ მალკოვი. ამასთან, საკონსულტაციო დახმარებას უწევდნენ სასულიერო ფაკულტეტის მასწავლებლები, ია ევგენიევნა მელნიკოვა და ნატალია გენადიევნა გოლოვნინა.
  • ნიკოლოზ ფაჩუაშვილი - 1981-1985 წლებში იგი სწავლობდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის სისტემატურად მართავს ვიზიტებს რუსეთში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შემდეგაც, მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებსა და შეხვედრებში.


კიდევ ერთი წყარო იმის დასადგენად, ვის სურს ან სურდა პატრიარქობა, 2021 წელს სავარაუდოდ სუსიდან გაჟონილი ფაილებია. ამ დოკუმენტების მიხედვით, ერთი მხრივ, იკვეთება შიო მუჯირის პერსონა, როგორც “სუსტი და ბრძოლისუუნარო პიროვნების, რომელსაც არ გააჩნია პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა” (პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის დახასიათება ), ასევე ხელმძღვანელის, რომელმაც მოსაყდრეობის დროს მხარდამჭერსა და მადლიერზე მეტი, განაწყენებული და მისით იმედგაცრუებული ხალხი შეიძინა. “შიო კამერული ადამიანია და დიდ ამბებში არ ერევა, თუ ჩაერევა, გააგდებენ”, - ასე ახასიათებს მას ერთ-ერთი მონაზონი მეგობართან საუბრისას.

სუსის კრებსებში იძებნება 2015 წლით დათარიღებული ფაილი, სადაც არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი მონაზონ ბარბარე ივანაშვილს უყვება ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახში სტუმრობის ამბავს, სადაც განიხილებოდა მომავალი პატრიარქის კანდიდატურები.

“ფირცხალაშვილმა დაასახელა მიტროპოლიტები იობი აქიაშვილი, დანიელ დათუაშვილი, დიმიტრი შიოლაშვილი და აბრაამ გარმელია. ფირცხალაშვილი აღნიშნავს, რომ ხსენებული მიტროპოლიტებიდან ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინე ტიკარაძემ დადებითად დაახასიათა აბრაამ გარმელია, რომელიც მოიხსენიეს განათლებულ და რეფორმატორ პიროვნებად. უარყოფითად შეაფასეს იობი აქიაშვილი.

ბართლომე ფირცხალაშვილის სიტყვებით, მისი და ბიძინა ივანიშვილის საუბარი შეეხო ქორეპისკოპოს იაკობსაც - ამ უკანასკნელს ბიძინა ივანიშვილი იხსენიებს “ფოსტალიონად” მთავრობასა და საპატრიარქოს შორის, რომელსაც სერიოზულად არავინ განიხილავს”, - წერია ამ დოკუმენტში.

კიდევ ერთი დოკუმენტი, სადაც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული არქიმანდრიტი მსჯელობს მომავალ პატრიარქზე, უკვე ანდრია გვაზავას ეხება. აქ საუბარია იმაზე, რომ “გვაზავამ ზურგი შეაქცია დანიელ დათუაშვილს, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს გვაზავას მომავალ გეგმებს, გახდეს საქართველოს პატრიარქი”. ეს დოკუმენტი 2014 წლითაა დათარიღებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG