Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსთან დაკავშირებული რა საკითხები გაშუქდა გასულ კვირაში რუსეთის ელექტრონული გაზეთების


გიორგი კაკაბაძე, თბილისი საქართველოსთან დაკავშირებული რა საკითხები გაშუქდა გასულ კვირაში რუსეთის ელექტრონული გაზეთების მიერ?


სააგენტო "ინტერფაქსის" 5 იანვრის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა განაცხადა, რომ უკანასკნელ ათწლეულში საქართველოსათვის პირველხარისხოვან ამოცანად იქცა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან გრძელვადიანი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარება.
სააგენტო იმოწმებს ირაკლი მენაღარიშვილის ინტერვიუს, რომელიც ბრიუსელის "ნატო რივიუ"-ში გამოქვეყნდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით: "საქართველოს ურთიერთობამ ნატოსთან უკვე გამოიღო კარგი ნაყოფი, განვლილ პერიოდში ჩვენ მოვახერხეთ ნატოსთან დაახლოება პოლიტიკური თვალსაზრისით და მივუერთდით ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს."

ინტერვიუში ირაკლი მენაღარიშვილმა აგრეთვე განაცხადა, რომ თბილისი აფართოებს თავის მონაწილეობას ნატოს პროგრამაში "პარტნიორობა მშვიდობისათვის" როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი თვალსაზრისით და ბოლო დროს ყოველწლიურად მონაწილეობს 100-ზე მეტ ღონისძიებაში პროგრამის "პარტნიორობა მშვიდობისათვის" ჩარჩოებში.

ამ ინფორმაციას თან ახლავს რუსეთის ინტერნეტგაზეთის "სმი"-ს კომენტარი, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მისწრაფება დაუახლოვდეს ნატოს, თავისთავად ახალი არ არის, მაგრამ ბოლო დროს კავკასიაში ძალთა განლაგება რუსეთის სასარგებლოდ იცვლება. გაზეთის თქმით, ამას მოწმობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის რიჩარდ ბაუჩერის 4 იანვრის განცხადება. ბაუჩერმა, კერძოდ, თქვა, რომ ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის არ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ჩეჩნეთში სიტუაციასთან დაკავშირებით.

ინტერნეტგაზეთი "სმი" წერს, რომ ადრე საქართველო იყენებდა ჩეჩენი სეპარატისტების მხარდაჭერას რუსეთზე გავლენის განხორციელებისათვის, რათა მოსკოვს უარი ეთქვა აფხაზეთისათვის მხარდაჭერაზე. ამჟამად კი, როცა ამერიკის შეერთებული შტატები სულ უფრო იშვიათად აკრიტიკებს რუსეთს ჩეჩნეთში მოქმედებებისათვის და, პირიქით, მისდამი მხარდაჭერასაც ავლენს - საქართველოს მიერ სეპარატისტებისათვის გაწეული დახმარება აღარ წარმოადგენს ზეწოლის ეფექტიან საშუალებას და შეიძლება ზიანიც მიაყენოს თბილისს. ამიტომ საქართველო ესწრაფვის ნატოსთან უფრო მჭიდრო კავშირს, იმედოვნებს რა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას-დაასკვნის ინტერნეტ გაზეთი "სმი".

5 იანვრის ინტერნეტგაზეთი "ვესტი" მიიჩნევს, რომ ჯავახეთის ფაქტორმა შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას საქართველოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის რეალიზაციასთან დაკავშირებით. ავტორს, კონსტანტინ კაზენინს მხედველობაში აქვს ნავთობსადენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი. წერილის მიხედვით, თუ საქართველოს ხელისუფლება დაიწყებს მაჰმადიანი მესხების დაბრუნებას იმ მიწებზე, რომლებსაც, ავტორის თქმით, ჯავახეთის სომხური სათვისტომო აკონტროლებს, მაშინ საქართველოს ამ რაიონში აუცილებლად მოხდება არეულობა. ეს კი მომავალში აუცილებლად პრობლემებს შეუქმნის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოებას.

6 იანვრის ინტერნეტგაზეთი "ვესტი" კი იტყობინება, რომ აზერბაიჯანში დასრულდა დაქირავებული ვაჰაბიტების სასამართლო პროცესი. ექსტრემისტები წვრთნას გადიოდნენ საქართველოში და შემდეგ ჩეჩნეთში იბრძოდნენ რუსეთის ფედერალური ჯარების წინააღმდეგ.

"ვესტი" წერს, რომ 12-კაციანი ბანდის მეთაურმა კიანან შაბანოვმა უმაღლესი განათლება ეგვიპტეში მიღო, ხოლო 2000 წლის ზაფხულში მუშაობა დაიწყო აზერბაიჯანში ჩეჩნეთის რესპუბლიკის კულტურულ ცენტრში. იმავე წლის აგვისტოში იგი რამდენიმე არაბთან ერთად პანკისის ხეობაში გაემგზავრა. ამის მერე შაბანოვი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩეჩნეთში იბრძოდა, შემდეგ პროფესიონალი დამქირავებელი გახდა და აზერბაიჯანში დაბრუნდა.

2000 წლის მიწურულს შაბანოვმა რამდენიმე თავისი მომხრე ბაქოდან თბილისს გაამგზავრა. მეორე დღეს მთელი ეს ჯგუფი დააკავა საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა. მოგვიანებით შაბანოვი უფრო წარმატებულად ახერხებდა თანამზრახველების გაგზავნას პანკისის ხეობაში, მაგრამ 2001 წლის 26 აპრილს იგი დააპატიმრეს აზერბაიჯანის უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა.
XS
SM
MD
LG